მთავარია ლებრონიც არ წავიდა


გააზიარე სტატია

– ჰხედავ, – უთხრა დარეჯანმა, როცა ლუარსაბი წავიდა, – ჰხედავ, რა რისხვა შეუთვალა, იქაურობას სულ ააწიოკებს.
– დიდება აქვს, შენ გენაცვალე, და იმიტომ.

ილია ჭავჭავაძე, “კაცია ადამიანი?”

თებერვლის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია ერთხელაც მოლოდინისამებრ აბობოქრდა და დატრიალდა, დატრიალდა კი ძირითადად ერთი კონკრეტული გუნდის, კიდევ უფრო კონკრეტულად კი ერთი ახირებული ადამიანის გარშემო, რომელსაც, არც მეტი არც ნაკლები, ლებრონ ჯეიმსი ჰქვია.

ყველა ველოდით, რომ მოულოდნელი ცვლილებები იქნებოდა, თუმცა ასეთი ალბათ არავის ჰქონდა წარმოდგენილი.

ვინც არ იცით, გეტყვით, რომ ლებრონი არ არის უბრალო მოთამაშე, არც ვარსკვლავია, არც სუპერვარსკვლავი. დღეს ლებრონ ჯეიმსი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა NBA-ში და თავის გავლენას ბრწყინვალედ იყენებს, აბზრიალებს რა ციბრუტივით კლივლენდ კავალიერსის პრეზიდიუმსა და მწვრთნელს, საცოდავ ტაირონ ლუს.

თუმცაღა ძალიან ხშირად მისი გათვლები არ ამართლებს და კიდევ მორიგ ავანტურას იწყებს. დაუდგრომელი კაცია და ადამიანებით ვაჭრობაზე გიჟდება.

რა გააკეთა ლებრ… უკაცრავად, კლივლენდმა: მოიშორა ერთი პატარა კაცი, სახელად აიზია ტომასი, რომელიც გუნდში ეგრეც ვერ ჩაჯდა და ხეირიანი ვერაფერი გააკეთა, აგერ უკვე რამდენი თვეა. პიკ ენ როლის დროს მასთან კაცის დატოვება უეჭველი სამქულიანი იყო, რადგან აიზია ტანით ნამეტანი პატარაა და დაცვაში კაი თამაშით არასოდეს გამოირჩეოდა. ვერ იგუა ლებრონმა, არადა კაირი ირვინგის წასვლის შემდეგ აიზია იმედის ნაპერწკალი იყო პირველ ნომერზე. აიზია წავიდა ლეიკერსში, გაიყოლა ჩენინგ ფრაი და 2018 წლის დრაფტის პიკი, მის სანაცვლოდ კი კავალიერსმა ჯორდან კლარკსონი და ლერი ნანს უმცროსი მიიღო, ორი მაგარი ბიჭი, ინდივიდუალურადაც კარგად რომ არიან, ტანზეც დგანან და დაცვაშიც ნორმალურად დაუდგებიან ნებისმიერ დურანტისებრს.

აიზია ტომასმა კი გადასვლისთანავე დაძაბა გუნდი და გამოაცხადა, რომ მამამისოვიჩის (ლონცო ბოლი, ლეიკერსის მთავარი გამთამაშებელი) შემცვლელად სკამიდან არ ითამაშებდა.

ლებრონი ვეღარ ენდო და გუნდიდან გაუშვა ერთ დროს MVP დერეკ როუზი, რომელსაც ქრონიკული ტრავმები ტანჯავს და მიაყოლა ჯეი ქრაუდერი, ასევე ჯანიანი კარგად მსროლელი ბიჭი, რომელიც ბოსტონიდან წაიყვანეს შარშან, მათ ასევე მიჰყვა საკმაოდ რეგრესირებული იმან შამპერტი, შედეგად კი კლივლენდმა მოიპოვა მშვენიერი მსროლელი როდნი ჰუდი იუტადან და ჯორჯ ჰილი საკრამენტოდან. ჰილი ცუდი გამთამაშებელი არაა და ხმასაც არ ამოიღებს, როცა ლებრონი გადაწყვეტს, რომ მის მაგივრად ბურთი გაანაწილოს. ყველა მეფეს უპრეტენზიო და ჯანიანი ხალხი სჭირდება.

 

კლივლენდის საბოლოო ტრანსფერი კი გახლდათ ლებრონის მასტერ სპლინტერის, დუაინ უეიდის უკან, მაიამი ჰითში გაშვება. მათ სანაცვლოდ არაფერი ღირებული არ მოუთხოვიათ და მაიამის მიერ შეთავაზებულ 2024 წლის მეორე რაუნდის პიკზე შეჯერდნენ. არადა ჩავარდნილ კლივლენდში დუაინს ყოველთვის კარგი შედეგი ჰქონდა. მობრძანდი დუაინ, ლიკუეტ სტალიცა ფლორიდი.

როგორ შეიძლება აიხსნას კლივლენდის გუშინდელი აღებ-მიცემობა: ლებრონმა გუნდის გაახალგაზრდავება გადაწყვიტა, თან ისე, რომ დაცვითი პოტენციალიც გაზრდილიყო, რადგან ასაკთან ერთად ჯეიმსი დაცვას სათანადო ყურადღებას აღარ უთმობს. ამ ტრანსფერებამდე კლივლენდი NBA-ში ყველაზე ასაკოვანი გუნდი იყო. ალბათ ყველა ხვდებით, რომ კლივლენდის მიზანია დაამარცხოს მცირე კრიზისში მყოფი გოლდენ სტეიტი, თუმცა მოახერხებს კი? შანსი მცირეა, ძალიან მცირე. მაგრამ კლივლენდი პროგნოზებს ყოველთვის ანგრევს და მძიმე პირობებშიც მეორე, მესამე და ა.შ. სუნთქვა ეხსნება. აგერ, ბოლო თამაშებში ბოსტონთან და ტორონტოსთანაც უნდა წაეგო, მაგრამ არაფერი მსგავსი არ მომხდარა.

 

ცენტრის პრობლემა კლივლენდმა ეგრეც ვერ მოაგვარა, თუმცა კევინ ლავის, ლებრონისა და სამი ახალი მოთამაშის წყალობით ფარის მოგებაზე მათ პრობლემა ნამდვილად არ ექნებათ. სულ მცირე ხანში კლასიკური ცენტრფორვარდი კალათბურთიდან ისე გაქრება, როგორც ბრონტოზავრი სათაფლიის მიმდებარე მინდვრებიდან, ამის ერთ-ერთი ინიციატორად კი ისევ პატივცემული მისტერ ჯეიმსი შეიძლება მოვიაზროთ.

დიდი ალბათობით, ლებრონი წელსაც ვერ გახდება ჩემპიონი და საბოლოოდ გააფრენს, რადგან ახალი ხალხი ლიგაში აღარ დარჩა. მერე ალბათ ადგება და გოლდენ სტეიტში გადავა მეექვსე კაცად.

ირაკლი მოწონელიძე
სტეფანწმინდა


რეკომენდებული სტატიები
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები

სუმოს ელემენტარული გზამკვლევი და ქართველი სუმოისტები
სუმოს სპორტული სახეობის წესებზე, ჩემპიონატების სტრუქტურასა და ქართველი სუმოისტების გამარჯვების მნიშვნელობაზე
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.