საბავშვო სტუდიები თბილისში


გააზიარე სტატია

ბავშვის განვითარებისთვის სხვადასხვა ეტაპზე მნიშვნელოვანი და საჭიროა არა მხოლოდ აკადემიური განათლება, არამედ შემოქმედებითი და ფიზიკური აქტივობები, რაც მის ემოციურ ინტელექტს, კრეატიულ აზროვნებას და ფიზიკურ უნარებს განავითარებს.

 

სხვადასხვა აქტივობების შერჩევისას მნიშვნელოვანია ბავშვის უნარების და ინტერესების გათვალისწინება, რათა მისთვის შეთავაზებული წრეები მიმზიდველი გახდეს და მოსაწყენ ვალდებულებად არ იქცეს. საყურადღებოა ისიც, რომ გარემო, რომელსაც პატარებს ვთავაზობთ ბაღისა და სკოლის გარდა, მისთვის მეგობრული უნდა იყოს და არ აღიქმებოდეს სტრესად.

გთავაზობთ რამდენიმე სტუდიას, რომელიც ბავშვებისთვის არის განკუთვნილი (4 წლის ასაკიდან) და სხვადასხვა შემოქმედებითი უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ხატვა

 

ნატა ბუაჩიძის სტუდია – არის ხელოვნების და უცხო ენების სკოლა 4-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის და მათი მშობლებისთვის. სტუდიაში ყველა საგანი ისწავლება ინტერაქტიული მეთოდით და შემოქმედებითად. სტუდიის მიზანია შეუქმნას ბავშვებს ყველა პირობა იმისთვის, რომ მათ გაუჩნდეთ სწავლის მოტივაცია, შეუყვარდეთ კითხვა და შესაბამისად მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზაცია. სტუდიაში ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ხატვა, მითოლოგია, ხელოვნების ისტორია, თანამედროვე ხელოვნების კურსი, წიგნის ილუსტრაცია, ინგლისური, ფოტოგრაფია, ძერწვა, აკადემიური ხატვა, სწავლის უნარის განვითარება, მხიარული მათემატიკა, ჰიპ-ჰოპი.

“ილუსტრატორი” – არის სივრცე, რომელიც ორ მიმართულებას აერთიანებს – სახელოსნოს და მაღაზიას. ,,ილუსტრატორის’’ სახელოსნო არის ადგილი, სადაც ილუსტრატორები მუშაობენ საბავშვო წიგნებსა და ილუსტრაციაზე და ასწავლიან კიდეც. საგანმანათლებლო მიმართულება მოიცავს როგორც საბავშვო გრძელვადიან კურსებს, ასევე პერიოდულად იგეგმება ვორქშოფები, რომელზე დასწრებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სტუდიაში პატარა ბიბლიოთეკაცაა, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც ქართველი ილუსტრატორების მიერ შექმნილი წიგნებით, ასევე უცხოური გამოცემებით. ილუსტრატორის სახელოსნოში ბავშვებს საშუალება ეძლევათ უფრო ახლოს გაეცნონ საბავშვო წიგნების შექმნის ოსტატობას, თვითონაც გააკეთონ თავიანთი წიგნები და განავითარონ ხატვის უნარები.

Art East – ხელოვნების სკოლა სტუდიაა, რომელიც ბავშვებს 4 წლიდან და ზემოთ სთავაზობს ხატვისა და ძერწვის ერთობლივ კურსს. გარდა ხატვისა, ბავშვებს შეუძლიათ შეისწავლონ ხელოვნების ისტორია, სიმღერა, ფრანგული ენა, მსახიობის ოსტატობა, მითოლოგია, ფოტოგრაფია, მეტყველება და მხატვრული კითხვა.

ArtHub – ვიზუალური ხელოვნების საბავშვო სტუდია სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების ბავშვებს სთავაზობს როგორც ხატვისა და ძერწვის გაკვეთილებს, ასევე საუბრებს ხელოვნებაზე, დიზაინს, თოჯინების დამზადებას, ინგლისურის შესწავლას და კრეატიულ აზროვნებას.

დანტეს ხელოვნების სკოლა – ბავშვებს საშუალებას აძლევს შეისწავლონ ფერწერა, ძერწვა, თიხაზე მუშაობა, აპლიკაცია, დეკორატიული ფიგურების შექმნა, დიზაინისა და მაკეტირების ელემენტები, მითოლოგია და ხელოვნების ისტორია. დანტეს სკოლაში ნებისმიერ აქტივობაში ჩართულია იტალიური ენა და კულტურაც.

მუსიკა

 

ორფის მუსიკისა და ხელოვნების სკოლა – გერმანელი კომპოზიტორისა და მასწავლებლის, კარლ ორფის მუსიკის სწავლების მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გავრცელებული, გერმანიის რამდენიმე მიწაზე ამ ტიპის მუსიკის გაკვეთილები სასკოლო პროგრამაშიც არის ინტეგრირებული. 2015 წლიდან ორფის ასოციაციის წევრი საქართველოც გახდა და ბავშვებისთვის მუსიკის “თამაშით” სწავლა აქაც შესაძლებელია. ორფის მიერ შემუშავებული მეთოდი გულისხმობს რიტმიკის, იმპროვიზაციის, მეტყველების, ინსტრუმენტებზე დაკვრის, სიმღერისა და მოძრაობის უნარების განვითარებას და დახვეწას.

ცეკვა

 

საბალეტო ხელოვნების სკოლა ფუეტე – აერთიანებს გამაჯანსაღებელ ტანვარჯიშს, პლასტიკას, სპორტულ და საბალეტო ილეთებს, ბურთების, ლახტების და სხვადასხვა ინვენტარის საშუალებით თამაშებს და რაც მთავარია, სხვადასხვა ჟანრის, რიტმისა და ხასიათის ქორეოგრაფიულ მოძრაობებს, მიმართულებას და სტილს.

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.