fbpx

სმარტ სითი – ჭკვიანი ქალაქი ჭკვიანი ადამიანებისთის


გააზიარე სტატია


ოცდამეერთე საუკუნე (მისი დასაწყისი მაინც) მონაცემთა ბაზებისა და ციფრული ქსელების საუკუნეა. ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სულ უფრო და უფრო მეტი დეტალი გადაგვაქვს ციფრულ ფორმატში;

ნებისმიერი ინტერაქცია გარე სამყაროსთან, გაჯეტებთან თუ ერთმანეთთან სრულიად გაციფრულებადი და თვლადი გახდა. ცოდნა კი ძალაა იმისთვის, რომ ამ მონაცემების ანალიზით ჩვენი გარესამყაროს ოპტიმიზაცია და საკუთარ თავზე უკეთ მორგება მოვახერხოთ.

ეს ამოცანა განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ სტრესულ და ქაოსურ გარემოში, როგორიც თანამედროვე ქალაქებია – სადაც, დასახლების სიმჭიდროვისა და ეკონომიკის კონცენტრაციის გამო, ადამიანები ერთმანეთის ყოველდღიურობაზე ძალიან დიდ გავლენას ვახდენთ.

ქალაქი მაღალი წარმადობის წარმონაქმნია – ასეთ გარემოში კი დროული და ტარგეტირებული კომუნიკაციის ნაკლებობამ შეიძლება უამრავი რესურსი, უამრავი დრო დაგვაკარგვინოს.

Smart city-ს კონცეფციაც სწორედ ამას გულისხმობს – ქალაქი, რომლის სხვადასხვა ფუნქციები და სფეროებიც ტექნოლოგიების საშუალებითაა გაუმჯობესებული. ცნობილი ბიზნეს კონსალტინგ კომპანიის, “ფროსტი და სალივანის” დეფინიციით, “სმარტ ქალაქი რვა ცენტრალური კომპონენტისგან შედგება. ესენია: სმარტ მთავრობა, სმარტ ენერგეტიკა, სმარტ შენობები, სმარტ ტრანსპორტი, სმარტ ინფრასტრუქტურა, სმარტ ტექნოლოგია, სმარტ ჯანდაცვა და სმარტ მოქალაქე.”

თითოეული ეს კომპონენტი მიმართულია ამ კონკრეტულ სფეროში ისეთი ტექნოლოგიების შექმნასა და დანერგვაზე, რომლებიც შეკრებენ მონაცემებს, გააანალიზებენ მას და ქალაქის ტრანსპორტირების, ენერგეტიკის თუ თვითმმართველობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარებიან. შედეგად, ვიღებთ ქალაქს, რომელიც ერთ “ნეირონულ ქსელშია” ჩართული და სადაც ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა ძალიან გამარტივებულია.

არ იფიქროთ, თითქოს სმარტქალაქი მხოლოდ ტოკიო ან ნიუ-იორკი შეიძლება იყოს. ნებისმიერი ქალაქი, სადაც ამის ნება გაჩნდება, შეიძლება “დაჭკვიანდეს” – მათ შორის, თბილისიც ^_^

სხვათა შორის, თბილისის “სმარტ” კონცეფციაზე ბოლო ორი
მერის აპარატი მუშაობდა: ამის დასტურად “Tbilisi loves you” და გაჩერებებზე ავტობუსების ტაბლოებიც კმარა. ორივე კომპონენტი “სმარტ სითის” ჩანასახოვანი ატრიბუტია. ამ ატრიბუტებიდან დღეს მხოლოდ “სმარტ ტრანსპორტზე” შევჩერდებით.

ტრასპორტის სფეროში ბევრი დაწინაურებული ქალაქი “ჭკვიან” პროგრამებს ეყრდნობა. ასეა მაგალითად ბუდაპეშტში, სადაც აპლიკაცია Futár მგზავრებს ქალაქში გადაადგილების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაში ეხმარება.

წარმოიდგინეთ, ქალაქის მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის “ცოცხალი” რუკა, სადაც ლაივ რეჟიმში ხედავ მეტროების, ტრამვაის, ავტობუსების გადაადგილებას.

აპლიკაცია, სადაც უთითებ მგზავრობის საწყის და საბოლოო წერტილს, ხოლო ის გითვლის ოპტიმალურ მარშრუტს – საიდან სად გადაჯდე, რამდენი დრო დასჭირდება მგზავრობას, რომელი მარშრუტი ჯობია, სადაა საცობი და ა.შ.

მაგრამ, რაც მთავარია, სატრანსპორტო სისტემის “სიჭკვიანეს” ისიც განსაზღვრავს, თუ რამდენად შეუძლია მას შექმნილ სიტუაციებთან ავტომატური ადაპტაცია – მაგალითად, ავტობუსის 2-3 წუთით “შეყოვნება” იმისთვის, რომ დაგვიანებული მატარებლით ჩამოსულმა მგზავრების ნაკადმა ამ ავტობუსს მაინც ზუსტად წუთი-წუთზე მიუსწროს (იხილეთ ვიდეო).

რეალურად, დღეს, როდესაც ყველა მძღოლს ჯიბეში სმარტფონი უდევს, ხოლო მანქანების მზარდ რაოდენობას უკვე თავად აქვს GPS-ის სისტემა, შესაძლებელია მთელი ქალაქის ტრაფიკზე ინფორმაციის ლაივ რეჟიმში მიღება, დამუშავება და ანალიზი. შედეგად: დასუფთავებისა და მომარაგების დროის უკეთესი განსაზღვრა (როდის უნდა დასუფთავდეს და მომარაგდეს კონკრეტული ქუჩები თუ უბნები), საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმიზაცია (ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალების დალაგება), საცობების მაქსიმალურად შემცირება, გაზრდილი უსაფრთხოება და პარკინგის ოპტიმიზაცია.

ამ ყველაფერზე ორი წლის წინ აქტიურად საუბრობდა თბილისის მერია, მაგრამ იდეის იმპლემენტაციამ ცოტა დაიგვიანა.

თავად თბილისი სმარტ ქალაქის კონცეფციის სპეციალისტებით ნამდვილად არ გამოირჩევა, მაგრამ AT-მა საქმეში ჩახედულ კარგ სპეციალისტს მაინც მიაკვლია.
გიორგი ბაბუნაშვილი ქალაქგანვითარების მიმართულებით მომუშავე “ურბანული ლაბორატორიის” დამფუძნებელია და წლებია სმარტ კონცეფციებს იკვლევს. “ლაბორატორიის” ბოლო პროექტი თბილისის სატრანსპორტო ოპტიმიზაციას შეეხებოდა.

გიორგი ბაბუნაშვილი: “დღეს თბილისის მეტროპოლიტენს საშუალოდ 230 000 მგზავრი გადაჰყავს. მიწისზედა ტრანსპორტზე კი 2,5-ჯერ მეტი, 700 000-მდე მგზავრი მოდის. არადა, მეტროს უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რომელსაც არ/ვერ ვიყენებთ – დღევანდელი ვაგონების პარკით და შემადგენლობების გადაადგილების ოპტიმიზაციით მარტივად შეიძლება მეტროპოლიტენის გამტარობა ნახევარ მილიონ მგზავრს ასცდეს. ამ მარტივი გადაწყვეტით მიწისზედა საზ. ტრანსპორტის დატვირთვა ბევრად შემცირდება და ქალაქი განიტვირთება.

პლუს ამას, როგორც იცით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს დოტაციაზეა – მგზავრობის საფასური რეალურ თვითღირებულებაზე ნაკლებია, ხოლო განსხვავებას მერია ფარავს ბიუჯეტიდან. ავტობუსით ერთი მგზავრის გადაყვანა 8 თეთრით უფრო ძვირი უჯდება ბიუჯეტს, ვიდრე მეტროპოლიტენით.

წყარო: https://tbilisimobility.wordpress.com

მოკლედ, ჩვენი კონცეფციის მთავარი იდეა ისაა, რომ თბილისის მეტროსადგურები, რომლებსაც გამტარობის დიდი პოტენციალი აქვთ, სატრანსპორტო ჰაბებად ვაქციოთ. ამისთვის მიწისზედა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა მოერგოს მეტროსადგურებს – სადგურებთან უნდა მოეწყოს სხვა ტრანსპორტის ბოლო გაჩერებები, გაუქმდეს დუბლირებული მარშრუტები და მგზავრთა ვექტორული ნაკადების გათვალისწინებით შევძლებთ თბილისის მეტროს მაქსიმალურად დატვირთვას.

შედეგი – გაუმჯობესებული ეკოლოგია, განტვირთული ქუჩები, ნაკლები საცობები. ასევე, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ქალაქის მჭიდროდ დასახლებული უბნები მეტროს ჰაბებთან დავაკავშიროთ ტრამვაის ხაზებით, რომლებიც მეტროსადგურებთან შედარებით 10-ჯერ იაფი დაჯდება.

ჩვენი კონცეფცია კიდევ ბევრ დეტალს ეხება – იქნება ეს სატრანსპორტო სისტემის ადაპტაცია შშმ პირებისთვის, მგზავრთა კომფორტის ზრდა მეტროსადგურებში თუ საბილეთო სისტემის შეცვლა ისე, რომ არ დაზარალდნენ მეტროს რეგულარული მომხმარებლები, მაგრამ შევქმნათ მოგების მიღების შესაძლებლობა ქალაქის ხანმოკლე ვიზიტორების და ტურისტების ხარჯზე.”

მართლაც, მეტრო ის ფუფუნებაა, რომელიც ყველა ქალაქს არ აქვს და, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, მისი ოპტიმიზაციის და ახლებურად გამოყენების სულ უფრო ახალი შესაძლებლობები ჩნდება. ეს შეიძლება იყოს Siemens-ის თვითმავალი, ავტონომიური მატარებლები, რომლის მსგავსიც გერმანიაში, ნიურმბერგში 2008 წლიდან ოპერირებს. ან რეგულირებადი შემადგენლობები, რომლებსაც შეიძლება ვაგონები სწრაფად დაემატოს ან ჩაეხსნას იმის მიხედვით, თუ რა დატვირთვას საჭიროებს ქსელი და ამით ენერგომოხმარების 15%-იანი ეკონომია გაკეთდეს.

მოკლედ, განვითარებისთვის სივრცე დიდია, მთავარია სურვილი და “სმარტ” პერსპექტივების დანახვა. ეს დღეს თბილისს ნამდვილად სჭირდება.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.