თავისუფალი ინტერნეტი შესაძლოა “პრივილეგირებული წვდომის” სერვისებმა ჩაანაცვლოს


გააზიარე სტატია

რას იტყოდით ასეთ სიტუაციაზე – სატელეფონო კომპანია რომ გიკონტროლებდეთ, ვისთან დარეკოთ და ვისთან არა. წარმოუდგენლად ჟღერს, არა?

დაახლოებით ეს რეალობა შეიძლება დადგეს ამერიკის შეერთებულ შტატებში კომუნიკაციის ფედერალური კომისიის ახალი ხელმძღვანელის – აჯიტ პაის ხელმძღვანელობით მიღებული გადაწყვეტილებით.

ერთადერთი სფერო დედამიწაზე, რომელშიც ადამიანებმა პრაქტიკულად სრულ თანასწორობას მივაღწიეთ, საინფორმაციო სფეროა. ყველა ადამიანს, რომელსაც რაიმე ფორმით ხელი მიუწვდება სმარტფონთან ან კომპიუტერთან, აქვს საშუალება, რომ კაცობრიობის მიერ აქამდე შექმნილ მთელ ცოდნას ეზიაროს.

მიიღოს ინფორმაცია ყველაფერზე, ისევე როგორც ამას აკეთებენ პლანეტის ყველაზე მდიდარი თუ ყველაზე ღარიბი ადამიანები. ეს ინტერნეტის დამსახურებაა – თავისუფალი და შეუზღუდავი ინტერნეტის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, რომელიც მსოფლიო ტრენდ-მეიკერია, საკმაოდ სახიფათო პროცესები მიმდინარეობს, რომელმაც შეიძლება თავისუფალი ინტერნეტი, როგორც ასეთი, მოკლას.

ბოლო ათწლეულში, ამერიკელი ინტერნეტ-აქტივისტების და საზოგადოების ზეწოლის შედეგად, კონგრესმა კომუნიკაციების აქტში “ინტერნეტ-ნეიტრალობის” იდეა მკაცრად გაწერა.

რას ნიშნავს ინტერნეტის ნეიტრალობა?

ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტ-პროვაიდერები მხოლოდ ინტერნეტ-ტრაფიკის გამტარები არიან და არ აქვთ უფლება გაფილტრონ ან აკონტროლონ მათ ქსელში გამავალი ინფორმაცია, მიუხედავად ამ ინფორმაციის ფორმის, შინაარსის, ან მიმღების თუ გამგზავნის ვინაობისა.

ეს ფორმულირება ამერიკის კონსტიტუციაში განსაზღვრული სიტყვისა და გამოხატვის უფლებიდან მოდიოდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო უმცირესობებისთვის, მარგინალური ჯგუფებისა და მცირე ბიზნესებისთვის.

თუმცა, დღეს ამერიკის მოსახლეობის ამ უფლებას საფრთხე ემუქრება.

კომუნიკაციის ფედერალური კომისიის ტრამპის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა აჯიტ პაიმ, რომელიც 2012 წლამდე ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ინტერნეტ-პროვაიდერის, Vorizon-ის იურისტი იყო, 2017 წლის 14 დეკემბერს “ინტერნეტ ნეიტრალობის” აქტს კენჭი უყარა. კენჭისყრის შედეგად კომისიამ ეს აქტი გააუქმა.

ნეიტრალობის მკაცრი წესების შერბილებას ამერიკული სატელეფონო გიგანტები _ Verizon, AT&T, Comcast და Charter _ წლებია ლობირებენ. მათ არგუმენტი ასე ჟღერს: დღეს ისინი იძულებულები არიან ყველას ერთნაირად მოემსახურონ – ერთნაირი სისწრაფის წვდომა მისცენ ყველას, ვინც ამა თუ იმ პაკეტს შეიძენს. ამის გამო, ქსელის ოპტიმიზაცია შეუძლებელია და, მაგალითად, სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფებისთვის უფრო ხარისხიანი მომსახურების მიწოდება რთულდება, რადგან ინტერნეტ-ნეიტრალობა მათ აიძულებთ სიახლე ან მთელ ქსელში დანერგონ, ან საერთოდ უარი თქვან.

ინტერნეტ-პროვაიდერების თქმით, ისინი მაინც ნეიტრალობის პრინციპით გააგრძელებენ მუშაობას, უბრალოდ შემოიღებენ “ფასიანი პრივილეგირებული წვდომის” სერვისს.

რას ნიშნავს “პრივილეგირებული წვდომის სერვისი”? მაგალითად, სმენაშეზღუდულ ადამიანებს საშუალება ექნებათ შეიძინონ განსაკუთრებით მაღალხარისხიანი აუდიო სტრიმის მიღების სერვისი. სპეციალური საჭიროებების არმქონე მოსახლეობას კი შეეძლება ინტერნეტთან წვდომის განსხვავებული პაკეტები შეიძინოს. მაგალითად, სოციალური მედიის პაკეტი, რაც უზრუნველყოფ მომხმარებლის წვდომას სოც.მედია ქსელებზე. ან “საერთაშორისო” პაკეტი, რომელშიც პრიორიტეტი გლობალურ ქსელში წვდომას მიენიჭება. მოკლედ, დაახლოებით ისევე, როგორც დღეს ჩვენ სატელევიზიო არხების პაკეტებს ვყიდულობთ საკაბელო სერვისის მომწოდებლებისგან.

ინტერნეტ-პაკეტები ცალკე აღებულ საიტებზე – ასეთი შეიძლება იყოს ინტერნეტი ნეტ-ნეიტრალობის წესის გაუქმები შემდეგ

ეს განცხადება, ერთი შეხედვით უსაფრთხო და კეთილგონივრულია. ყველას უნდა შეეძლოს უკეთესი სერვისის მიღება, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ამერიკის ინტერნეტ-პროვაიდერების ბაზარზე ახალი კომპანიების შესვლა ძალიან გაძნელებულია, კონკურენცია საკმაოდ დაბალია და ამ მონოპოლისტებს შტატები გავლენის სფეროებად აქვთ გადანაწილებული, მათ კეთილ ნებაზე დაყრდნობა კი გულუბრყვილო საქციელი იქნებოდა.

ინტერნეტ-ბაზარზე ახალი მოთამაშეებისთვის შესვლის გაადვილების გარეშე ნეიტრალიტეტის გაუქმება ამ ინტერნეტ-პროვაიდერებს უზარმაზარ ძალაუფლებას ჩაუგდებს ხელში. მათ შეეძლებათ ესა თუ ის კონტენტი, ამა თუ იმ სახის ინფორმაცია უბრალოდ შეზღუდონ წვდომისთვის, დაბლოკონ ესა თუ ის ჯგუფი, ფილტრონ სხვადასხვა ინფორმაციის გავრცელების არეალი და, სურვილის შემთხვევაში, საინფორმაციო ვაკუუმშიც კი ამყოფონ ესა თუ ის შტატი. ძალაუფლების ამხელა ბერკეტი კი მყისიერ ცდუნებას წარმოშობს ნებისმიერი მთავრობისთვის და ის აუცილებლად ეცდება, ხელში ჩაიგდოს კონტროლის ასეთი მექანიზმი.

კი მაგრამ, ჩვენ რა შუაში ვართო, იკითხავთ… დღეს და ხვალ – არაფერში, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ, მაგალითად, ნარკოტიკებთან წარუმატებელი და რეპრესიული ომი სწორედ შეერთებული შტატებიდან დაიწყო.


რეკომენდებული სტატიები
საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით

საქართველოს ადგილი მსოფლიოში საინვესტიციო რეიტინგების მიხედვით
2017 წლის 18 სექტემბერს კი, ჩვენი რეიტინგი Moody’s რეიტინგებში Ba3-დან Ba2-მდე, ერთი საფეხურით ასწიეს. სად ვიმყოფებით ამჟამად და როგორია ჩვენი “სამეზობლო“?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.