fbpx

ყალბი ნახატების ბაზარი საქართველოში


გააზიარე სტატია

მსოფლიო არტ ბაზარზე ყალბი ნახატების არსებობა ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა. იგივე სიტუაციაა საქართველოშიც. ჩვენი რჩევაა, როდესაც ძვირად ღირებული ნამუშევრის შეძენას გადაწყვეტთ, აუცილებლად აჩვენეთ სპეციალისტს.  

ბრიტანელმა ხელოვანმა, ჯონ მაიეტიმ 200-მდე ნამუშევარი გააყალბა. მისი გაყალბებული ნამუშევრები კი ისეთ ცნობილ აუქციონებზე მოხვდა, როგორიცაა Sotheby’s და Christie’s. მაიეტის გაყალბებული ავტორების სია ასე გამოიყურება: ჯაკომეტი, მატისი, პიკასო, მონე და რენუარი. 1995 წელს ჯონი შოტლანდიაში დააკავეს, სასჯელის მოხდის შემდეგ კი სატელევიზიო შოუ “Mastering the Art” გააკეთა, სადაც მაყურებელს ნამუშევრის სწორად გაყალბების მისეული საიდუმლო ტექნოლოგიები გაუზიარა.

გვესაუბრება ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე დარჩია:

რამდენად დიდია საფრთხე საქართველოს არტ ბაზარზე ნამუშევრის შეძენის დროს?

ეს  დამოკიდებულია იმაზე, რას ყიდულობ და რომელი ავტორისას, რადგან,  ჩვეულებრივ,  მოთხოვნა განსაზღვრავს იმას, თუ რომელი მხატვრის  ნამუშევარს აყალბებენ. რა თქმა უნდა, ფიროსმანის ნახატების შეძენა  ყველაზე საშიშია და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში მომრავლდა ფიროსმანის არცთუ ისე მაღალ დონეზე შესრულებული ასლები, ასევე ბევრი გვხვდება, ყველაზე მეტიც კი, ლადო გუდიაშვილის და შემდეგ უკვე სტატისტიკის მიხედვით ელენე ახვლედიანის, ან დავით კაკაბაძის, ანდა რომელიმე ამ პერიოდის სხვა მხატვრებისა. რეალური საშიშროება იმისა, რომ შეგხვდებათ ყალბი, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, როგორც წესი,  ეს ასლები არ არის ისეთ მაღალ დონეზე შესრულებული, რომ ძალიან გაჭირდეს გამოცნობა.

როგორ ავიცილოთ ეს საფრთხე და სად შევამოწმოთ ყალბია თუ ორიგინალი ნამუშევარი?

ეს მართლა პრობლემაა, რადგან საქართველოში არ არსებობს არც ერთი ორგანიზაცია, რომელიც ლიცენზირებულ ცნობას გასცემს იმის შესახებ, არის თუ არა ნამუშევარი ყალბი. თავის დროზე ამ ცნობას ეროვნული მუზეუმი იძლეოდა, თუმცა, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მუზეუმმა ეს საქმიანობა შეწყვიტა, რადგან ბევრი პრობლემა შეხვდათ სწორედ ამ ორაზროვნების გამო. ამიტომ დღეს ერთადერთი გამოსავალია,  ნამუშევარი მიიტანოთ რომელიმე გალერეაში, აჩვენოთ კოლექციონერს ან ხელოვნებათმცოდნეს (სასურველია, ამ დარგის, ამ სფეროს და ამავე პერიოდის მცოდნე იყოს), რომელიც უკეთ ერკვევა და უნახავს ბევრი მსგავსი ნამუშევარი, მაგრამ ის, რომ ვინმე ცნობას გასცემდეს, ასეთი რამ საქართველოში არ ხდება. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ჩვენ არ გვაქვს ქიმიურ-ლაბორატორიული ბაზა. გვაქვს მხოლოდ ძალიან მარტივი ლაბორატორია, სადაც კვლევა ხდება ულტრაიისფერი შუქის დასხივებით,  და თუ ნამუშევარი კარგად შესრულებული ასლია, ამ შემთხვევაში ჩვენი გუშინწინდელი აპარატურა ვერაფერს გახდება.

რომელი ქართველი მხატვრის ასლებს აკეთებენ ყველაზე კარგად?

ყველაზე კარგად… ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ ყველაზე საშიში რომელი  ასლებია. ძალიან ხშირად იმ ეპოქის, იმ პერიოდის რომელიმე ნაკლებად ცნობილი მხატვრის ხელმოუწერელ ნამუშევარს იღებენ, მაგალითად, მე-19 საუკუნის მიწურულის ან მე-20 საუკუნის დასაწყისისას – როგორც წესი, ერთი ეპოქის მხატვრობას მაინც საერთო ხელწერა ახასიათებს –  ვთქვათ, ნებისმიერ პეიზაჟს, რომელიც არის ზუსტად იმ პერიოდში დახატული და ამას  აპარატურაც დაადასტურებს – არ აქვს მნიშვნელობა ტილო იქნება, ქაღალდი თუ სხვა მასალა, საღებავი იმ პერიოდისაა და წარმოიდგინეთ,  სტილითაც შეიძლება ჰგავდეს მაგალითად, ელენე ახვლედიანის ან დავით კაკაბაძისას და უბრალოდ, ხელმოწერას უკეთებენ. აი ეს არის ყველაზე საშიში, იმიტომ რომ, როდესაც ნამუშევარი ხელში გიჭირავს, ხვდები, რომ აშკარად ძველია, მაგრამ იწყებ  ანალიზს,  დახატავდა თუ არა ამას ის კონკრეტული მხატვარი. ეს უფრო  სუბიექტური სფეროა, მე პირადად ყოველთვის დამოკიდებული ვარ ჩემს ინტუიციასა და თვალზე.

რას საქმიანობთ საბჭოზე – სააგენტოს კულტურულ ფასეულობათა სექციაში?

რაც შეეხება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ საბჭოს, რომლის ერთ-ერთი წევრი მეც ვარ, აქაც პრაქტიკულად დამოკიდებულები ვართ ინტუიციაზე. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი, რადგან  სხვა ინსტრუმენტი არ გაგვაჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ინტუიცია ძალიან პირობითი და სუბიექტურია, მე ყველაზე მეტად მაინც საკუთარ ინტუიციას ვენდობი.

ჩვენი საბჭო ცოტა სხვანაირად ფუნქციონირებს – მან უნდა განსაზღვროს, შეიძლება თუ არა კონკრეტული ნამუშევრის საზღვარგარეთ გატანა. ჩვენ არ გვაქვს მექანიზმი, რომ ავუკრძალოთ ადამიანს პირადი საკუთრების გატანა. მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია ჩარევა – და ეს პუნქტიც კანონში კარგად არ არის დამუშავებული და ახლა მიმდინარეობს დამუშავება – რა კრიტერიუმებით უნდა გადავწყვიტოთ, შეიძლება თუ არა ნამუშევრის ქვეყნის გარეთ გატანა.

რა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, რა მიზეზით გადის ნამუშევარი ქვეყნიდან. მაგალითად,  თუ გამოფენაზე გადის კარგ კატალოგში მოსახვედრად, ამ შემთხვევაში – პირიქით, ეს არის ქვეყნისთვის პრესტიჟი, ფიროსმანი იქნება ეს თუ რომელიმე სხვა მხატვარი, გავიდეს. მაგრამ, თუ ეს არის პირად კოლექციაში დაცული ნამუშევარი, იქ ჩვენ მკვეთრი ზომების მიღების უფლება არ გვაქვს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ძალიან უნიკალურია, უნდა შევაჩეროთ მისი გატანა და ასეთი შემთხვევებიც გვქონია, თუმცა არა იმდენად ქართველ, არამედ უფრო უცხოელ მხატვრებზე.

საქართველოში ძალიან ცოტაა ასეთი ნამუშევარი და საბჭო დილემის წინაშე ხშირად არ დამდგარა.  ხდება ისე, რომ მოაქვთ ნამუშევარი და გვთხოვენ შემოწმებას – ასლია თუ ორიგინალი, თუმცა ჩვენ არ გვაქვს ამისი უფლება. ჩვენ შეგვიძლია ვურჩიოთ და მიახლოებით ვუთხრათ, ძველია თუ არა, მაგრამ საბუთს ვერ გავცემთ.

რა ხდება ამ მხრივ მსოფლიო ბაზარზე?

მსოფლიო ბაზარზე, სხვათა შორის, უკვე ძალიან მომრავლდა სკანდალები, როდესაც წამყვანი მუზეუმების კოლექციაში აღმოჩნდა ყალბი ნამუშევრები. ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვან გოგის ცნობილი “მზესუმზირებიდან” რამდენიმე ყალბია. ამდენად, ყალბი ნამუშევრების არსებობა უკვე მთელი მსოფლიოსთვის არის პრობლემა. უბრალოდ, განვითარებულ ქვეყნებს უფრო მეტი რესურსი აქვთ საიმისოდ, რომ გაარკვიონ ნამუშევრის წარმომავლობა.
ქართული ნამუშევრის წაღება სხვა რომელიმე ქვეყანაში და იქ შემოწმებაც არ არის ჩვენთვის გამოსავალი, რადგან ქართულ მხატვრობას კარგად არ იცნობენ მსოფლიოში. ერთადერთი შეუძლიათ გითხრან, როდის დაიხატა.
გერმანიაში და ინგლისში არსებობს უახლესი აპარატურა, რომელიც ზუსტად ხუთი წლის ცდომილებით ადგენს, როდის დაიდო საღებავის ფენა ტილოზე (ნებისმიერი მასალა – ნებისმიერ საფუძველზე). ეს არის ყველაზე დიდი რამ, რასაც მსოფლიომ ამ სფეროში მიაღწია – აპარატის მეშვეობით ნამუშევრის შესრულების ზუსტი თარიღის გარკვევა. რაც შეეხება ავტორობას, ეს საკითხი იქაც კამათის საგანია. შეიძლება იყოს რემბრანდტის სკოლა, ან რუბენსის სკოლა, რომელსაც, როგორც ცნობილია, უამრავი შეგირდი ჰყავდა და სახელოსნოც „კონვეირივით“ მუშაობდა, ნამუშევრებს კი საბოლოოდ თავად რუბენსი აწერდა ახელს. ასეთი ნამუშევრის ავტორის დადგენა რთულია და ხშირად, პროფესიონალებიც ბევრს კამათობენ ასეთ საკითხებზე;
ყველაფრით ჰგავს, მაგრამ შინაგანად გრძნობ, რომ ეს რუბენსი არ არის, დასაბუთება კი გიჭირს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ დასავლეთში, საქართველოსაგან განსხვავებით, აქვთ საოცრად მდიდარი მონაცემთა ელექტრონული ბაზები, სადაც ცნობილი, მნიშვნელოვანი მხატვრების, პრაქტიკულად, ყველა სურათია შეტანილი, რაც საშუალებას აძლევს ექსპერტებს სკრუპულოზურად შეისწავლონ კონკრეტული ავტორის ხელწერა, მისი სურათების თითოეული დეტალი თუ ფრაგმენტი შეადარონ ერთმანეთს და ანალოგიისა და ანალიზის გზით დაადგინონ სიმართლე. არსებობს კომპიუტერული პროგრამებიც კი, რომელიც მონაცემთა ბაზის მასალის ოპერატიული დამუშავებით ადგენს ჰიპოთეტური ყალბი ნამუშევრის პროცენტულ შესაბამისობას ორიგინალთან. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, ვფიქრობ, ექსპერტის ინტუიციაა გადამწყვეტი.

 


რეკომენდებული სტატიები
არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან

არტ-წიგნები საქართველოდან
ხელოვანის წიგნი (Artists' books) შეიძლება იყოს სხვადასხვა მედიუმში მომუშავე არტისტის მიერ შექმნილი ნებისმიერი შინაარსის წიგნის ფორმის მქონე ნამუშევარი.
დაშორებული წყვილების მუზეუმი - The Museum of Broken Relationships

დაშორებული წყვილების მუზეუმი - The Museum of Broken Relationships

დაშორებული წყვილების მუზეუმი - The Museum of Broken Relationships
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მუზეუმი, ხორვატიაში, ზაგრებში მცხოვრებმა ორმა ხელოვანმა დააარსა, რომლებსაც მანამდე ოთხწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდათ
მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები

მადრიდში სანახავი მუზეუმები
ქალაქის თითქმის ყველა მუზეუმი ცენტრში მდებარეობს და იქ მსოფლიო მხატვრობის საუკეთესო ნიმუშებია თავმოყრილი. ამ სტატიაში რამდენიმე მათგანს გაგაცნობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.