fbpx

5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში


გააზიარე სტატია

საქართველოდან ბევრი მიემგზავრება საზღვარგარეთ სამუშაოდ და საცხოვრებლად, მაგრამ მათგან შედარებით მცირე ნაწილი თუ ახერხებს თავისი პროფესიით მუშაობას.

თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობენ ქართველი სპეციალისტები, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას. დღეს ჩვენ რამდენიმე ასეთ ადამიანს გაგაცნობთ.

ოთო ბიჭიაშვილი

პროფესია/პოზიცია: კომპიუტერის სპეციალისტი, პროგრამული ინჟინერი
კომპანია: Microsoft
ქალაქი: სიეტლი, აშშ

როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
საზღვარგარეთ მინდოდა სწავლა და სკოლის დამთავრების შემდეგ გამოცდები ჩავაბარე და ბაკალავრიატის პროგრამის გასავლელად გერმანიაში წავედი (Bachelor of Computer Science, Jacobs University Bremen). სწავლისას გავიგე, რომ Microsoft-ს სტაჟიორის პოზიციები ჰქონდა სტუდენტებისთვის და მეც ჩემი CV გავაგზავნე, ამას მოჰყვა გასაუბრებების სერია და საბოლოოდ შემოთავაზება -ზაფხულში სტაჟირება Microsoft-ში გამევლო. სტაჟირების გავლის შემდეგ შემომთავაზეს, რომ უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დავბრუნებულიყავი როგორც სრულ განაკვეთიანი თანამშრომელი. ჩავთვალე, რომ აქ განვითარების დიდი პოტენციალი იყო, სამუშაოც საინტერესო, და გადავწყვიტე, დავბრუნებულიყავი.

მოკლედ სამუშაოს შესახებ
ჩემი სამუშაო მოიცავს პროგრამული დეველოპმენტის სრულ ციკლს. პროგრამის (ფუნქციონალური) დიზაინის შედგენა, განხორციელება, უზრუნველყოფა და ანალიზი.

თამარ პაპავა


პროფესია/პოზიცია: MBA; უფროსი პროდუქტის მენეჯერი
კომპანია: Amazon
ქალაქი: სიეტლი, აშშ

როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
ჩემი გზა, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ფლექსის (FLEX) პროგრამით დაიწყო. პროფესიულად კი საქართველოში TBSC Consulting-ში განვვითარდი, რამაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს აქ მოხვედრაში. შემდეგ ფულბრაიტის პროგრამაში გავიმარჯვე და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში ავიღე მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. ვიდრე საქართველოში დავბრუნდებოდი, მინდოდა ჯერ უცხოური სამუშაო გამოცდილება მიმეღო.

მოკლედ სამუშაოს შესახებ
“ამაზონში” ვარ უფროსი პროდუქტის მენეჯერი, რაც გულისხმობს რაიმე პროდუქტის განვითარებას და მართვას. ამ ეტაპზე ვარ კლიენტების მომსახურების სფეროში.

ქეთევან გვარამაძე


პროფესია/პოზიცია: Freelance Fashion editor /Creative consultant

ვთანამშრომლობდი ისეთ კომპანიებთან და ადამიანებთან, როგორებიცაა – სრული ჩამონათვალი ძალიან გრძელი იქნება, ამიტომ რამდენიმეთი შემოვიფარგლები:

Vogue magazine / Fashion Editor
Allure Magazine / Fashion editor
V Magazine / Fashion editor
Michael Kors / Fashion editor
Tiffany’s / Fashion editor
David Urman / Fashion editor
DNA MODELS / Image maker for models
Holt Renfrew / Style Director
Tamuna Ingorokva /Creative consultant

ნიუ-ორკი – ესაა ქალაქი სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ, თუმცა ხშირად მიწევს მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყანაში, გარკვეული პერიოდი, სამსახურიდან გამომდინარე, ვიცხოვრე კანადაშიც.

როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
20 წლის წინ წავედი საქართველოდან შტატებში, ნიუ-იორკში. ამის მიზეზი კი ტრაგიკული შემთხვევა იყო. შემდეგ, რაღაც პერიოდი სოჰოში არსებულ ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში ვმუშაობდი მიმტანად. იქ გავიცანი ჟურნალ Allure-ის fashion დირექტორი, რომელმაც თავის ასისტენტად მიმიწვია.

მოკლედ სამუშაოს შესახებ
ჩემი სამუშაო მრავალმხრივია, რის გამოც ბევრი სხვადასხვა პოზიციის შეთავსება მიწევს. ჩემი, როგორც Fashion editor-ის ვალდებულებაა გადაღების კონცეფციისა და სტილის ჩამოყალიბება, ასევე ფოტოგრაფებისა და მოდელების დაქირავება, ვარცხნილობისა და მაკიაჟის განსაზღვრა, პროდიუსერებთან ერთად გადაღების ადგილის შერჩევა და დღის დაგეგმვა.

ჩემი სამუშაოს კიდევ ერთი ასპექტია მოდელებისთვის როგორც ყოველდღიური, ასევე წითელი ხალიჩის სტილის შერჩევა, რაც უშუალოდ მოდელის პიროვნებასთანაა კავშირში და მის პროდუქტიულობას განსაზღვრავს.

გარდა ამისა, ყოველ სეზონზე ვმუშაობ დამოუკიდებელ დიზაინერებთან, რომლებსაც კოლექციებისა და ჩვენებების საკითხებში კონსულტაციებს ვუწევ. ჩვენებების დაგეგმვისას ვარჩევ ყველაფერს – აქსესუარებს, ფეხსაცმელს, მოდელებს, მათ ვარცხნილობასა და მაკიაჟს, ჩვენების ადგილს და მუსიკალურ გაფორმებას.

თამთა სტოუნი


პროფესია/პოზიცია: იურისტი/საერთაშორისო გაყიდვების უფროსი
კომპანია: Zoller
ქალაქი: Ann Arbor, Michigan

როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
ვიდრე ამერიკაში იურისპრუდენციაში მივიღებდი განათლებას, მანამდე გერმანიაში 2 წელი ვსწავლობდი პოლიტიკურ მეცნიერებას. შესაბამისად, მიღებული ცოდნიდან გამომდინარე, სამუშაოდ გერმანული კომპანია ავირჩიე. საზღვარგარეთ უკვე 13 წელია ვმუშაობ და ვცხოვრობ.

Muskie-ს პროგრამის პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩემი მეუღლე გავიცანი (ისიც იურისტია), დავოჯახდით და ორი ბიჭი გვყავს. ჩვენ ორივეს ძალიან გვიყვარს ჩვენ-ჩვენი პროფესია და ვაფასებთ იმ მცირედ წვლილს, რაც საზოგადოების განვითარებაში შეგვაქვს.

მოკლედ სამუშაოს შესახებ
ჩემი სამუშაო დღე საკმაოდ დატვირთულია, მაგრამ ძალიან საინტერესო. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ჩვენი კომპანიის კლიენტებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან. შევისწავლი და განვიხილავ ამა თუ იმ კომპანიის კონტრაქტებს – თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის რეგულაციებს და უპირველეს ყოვლისა – კანონს.

ყოველთვის ძალიან საინტერესოა უცხოელ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და მათი პოზიციის გარკვევა. ყველა ადამიანი, კომპანია და ქვეყანა უდიდესი კულტურითა და ინტერესით გამოირჩევა. მე ბედნიერი ვარ მათთან ურთიერთობით.

თეა ჩახნაშვილი


პროფესია/პოზიცია: ტანსაცმლის დიზაინერი
კომპანია: Antonio Berardi
ქალაქი: მილანი

როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
2013 წელს მილანში, DOMUS ACADEMY-ში FASHION DESIGN-ის სამაგისტრო კურსის დამთავრების შემდეგ, საქართველოში დაბრუნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მივიღე სტაჟირების შემოთავაზება ქალის ტანსაცმლის luxury ბრენდისგან ANTONIO BERARDI, დავთანხმდი და დღეს ამ კომპანიაში მაქვს უფროსი დიზაინერის პოზიცია.

მოკლედ სამუშაოს შესახებ
ANTONIO BERARDI-ში ვხელმძღვანელობ დიზაინერების გუნდს და პასუხისმგებელი ვარ READY-TO-WEAR კოლექციის და სხვა საკონსულტაციო პროექტების კრეატიულ პროცესზე, იდეის გენერირებიდან მისი ტექნიკური შესრულების ჩათვლით.


რეკომენდებული სტატიები
ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში

ქართველი მეცნიერები ციტირების საერთაშორისო რეიტინგებში
შევეცადეთ გაგვერკვია თუ ვინ არიან საერთაშორისო ჟურნალებში ყველაზე ციტირებული ქართველი მეცნიერები
ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე

ქართველი პროგრამისტები მობილური აპლიკაციების მსოფლიო ბაზარზე
საქართველოში სილიკონის ველი რომ არ გვაქვს ვიცით, მაგრამ AT_ მაინც შეეცადა თქვენთვის პატარა გზამკვლევი შეექმნა ქართული და მსოფლიო მობილური აპლიკაციების სამყაროს შესახებ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.