საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
ქალაქის ქუჩებში სეირნობა სასიამოვნოა, თუმცა ეს ყოველთვის როდი ნიშნავს სასურველი ინფორმაციის მიღებას იმ ადგილების შესახებ, რასაც ხედავ და სადაც დადიხარ. ქალაქის უკეთ შესასწავლად მრავალი გზა არსებობს: ადგილობრივებთან საუბარი, საარქივო მასალების გაცნობა, არქიტექტურაზე დაკვირვება, ქალაქის ტრანსფორმაციების კანონზომიერების შესწავლა და ა.შ. თუმცა ამ ყველაფერს ბევრი დრო და შრომა სჭირდება.
მოკლე პერიოდში ქალაქის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული გზა სპეციალისტებთან ერთად გასავლელი საფეხმავლო ტურებია, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა კუთხიდან დანახვის საშუალებას იძლევა.
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
ტურების ღირებულება ერთი პერსონისთვის 10-დან 70 ლარამდე მერყეობს.
ძველი თბილისის მივიწყებული, იდუმალი ისტორიების ტური,
რომელსაც კულტურის პოპულარიზაციის ცენტრი გთავაზობთ და ნუცა ცქიმანაური ატარებს, საშუალებას გაძლევთ მოინახულოთ შემდეგი ადგილები და მოისმინოთ მათი ისტორიები:
- მელიქ აზარიანცის, პირველი გილდიის ვაჭრის სახლი
- გაბაშვილების ცნობილი ფირუზისფერი სახლი
- გრიბოედოვის ქუჩის სადარბაზო-მარგალიტები
- ძმები ზუბალაშვილები – მათი ისტორია და მემკვიდრეობა
- თბილისის ყველაზე ლამაზი ქუჩა – თ. აბაკელიას ქუჩა
- მადამ ბოზარჯიანცის დიდებული სახლი
- მირზა რეზა-ხანი და ირანის საკონსულო თბილისში
- ანა მადათოვას სახლი
- კალანტაროვების სახლი
- ფერდინანდ ოტენი – ამბავი ქალაქის პირველი აფთიაქარის ცხოვრებისა და სიყვარულისა
თბილისის დაკარგული გმირები. საბჭოთა პერიოდის მოზაიკები
ორი სხვადასხვა ტურია, რომელსაც სახელოვნებო ორგანიზაცია – გეოეარი გთავაზობთ.
ორივე ტური წარმოადგენს იმ მონუმენტურ-დეკორატიული მოზაიკების ისტორიასა და ანალიზს, რომლებიც საბჭოთა პერიოდის 70-იან და 80-იან წლებში თბილისის საჯარო სივრცეებში შეიქმნა.
დღეს, როდესაც ჩვენი საზოგადოება საბჭოთა წარსულის ახლებურად გააზრებას ცდილობს, ბევრი მოზაიკა, რომლებსაც საბჭოთა პერიოდში ძირითადად აგიტაციისა და პროპაგანდის ფუნქცია ჰქონდა და ცდილობდა შეექმნა ილუსტრაცია ბედნიერი მშრომელების ყოველდღიურობის შესახებ, განადგურების და დავიწყების საფრთხის წინაშეა.
ტურის განმავლობაში მოისმენთ თბილისის ცხოვრების იმ ასპექტებს, რომლებზეც ეს მოზაიკები საუბრობენ. ტურები დაყოფილია გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. პირველი ტური საბურთალოს ტერიტორიას მოიცავს, მეორე კი დიდუბეს.
წითელი ტერორის ტოპოგრაფია
საგანმანათლებლო-კულტურული ტურია, რომელსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია გთავაზობთ. ტური ორ საათს გრძელდება და მთაწმინდასა და სოლოლაკში იმ შენობების ნახვას შეძლებთ, რომლებიც დაკავშირებულია საბჭოთა რეპრესიებთან.
ტური ითვალისწინებს 1936-1937 წლების რეპრესიების მსხვერპლთა, რეპრესიების შემოქმედთა (ე.წ. “ტროიკის”), აგრეთვე ლავრენტი ბერიასა და შინსახკომის თანამშრომელთა სახლების მონახულებას.
ტურის მსვლელობისას ნახავთ და მოისმენთ შემდეგ ამბებს:
- თავისუფლების მოედანი – თბილისის სასულიერო სემინარია
- თავისუფლების მოედანი – ბანკის ძარცვა 1907 წელს
- სულხან საბა ორბელიანის 3 – სვანიძეების სახლი
- მიხეილ ლერმონტოვის 3 – ალექსანდრე კონსტანტინეს ძე მოროზოვი
- ივანე მაჩაბლის 11 – ლავრენტი ბერიას რეზიდენცია
- ივანე მაჩაბლის 13 – საქართველოს მწერალთა სახლი
- ლადო ასათიანის 46 – კოტე აფხაზის სახლი
- გერონტი ქიქოძის 14 – მათე ივანეს ძე სკობელევი
- გერონტი ქიქოძის 11 – პარტიული ელიტის საცხოვრებელი
ფემინისტური ტური
რომელსაც ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ბიურო გთავაზობთ, ოთხ ისტორიულ ადგილს აერთიანებს: მწერალთა სახლს, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემორიალურ სახლს,, საქართველოს დამფუძნებელი კრების შენობას და მხატვარ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს.
ზოგადად, არა მხოლოდ თბილისში, არამედ სხვა ქალაქებშიც საკმაოდ ცოტაა ისეთი ადგილი, რომელიც ქალების სახელს ატარებს ან მათ მიერ გაკეთებულ საზოგადო საქმეებთან არის დაკავშირებული.
ფემინისტური ტური ერთგვარი მცდელობაა, დავიწყებას არ მიეცეს ქალების წვლილი და მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმაცია მათ შესახებ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
ფეხით შემოვლილი თბილისი – “ტფილისის ჰამქარის” საგანმანათლებლო ტურია, რომელიც გთავაზობთ მარშრუტს: “კალა-კლდისუბანი-აბანოთუბანი-ხარფუხი” და მოიცავს “გალავნის შიგნით” მოქცეულ თბილისის ისტორიულ ნაწილს.
ვერტიკალური თბილისი
კურატორ ვატო წერეთლის ტურია, რომელიც სუბიექტურ გამოცდილებაზეა დაფუძნებული და აერთიანებს თბილისის მივიწყებულ სანახებსა და ქალაქისთვის დამახასიათებელ გარემოს.
თერმულ წყლებზე გაშენებული ქალაქი, თბილისიდან დანახული მყინვარწვერი, მულტიკულტურული გარემო, ბეთლემის უბანი – ერთი მხრივ, ახალ აქცენტებს გაპოვნინებთ საკუთარ ქალაქში, მეორე მხრივ კი, იმპულსია საიმისოდ, რომ თავადაც მოძებნოთ მივიწყებული, მაგრამ საინტერესო ადგილები, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებულ სივრცეს გამორჩეულ ელფერს სძენს.
თბილისის თავისუფალ, ფეხით სასიარულო ტურებს
ახალგაზრდების დამოუკიდებელი ჯგუფი ხელმძღვანელობს. ისინი ცდილობენ მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ტურების შექმნას და თბილისის ყველაზე საყურადღებო ადგილების ჩვენებას ქალაქის სტუმრებისთვის. ამ ეტაპზე ჯგუფი სამ ტურს ატარებს: ქალაქში არსებული პაბები, თბილისის მთავარი ტური და Fabrikahood.
საყურადღებო ინფორმაცია:
იმისათვის, რომ საქართველოს დედაქალაქში საავტორო ტური შექმნა, საჭირო არ არის გიდის სერტიფიკატი და სპეციალური განათლება.