fbpx

სინათლე წყვდიადში: საზოგადოებრივი ინიციატივები რეგიონებში


გააზიარე სტატია


At.ge- პერიოდულად წარმოგიდგენთ რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს სხვადა-სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში დემოკრატიული ფასეულობების, სამოქალაქო თუ სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრების კუთხით.

ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისა და სამოქალაქო, თუ სოციალური, პასუხისმგებლობის ამაღლების კუთხით დაიწყო მუშაობა მოზარდებთან „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირია“.

ამ ორგანიზაციამ, ჯერ კიდევ „ბნელ ოთხმოცდაათიან წლებში“, გურიაში, და კერძოდ, ოზურგეთში განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და დღემდე აგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას.

გვესაუბრა მარინა თოფურია, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე:

„ლიდერთა სკოლა“

„ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“ 1996 წელს, დაფუძნდა და პირველი, რაც ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა, იყო არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელმაც არაერთხელ შეიცვალა სახელი, და ახლა, „ლიდერთა სკოლა“ ჰქვია.

დასაბამიდან – დღემდე, „ლიდერთა სკოლის“ მთავარი მიზანია, ბავშვებისათვის დემოკრატიის მთავარი ღირებულებების სწავლება.

სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, კრიტიკული აზროვნების განვითარება, მხატვრული აკადემიური წერა, დებატების კულტურა. სკოლაში ფუნქციონირებს კინოდოკუმენტალისტთა კლუბი, სადაც მოზარდები, ფოტო და კინოხელოვნებას ეუფლებიან.

ბავშვთა უფლებები, გენდერული სტრერეოტიპები, რელიგიური, ეთნიკური უმცირესობები, „შშმ“ პირთა თუ „ლგბტ“ თემთან დაკავშირებული პრობლემები-ეს ის თემებია, რომლებზეც ბავშვები დოკუმენტურ ფილმებს, “რეალურ საქმეებზე”დაყრდნობით, იღებენ.

ოზურგეთის სკოლაში 80-მდე ბავშვი სწავლობს, ჩოხატაურის ფილიალში 50. „ლიდერთა სკოლაში“ 12 წლიდან -18 წლამდე მოსწავლეები ერთიანდებიან და ეს სერვისები მათთვის უფასოა. სკოლას აქვს თავისი გაზეთიც, სადაც ბავშვები თავად გეგმავენ და არჩევენ თემებს, წერენ ანალიტიკურ სტატიებს.

მოსწავლეთა პარლამენტი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც უკვე 15 წელია მუშაობს, არის რეგიონის სკოლებში თვითმმართველობის გაძლიერება. ამისათვის, შეიქმნა მოსწავლეთა პარლამენტი. არჩევნების გზით, თითო სკოლიდან ირჩევა ერთი ბავშვი, რომელიც ხდება პარლამენტის წევრი. პარლამენტში მოზარდები იკრიბებიან და მსჯელობენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ადგილობრივი თემის განვითარება, ბავშვთა უფლებები, პრობლემები განათლების სისტემაში და ა.შ. გეგმავენ საინტერესო სათემო ღონისძიებებს, რომლებსაც მიკროგრანტების საშუალებით ფინანსდება და მოზარდების მიერ ხორციელდება.

ბავშვთა თეატრალური სტუდია

„ლიდერთა სკოლის“ ასაკამდე ბავშვთათვის, მუშაობს თეატრალური სტუდია, სადაც 4-დან 12 წლამდე ბავშვები არიან დაკავებული.

სპექტაკლებიც იგივე თემატიკისაა, რაც კინოდოკუმენტალისტთა შემთხვევაში: ბავშვთა უფლებების პოპულარიზაცია, სხვა და სხვა სოციალური თემატიკა. პიესად ქცეულ, რეალური ამბების საფუძველზე დადგმულ სპექტაკლებს, სხვადასხვა სოფლებში ვაჩვენებთ.

სპექტაკლის შემდგომ, დისკუსია იმართება. სტუდია ინტეგრირებულია და მონაწილეობენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. თეატრალური სტუდია ერთგვარი სტარტია ბავშვებისათვის და 12 წლის შემდგომ, ისინი უკვე „ლიდერთა სკოლაში“ გადადიან.

სატელევიზიო თოქ-შოუები

98 წლიდან, ფუნქციონირებს ასევე სატელევიზიო თოქ-შოუების გადაცემათა ციკლი. „სტერეოტიპები და პროგრესი“ და „ვითხოვ სიტყვას“. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რიგ პრობლემებზე არავინ ლაპარაკობდა, ეს ბავშვები ძალიან მწვავე პრობლემების წარმოჩენას ახერხებდნენ. მაგალითად, ლაპარაკობდნენ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების უფლებებზე, განათლების ჭრილში. გადაცემებს მთლიანად თავად გეგმავდნენ და იწვევდნენ იმ ხალხს, ვისაც ამ პრობლემების მოგვარება ეხებოდა.

სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია

კიდევ ერთი მიმართულება, რაზეც ვმუშაობთ, არის ადგილობრივი თემის განვითარება. სამწუხარო ფაქტი ისაა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა, განათლების მიღების შემდგომ, უკან აღარ ბრუნდება. ისინი კი, ვისაც სხვაგან წასვლის და განათლების მიღების საშუალება არა აქვთ, აბსოლუტურად დემოტივირებულები რჩებიან. ამიტომ, დავიწყეთ სოფლად დარჩენილი ახალგაზრდების ხელშეწყობა და ვცდილობთ, მათ დავანახოთ პერსექტივები – მეწარმეობის, სოფლის მეურნეობის კუთხით.

ეს ახალგაზრდები დაგვყავს სხვა-და-სხვა რეგიონებში, ვახვედრებთ ისეთ ხალხს, ვინც სოფლის მეურნეობით, მიწათმოქმედებით წარმარებას მიაღწიეს. ისინი საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და ეს, ცხადია, მოტივაციას ზრდის.

ძალიან საინტერესოდ შეიძლება შეიფუთოს სოფლის ნებისმიერი პროდუქტი და მათ უნდა ირწმუნონ, რომ ადგილზე შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

ოზურგეთის სოციალური კაფე

2007 წლიდან, ჩვენმა ორგანიზაციამ შექმნა საოჯახო ტიპის სახლი, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის. ამ ტიპის სახლების ბინადრთათვის, მთავარი პრობლემები მას შემდგომ იწყება, როდესაც 18 წლის ასაკში, საოჯახო სახლების დატოვება უწევთ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ამ ბავშვების დასაქმება და სწორედ ამ მიზნით, შეიქმნა სოციალური კაფე, სადაც ეს ახალგაზრდები მუშაობენ. კაფეს მეორე მიზანია – მულტიკულტურული მრავალფეროვნების იდეის პოპულარიზაცია.

აქ, მოზარდები და ახალგაზრდები ეცნობიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების კულტურას, ტრადიციებს, რელიგიებს და სხვა. ხშირად იმართება შეხვედრები ახალგაზრდებისათვის საინტერესო ხალხთან: მწერლებთან, უფლებადამცველებთან. “ჩაის საღამოების“ ფარგლებში, იმართება დისკუსიები.

კაფეს არაჩვეულებრივი ბიბლიოთეკა აქვს. უფროსი თაობის ადგილობრივი მოსახლეობა ნაკლებად სტუმრობს ჩვენს კაფეს, სამაგიეროდ ქალაქის სტუმრებისა და ახალგაზრდებისათვის, ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო სივრცეა.

სირთულეები და წინააღმდეგობები

1996 წლიდან დღემდე ჩვენს ორგანიზაციას არაერთი წინააღმდეგობა შეხვდა და ძირითადად, ეს იყო უფროსი თაობისა და სკოლების დირექციებისაგან წამოსული აგრესია.

ჩვენი ორგანიზაცია სტიგმატიზირებული იყო და უამრავი უსამართლო ბრალდება მოვისმინეთ ამ წლების მანძილზე – რომ ჩვენ ბავშვებს „ტვინს ვურეცხავთ, მათი ჩვენთან გაკარება არ შეიძლება, „ვაზომბებთ“ ახალგაზრდა თაობას, რამოდენიმე წლის წინ, ჩვენს სკოლას „გურული იუმორით“ „სატლიკინოც“ უწოდეს.

ყველაზე დიდი დარტყმა, ჩვენმა პირველმა თაობამ გადაიტანა. თავდაპირველად, სულ ცხრა მოზარდი გვყავდა. ჩვენგან დაბრუნებულებს, საკუთარ სკოლებში ებრძოდა ადმინისტრაცია, უკრძალავდნენ ჩვენთან ურთიერთობას. თუმცა, სწორედ მაშინ ისწავლეს საკუთარი პოზიციის და სიტყვის დაცვა.

იყო შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი მმართველობის წევრები, მშობლებს იბარებდნენ და საყვედურობდნენ, რომ ბავშვებს „იქ“ უშვებდნენ. და სწორედ ჩვენს „პირველ ბავშვებს“ შორის, არიან დღეს საკმაოდ წარმატებული ახალგაზრდები და ადამიანის უფლებათა დამცველები: ანა აბაშიძე, ნინო ლომჯარია, გიორგი კეკლიზე, ვახუშტი მენაბდე და სხვები.

მსგავსს წინააღმდეგობებს, სამწუხაროდ, დღესაც ვაწყდებით. რატომ? იმიტომ, რომ ეს ბავშვები ცვილებებს, უკეთეს საგანმანათლებლო პირობებს ითხოვენ, საკუთარ და სხვის ღირსებას იცავენ, ხშირად არ მოსწონთ ურთიერთობის ის კულტურა, რომელიც ბევრ სკოლაშია დამკვიდრებული და ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან. ასეთი ბავშვები, კი, რიგ სკოლებში, უბრალოდ „არ აწყობთ“.

თუმცა, პირველად, 21 წლის მანძილზე, პირიქითაც მოხდა და მასწავლებლების ერთმა ჯგუფმა თქვა, რომ იმ მოზარდებს, რომლებიც ჩვენთან დადიან, უკეთ ესმით ადამიანის უფლებების სტანდარტები და მეთოდოლოგიები და ამ ბავშვების წყალობით, სკოლის სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა, თუნდაც მოსწავლეებთან დამოკიდებულების კუთხით.”


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.