fbpx

თქვენ დაკარგეთ 300 ლარი (მინიმუმ)


გააზიარე სტატია


საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც თითქმის მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან ცალმხრივად (და ხანდახან ორმხრივადაც) თავისუფალი ვაჭრობა აქვს გაჩაღებული. თითქმის თავისუფალი.

ანუ, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს არ ხვდება კვოტები (“მარტო 1000 მანქანის შემოტანა შეგიძლიათ”), აკრძალვები (“ამ სმარტფონებს ვერ შემოიტანთ”) და სხვა ბარიერები (“მაგ ქვეყნიდან შემოტანა არ შეიძლება”).

ერთადერთი ბარიერი, რაც იმპორტიორს საქართველოს საზღვარზე ხვდება, არის იმპორტის გადასახადი რაღაც კონკრეტულ პროდუქტებზე. ეს გადასახადი სამნაირია – პროდუქტის ღირებულების 5%, 12% ან ფიქსირებული გადასახადი, მაგალითად “გადაიხადეთ ხუთი ლარი ლიტრ იმპორტირებულ სპირტზე”.

იმპორტის გადასახადი პროტექციონიზმის კლასიკური მაგალითია.

“პროტექციონიზმი – სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის მიზანია ქვეყანაში შემოსულ საქონელზე მაღალი ბაჟის დაწესების, კვოტირების, განსაზღვრული საქონლის შემოტანის აკრძალვით ეროვნული მეურნეობის დაცვა უცხოური კონკურენციისგან”.

ამ დროს მთავრობა ცდილობს ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი უცხოური იმპორტისგან დაიცვას. მაგრამ, რის ხარჯზე ხდება ეს და რას ვიღებთ შედეგად?

მაგალითისთვის ავიღოთ ქართული ბაზარი და შოკოლადი.

2009 წელს, დაახლოებით იმ პერიოდში, როდესაც საქართველოში “ბარამბოს” ცნობილი ქარხანა გაიხსნა, მთავრობამ ქვეყანაში იმპორტირებულ შოკოლადსა და ტკბილეულობაზე იმპორტის გადასახადი დააწესა.

შედეგად ის დიდი ბრენდები, რომლებსაც საქართველოში შოკოლადი შემოჰქონდათ, იძულებულები გახდნენ პროდუქციაზე ფასი მინიმუმ 12%-ით გაეზარდათ.

“ბარამბოს” კი, რომელიც Nestle-სთან ან Craft Foods-თან შედარებით მცირე საწარმოა და შოკოლადის დამზადება უფრო ძვირი უჯდება, მიეცა საშუალება, რომ იმპორტულ შოკოლადს გატოლებოდა ფასში.

პროტექციონიზმის მხარდამჭერების მთავარი არგუმენტი ადგილობრივი სამუშაო ადგილების და ბიზნესების დაცვაა ხოლმე, მაგრამ თუ შევხედავთ, რას იწვევს ასეთი ტარიფები ქვეყნის მთელი მოსახლეობისთვის, ნათელი გახდება, რომ პროტექციონისტული პოლიტიკით მხოლოდ ვზარალდებით.

დღეს, როდესაც მაღაზიაში შოკოლადის საყიდლად შედიხართ, “ბარამბოს” გამო თქვენ ვალდებული ხართ ეს პროდუქტი მინიმუმ 12%-ით ძვირად შეიძინოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მწარმოებლის შოკოლადს შეიძენთ.

სამთავრობო ბიუროკრატებმა იზრუნეს იმაზე, რომ თქვენი ჯიბიდან ბევრად მეტი ფული დაიხარჯოს, ვიდრე აპირებდით და ეს მეტობით დახარჯული ფული ან ბიუჯეტში წავიდეს (საიდანაც, ალბათ, ისევ მსგავს საწარმოებს დაასუბსიდირებენ), ან “ბარამბოს” და მასში მომუშავე ადამიანების სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად დაიხარჯოს.

პროტექციონიზმის მეორე ფორმა სამთავრობო სუბსიდიებია.

“სუბსიდია – ფულადი ან ნივთიერი დახმარება, რომელსაც უწევს სახელმწიფო ადგილობრივ ორგანოებს, ფირმებს, ცალკეულ პირებს ან სხვა სახელმწიფოებს”

სუბსიდირების დროს მთავრობა, ადგილობრივი ეკონომიკის რომელიმე სექტორის დასაცავად, იმპორტის გადასახადის მაგივრად, ამ სექტორს პირდაპირ აძლევს გადასახადების გადამხდელებისგან ამოღებულ ფულს.

მაგალითად, თუ თურქული პომიდორი ბაზარზე ღირს ლარი, ხოლო ქართული პომიდვრის მწარმოებელი ფერმერი იძულებულია ქართული პომიდორი 1,5 ლარად გაყიდოს (რადგან უფრო იაფად ვერ აწარმოებს), მთავრობას შეუძლია ყველა ჩვენგანის ჯიბიდან აკრეფილი გადასახადებით ქართველ ფერმერს თითო კილო პომიდორზე წინასწარ გადაუხადოს 50 თეთრი.

შედეგად ქართველ ფერმერსაც ლარად გამოაქვს ბაზარზე პროდუქცია და თურქულს უწევს “კონკურენციას”. როდესაც პომიდვრის საყიდლად მივალთ ბაზარში, ჩვენ ყველას იმ თითოეულ კილოგრამ ქართულ პომიდორში უკვე გვაქვს გადახდილი 50 თეთრი, მთავრობის იძულებით. ვიზუალურად კი გვერდიგვერდ დალაგებული თურქული და ქართული პომიდორი ორივე ლარი ეღირება.

სუბსიდირებისასაც, ხეირობს ვინმე ერთი კონკრეტული ბიზნესმენი თუ ინტერესთა ჯგუფი, ყველა ჩვენგანის ჯიბეში ფულის შემცირების ხარჯზე.

ბოლო 5 წელიწადში სოფლის მეურნეობაში სუბსიდიებისა თუ სხვადასხვა პროგრამების სახით 1 მილიარდ ლარამდე გვაქვს გადახდილი. ეს თითოეულ თქვენგანზე 300 ლარს ნიშნავს. იმ 300 ლარს, რომელსაც სხვა, თქვენთვის საჭირო პროდუქტისა თუ სერვისის შესაძენად გამოიყენებდით.

პროტექციონიზმი აღარიბებს მთელ მოსახლეობას, მცირე ინტერესთა ჯგუფების სურვილების დაკმაყოფილებისთვის. ამაზე უკვე შეთანხმდა განვითარებული მსოფლიო. ეს პრინციპი უდევს საფუძვლად საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციას, WTO-ს.

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაა მწარმოებელი – საქართველოს ყოველი მოქალაქის ინტერესშია, რომ სასურველი პროდუქცია იმისგან იყიდოს, ვინც უფრო იაფად და ხარისხიანად აწარმოებს მას.

რაც უფრო იაფად ვყიდულობთ პროდუქციასა თუ სერვისს, მით უფრო მეტი მყიდველუნარიანობა აქვს ჩვენს ჯიბეში არსებულ ფულს და მით უფრო მდიდრები ვართ ყველანი ერთად.


რეკომენდებული სტატიები
როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით

როგორ ვიშოვოთ ფული ინტერნეტის დახმარებით
გთავაზობთ თვითდასაქმების რამდენიმე გზას, რისთვისაც მხოლოდ ინტერნეტი და საკუთარი უნარების განვითარება დაგჭირდებათ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.