fbpx

VooDoo & Toi.Toi.Musik @ SpaceHall


გააზიარე სტატია

2 მარტს, VooDoo ლონდონურ პროექტ Toi Toi Musik-თან ერთად თავის მორიგ მუსიკალურ ღონისძიებას გამართავს, რომლის ფარგლებშიც Akufen, Ion Ludwig, Vincent Lemieux, Tomma და Bacho დაუკრავენ.

ეს ღონისძიება VooDoo-ს პირველი პროექტია, რომელიც Spacehall-ში ჩატარდება.
ორგანიზატორებისთვის სივრცის მუდმივ ცვლილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ახალ გარემოში ახალი ენერგიისა და მუხტის ცირკულაცია განსხვავებულ გამოცდილებებს ქმნის.

Marc Leclair-ის შემოქმედებითი საქმიანობა ბევრ სხვადასხვა ფსევდონიმს მოიცავს, თუმცა Akufen ის პროექტია, რომელმაც მისი, როგორც სოლიდური არტისტის რეპუტაცია ცალსახად განსაზღვრა.

„მუსიკაში, ქაოსშიც კი არის ინტუიციური წესრიგი, რომელიც საბოლოოდ ბალანსს ქმნის“

Akufen მიკროჰაუს მიმართულების ერთ-ერთი პიონერი არტისტია, რომლის მუსიკალური კარიერა მუდმივად ექსპერიმენტებს და მუსიკის შექმნის ინოვაციურ მეთოდებს ეძღვნება. მისი 2002 წლის ალბომი My Way ერთ-ერთი პირველი სტუდიური ნამუშევარი იყო, სადაც სემპლინგის ახლებური ტექნიკა, მიკროსემპლინგი, დიდი დოზით გამოიკვეთა.

მიუხედავად იმისა, რომ Leclair უკვე 15 წელია რაც კანადაში დაფუძნებულ ლეიბლს Musique Risquée ვინსენტ ლემიუსთან ერთად ხელმძღვანელობს, ის ხშირად თანამშრომლობს სხვა მუსიკალურ პლატფორმებთანაც, რომელთაგანაც აღსანიშნავია Perlon და Fabric.

იმავე საღამოს სფეისჰოლში კანადის მუსიკალური სცენის კიდევ ერთი წარმომადგენელი და ფესტივალ MUTEK-ის და Musique Risquée თანადამფუძნებელი Vincent Lemieux დაუკრავს.

ლემიუს მუსიკალური საქმიანობა არა მხოლოდ პერსონალურად მისი, არამედ მონრეალის სცენის დიდი კატალიზატორია. შეიძლება ითქვას, რომ Mutek ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც მონრეალი გლობალური ელექტრონული მუსიკის სცენაზე მოინიშნა. მისი მარათონული, მრავალფეროვანი და ეკლექტური დიჯეი სეტები, უკვე რამდენიმე წელია ლემიუს საცეკვაო ელექტრონული მუსიკის გამორჩეულ არტისტად აქცევს.

VooDoo-ს კიდევ ერთი სტუმარი ვეტერანი მუსიკოსი და შემსრულებელი Ion Ludwig იქნება. ლუდვიგის ადრეული მუსიკალური გამოცდილება აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაკვრას მოიცავს, რომელიც მის შემდგომ კარიერაშიც მნიშვნელოვნად აისახა. Fabric, ARMA17, Berghain/Panorama Bar, Robert Johnson – ეს იმ კლუბების მცირე ჩამონათვალია, სადაც Ion Ludwig-ს საკმაოდ ხშირად მოისმენთ. ის თბილისში ლაივს შეასრულებს.

ღონისძიების ქართველი მასპინძლები Bacho და Tomma იქნებიან, რომლებიც დაარსების დღიდან განსაზღვრავენ VooDoo-ს სერიების მუსიკალურ ხასიათს. ბაჩო ჩალაძე (Bacho), რომელიც ღონისძიებების ამ სერიის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია, აღნიშნავს, რომ მორიგი საღამოს სფეისჰოლში ჩატარება გარკვეულწილად ახალ ეტაპთან ასოცირდება.

თუმცა, მასშტაბების ზრდა არ გულისხმობს, რომ ის შეგრძნებები, რომლებიც მსმენელისთვის VooDoo-სთან ასოცირდება, რამენაირად შეიცვლება. პირიქით, ახალი სივრცეების და ადგილების ათვისების მიზანი ის არის, რომ ის მუსიკა და ენერგია, რომელიც VooDoo-ს სერიებს ახასიათებს, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს და შეიგრძნოს.

სწორედ ამ მიზნით, ყოველთვიური სერიების გარდა, VooDoo პერიოდულად შედარებით დიდი მასშტაბის ღონისძიებებსაც (მათ შორის მუსიკალურ ფესტივალსაც) გამართავს.

Toi Toi-სთან ერთად ჩატარებული კოლაბორაციული საღამოს შემდეგ, VooDoo-ს ახალი ივენთები ევროპის რამდენიმე ქალაქში გაიმართება, მათ შორის – კოპენჰაგენსა და ბერლინში.

ავტორი: რეზი ხუნწელია


რეკომენდებული სტატიები
ქოლგა თბილისი ფოტო 2018

ქოლგა თბილისი ფოტო 2018

ქოლგა თბილისი ფოტო 2018
KOLGA TBILISI PHOTO აცხადებს ყველაზე მასშტაბურ, საერთაშორისო და პრესტიჟულ ფოტოკონკურსს „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს, ტრადიციულად, საერთაშორისო ჟიური გამოავლენს.
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.