fbpx

ქართული მარკეტინგი 100 წლის წინ


გააზიარე სტატია

მაშინ, როდესაც ჯერ არ არსებობდა ცნებები „მარკეტინგი“ და „პიარი“

ცნებები – “მარკეტინგი” და “პიარი” ჩვენთან სულ ორიოდე ათწლეულია დამკვიდრდა და მას ყველაზე მეტად ინტერნეტსივრცისა და ტექნოლოგიების განვითარებამ შეუწყო ხელი. ახლა გაცილებით მარტივია ნებისმიერი პროდუქტის სხვადასხვა ფორმით „შეფუთვა“ და მომხმარებლამდე ისე მიტანა, რომ მისმა გაყიდვებმა სასურველ ზღვარს მიაღწიოს.

რა ხდებოდა მაშინ, როდესაც არც ინტერნეტი იყო, არც სარეკლამო სააგენტოები მუშაობდნენ და არც პიარისა თუ მარკეტინგის მენეჯერები არსებობდნენ? ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ვხვდებით ძალიან საინტერესო მარკეტინგულ მიგნებებს, რომლებმაც ის დამახასიათებელი უნარები დაამკვიდრეს, რასაც თანამედროვეობაში მარკეტინგსა და პიარს ვუწოდებთ.

ზემელის აფთიაქი

მე-20 საუკუნის მიჯნაზე რუსთაველის გამზირსა და ვერის დაღმართის კუთხეში გაიხსნა გერმანელი აფთიაქარის, გვარად ზემელის აფთიაქი. ვერის აღმართზე არც კონკის გაჩერება იყო და არც ტრამვაის, და ზემელის აფთიაქსაც ნაკლებად ჰყავდა კლიენტი.

ზემელმა, შესანიშნავ მარკეტინგულ ხრიკს მიაგნო და ჯერ კონკის ფორეიტორებს, ხოლო მოგვიანებით ტრამვაის ვატმანებს ფული გადაუხადა, რათა მათ მის აფთიაქთან სვლა შეენელებინათ და ხმამაღლა დაეძახათ, „ზემელის აფთიაქი“. ფაქტია, რომ ამ მარკეტინგულმა გათვლამ იმდენად გაამართლა, რომ იმის მიუხედავად, რომ აფთიაქი 1930 წელს დაანგრიეს, ეს ადგილი დღემდე ზემელის სახელს ატარებს.

სარაჯიშვილის კონიაკი

იმხანად ახლად ჩამოსხმული კონიაკი „სარაჯიშვილი“ ნაკლებად ცნობილი იყო და შეძლებული ხალხი რესტორნებში ფრანგულ კონიაკს ანიჭებდა უპირატესობას. რესტორნის მეპატრონეები კი სარაჯიშვილის კონიაკის მიღებაზე უარს აცხადებდნენ.

ამბობენ, რომ დავით სარაჯიშვილმა ამის საპასუხოდ იქირავა ახალგაზრდების ჯგუფი, მათ სათანადოდ ჩააცვა და რესტორნებში „შეუშვა“. ეს ჯგუფი შესვლისთანავე სარაჯიშვილის კონიაკს ითხოვდა, ხოლო როდესაც პასუხად იღებდა, რომ მენიუში ასეთი კონიაკი არ იყო, საოცარ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ და ხშირად ხმამაღალ დებოშსაც ტეხდნენ. ამ მოვლენამ მასობრივი ხასიათი მიიღო და შეშინებული რესტორატორები იძულებულნი გახდნენ, სარაჯიშვილის კონიაკი შეესყიდათ.

კონიაკის ხარისხი მართლაც საუკეთესო იყო, ფასი კი ფრანგულზე გაცილებით ნაკლები. სულ მალე სარაჯიშვილის კონიაკმა პრაქტიკულად განდევნა ფრანგული კონიაკი ქართული ბაზრიდან.

ფუნიკულიორი

1905 წლის მარტში თბილისში, მამადავითის მთის ფერდობთან, გაიხსნა ტრამვაის ხაზი. ტრამვაის მგზავრები ფუნიკულიორზე აჰყავდა. ამ სიახლემ დიდი ინტერესი გამოიწვია, თუმცა ტრამვაის ვაგონით მგზავრობას ძალიან ცოტა თუ ბედავდა.

მაშინ ფუნიკულიორის მფლობელმა ბელგიურმა ანონიმურმა საზოგადოებამ დაიქირავა ათობით ადამიანი, რომლებიც ტრამვაით მგზავრობდნენ, შემდგომ კი საზოგადოებას უყვებოდნენ, თუ რამდენად საინტერესო და სასიამოვნოა ამ ტრანსპორტით სარგებლობა. სულ მალე ფუნიკულიორთან დიდი რიგები გაჩნდა.

ქუთაისელი ექიმი ბუზიაშვილი

ქუთაისში გასული საუკუნის 40-იან წლებში ძალიან პოპულარული იყო ფეხბურთი. სტადიონზე, სადაც სპორტული სანახაობა იმართებოდა, თითქმის მთელი ქუთაისის საზოგადოება იყრიდა თავს.

იმხანად ქუთაისში წარმოშობით ებრაელი, ახალგაზრდა ექიმი ბუზიაშვილი ცდილობდა თავის დამკვიდრებას და პაციენტების მოზიდვას. ბუზიაშვილმა საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ საინტერესო ხერხს მიმართა: მან სტადიონზე “გამომცხადებელს” თანხა გადაუხადა და მატჩის დროს რამდენჯერმე ხმამაღლა ცხადდებოდა: “ექიმ ბუზიაშვილს ვთხოვთ დატოვოს სტადიონი და თავის კაბინეტში გამოცხადდეს. მას იქ ბევრი პაციენტი ელოდება”.

ქუთაისელებს გაუმართლათ, რომ ბუზიაშვილი მალე არა მხოლოდ ყველაზე ცნობილი, არამედ მართლაც კარგი და მცოდნე ექიმი გამოდგა.


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები

მომავლის პროფესიები
გთავაზობთ პოსტების ციკლს მომავლის იმ პროფესიებზე, რომლებზეც სხვადასხვა კვლევების თანახმად მომდევნო წლებში მოთხოვნა გაიზრდება
ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში
შევეცადეთ გაგვერკვია თუ ვინ არიან საერთაშორისო ჟურნალებში ყველაზე ციტირებული ქართველი მეცნიერები
ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს ვიცით, მაგრამ AT_ მაინც შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა ქართული და მსოფლიო მობილური აპლიკაციების სამყაროს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.