სად შევიძინოთ ხარისხიანი ქართული სუვენირები


გააზიარე სტატია

ადამიანთა უმრავლესობა მოგზაურობისას სამახსოვროდ ყიდულობს რაიმე პატარა ნივთს – სუვენირს, რომელიც შესაძლოა იმ ქვეყნის ან ქალაქის სიმბოლოდაც კი აღიქმება. მაგალითად, ვენეციის სიმბოლო – ნიღაბია, პარიზის – ეიფელის კოშკი, აფრიკის ქვეყნებში მოგზაური კი ალბათ – ხისგან გამოთლილ რაიმე ნაკეთობას შეიძენს.

საქართველოში ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან სუვენირების ნიშა ე.წ სოლანსა და მის მსგავსს, მცირე ზომის მაღაზიებს აქვთ დაპყრობილი და მათ დღესაც მრავლად შეხვდებით დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებსა თუ ტურისტულ ადგილებში. ამ მაღაზიებში ძირითადად სულ ერთი და იგივე, არცთუ ხარისხიანი „ქართული სიმბოლიკაა“ წარმოდგენილი: უშნო თოჯინები, იმიტირებული ქართული ნაციონალური სამოსის დეტალები, სხვადასხვა ზომის ყანწები, ხანჯლის ფორმის კალმისტრები, სტიკერები ძველი თბილისის ხედების გამოსახულებით (კიტჩის აპოთეოზი) და სხვა მრავალი.

იმის მიუხედავად, რომ “სოლანებს” ალბათ ყოველთვის ეყოლება თავისი კლიენტი, უცხოელი სტუმრების ნაკადის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ “განსხვავებული” გემოვნების ტურისტებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ალტერნატიული სუვენირების მაღაზიების გახსნა გახდა საჭირო. ხოლო სადაც ჩნდება მოთხოვნა, იქ შედეგიც არ აყოვნებს.

გაგაცნობთ სუვენირების მაღაზიებსა და ცალკეულ ადამიანებს, რომლებიც ახერხებენ ჩვენი თანამედროვეობის შესაბამისი სუვენირების შექმნას.

mazerART

დაგვებადა იდეა, რომ ქართული ნაციონალური სიმბოლიკისგან საინტერესო სუვენირები შეგვექმნა – ორნამენტები, არქიტექტურული დეტალები, ბარელიეფები, ქართველ მხატვართა ნამუშევრები, ღვინო, ნაციონალური ცეკვა, ანბანი… ეს ქართული ნაციონალური სიმდიდრეები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ ისინი საინტერესო და თანამედროვე კუთხით წარმოჩინდეს.
https://www.instagram.com/mazerart.tbilisi/

antishpot by GAMEZ

ანტიშფოთი არის იდეა, რომელიც გულისხმობს ემოციის თუ იდეის გამოხატვის მრავალ მიმართულებას. პროდუქციის ძირითად ნაწილს შეადგენს ტანსაცმელი – ქუდი, მაისური, ტრუსი, წინდა, ამზიდი, ასევე, აქსესუარები: სტიკერი, ბროში, ფოსთქარდი, პოსტერი, ჩანთა, საფულე და ა.შ. ასევე, გვაქვს საკუთარი ბრენდის, CUTEKUTU-ის უმაღლესი სტანდარტის პრეზერვატივი, რომელიც ერთნაირად „სახალისოდ” შეიძლება გამოიყენო როგორც სუვენირად, ასევე პრაქტიკული დანიშნულებით. ჩვენი მაღაზია ღამის 11 საათამდე მუშაობს და თუკი საჩუქრის შეძენა გსურთ, ჩვენთან ეს გვიანობამდეც შესაძლებელია. ჩვენი პროდუქტი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო უნდა იყოს, რადგან ეს ქართული სუვენირის ახლებური ხედვაა.
https://www.facebook.com/antishphot/

შოთა საგანელიძე

“ჩემი აზრით, ქართული ანბანი და დამწერლობა ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და ის, გარდა თავისი ძირითადი ფუნქციისა, ძალიან მრავალმხრივი და ლამაზია. ქართული ასოების გამოყენებით შევქმენი არაერთი პორტრეტი… ვმუშაობ აქსესუარებზე და სუვენირებზეც: ტილოს ჩანთები, მაისურები, ასევე სამკაულები, სუფრები… შევეცადე, დიზაინის შემდეგ, ხარისხზე და ნივთის პრაქტიკული გამოყენების მხარეზეც მეზრუნა. ტექსტილის აქსესუარები საკმაოდ დიდხანს ინარჩუნებს ფერს და ფუნქციურად კომფორტული გამოსაყენებელია.”
https://saganelidzeshota.com/

ეკა ასათიანი – GEO’s Accessory/გეო’ს აქსესუარი

“როდესაც მეკითხებიან, თუ რატომ გადავწყვიტე სუვენირების კეთება, კონკრეტული პასუხი არ მაქვს… თითქოს ჩემი თანამედროვე სტილშიგაკეთებული სუვენირებით მინდოდა მეთქვა სტუმრებისთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც, რომ ეს ქვეყანა არის განვითარებული, თავისუფალი, საინტერესო და მრავალფეროვანი. რომ აქ ყველა ჩამოსული თუ ადგილობრივი აუცილებლად საინტერესოდ და ბედნიერად იცხოვრებს. რაც მთავარია, ამ ქვეყნის იერსახის შემქმნელნი ყოველთვის იყვნენ და იქნებიან მრავაფეროვანნი, ინოვაციურნი, ტოლერანტულნი და ასევე ბევრი ახლის და საინტერესოს შემქმნელნი. ამით მხოლოდ ჩემი კი არა, არამედ ჩემი თაობის სათქმელი მინდოდა მეთქვა მათთვის, ვისაც გული მიუვიდოდა ჩემ მიერ შეთავაზებულ სუვენირებზე.”
https://www.facebook.com/GEOs-Accessory

ლურჯი სუფრა

ალბათ ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ქართულმა სუვენირმა არ დაკარგა თავისი მნიშვნელობა, დროს გაუძლო და არ გადაიქცა “კიტჩად”. ამ ქართულ ორნამენტებიან სუფრას ნახავთ ყველგან, სადაც სუვენირები იყიდება. თუმცა ხარისხი და ფასი სხვადასხვაა. მისი შეძენისას შესაძლოა მოგცენ რჩევა, რომ სუფრა მხოლოდ ცივ წყალში, ხელით გარეცხოთ. უნდა გაითვალისწინოთ, რომ უმჯობესია, ამ რჩევის მიუხედავად, თქვენი სუფრა მხოლოდ დეკორატიული მიზნისთვის გამოიყენოთ, ანდაც სულაც მაგიდის ნაცვლად, კედელზე ჩამოკიდოთ. “ლურჯი სუფრა” კედელზე დაკიდებულიც ძალიან ლამაზია.

“ლურჯმა სუფრამ ” დღეს “ფერი იცვალა” და გარდა ლურჯისა ამ გადასაფარებელს შეხვდებით წითელს, ღვინისფერს, მწვანეს და სხვა.
https://nido.ge

არის კიდევ ქართულ სუვენირად ქცეული ნივთები, რომელსაც არ სჭირდება “გათანამედროვება” და ეს, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური (ადრეყორღანული კულტურის პერიოდიდან დაწყებული, ვიდრე ანტიკურ პერიოდამდე) ნიმუშების ასლებია.

თრიალეთის კულტურის პერიოდის გენიალური ნაკეთობები, მსოფლიოში ცნობილი „კოლხური ოქროს“ სამკაულები და მცირე ზომის სხვა-და-სხვა ფიგურები თავის მნიშვნელობას არ კარგავს და საუკეთესო სუვენირი, ან გნებავთ საჩუქარია.

საუკეთესო ხარისხის სამკაულების ასლების ყიდვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში და ასევე ეწვიეთ ვებ-გვერდს – http://istoriali.ge


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა

10 საუკეთესო საგანმანათლებლო ინტერნეტ-პლატფორმა
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ინტერნეტი მოიცვა საგანმანათლებლო რესურსების ბუმმა, რომელიც მომხმარებელს, ნებისმიერ სფეროში სხვადასხვა სახის უფასო სასწავლო პროგრამებს სთავაზობს.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.