fbpx

ყველაფერი რაც ვიცით „ოსკარების“ მოახლოებულ ცერემონიაზე


გააზიარე სტატია

4 მარტს დოლბის კინოთეატრი კინემატოგრაფიის უმაღლესი ჯილდოს, ოსკარის საიუბილეო, 90-ე ცერემონიას უმასპინძლებს.

წლევანდელი შოუს შესახებ ერთ-ერთი პირველი წამყვანის ვინაობა გახდა ცნობილი –  შარშანდელის მსგავსად, ვარსკვლავებით გადაჭედილ დარბაზს სცენიდან კვლავ ჯიმი კიმელი მიესალმება. გარდა ამისა, არ შეცვლილან არც პროდიუსერები, 2018 წლის ოსკარს – მაიკლ დე ლუკა და ჯენიფერ ტოდი ხელმძღვანელობენ.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში ოსკარის დაჯილდოება კინოაკადემიას $55 მილიონი უჯდება, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ შოუს ღირებულება არ არის, ამ თანხაში შედის წინა საოსკარე კამპანიაც.

რაც შეეხება უშუალოდ შოუს, საიუბილეო 90-ე დაჯილდოების ცერემონიალზე ნომინაციების წარმდგენებს – მათი ნაწილის ვინაობა უკვე ვიცით:

ოსკარის ნომინანტებს გამარჯვების შემთხვევაში ჯილდოს
ვაიოლა დევისი,
მაჰარშაჰა ალი,
ემა სტოუნი,
მარგო რობისი,
ლორა დერნი,
გრეტა გერვიგი,
ჯენიფერ გარნერი,
გალ გადოტი,
მარკ ჰემილი,
არმი ჰამერი,
ოსკარ აიზეკი,
ლინ-მანუელ მირანდა,
ჯინა როდრიგესი,
ევა მარი სინტი,
უეს სტუდი,
კელი მარი ტრენი,
ზენდაია,
ემილი ბლანტი,
ჯეინ ფონდა,
სანდრა ბულოკი,
ჯოდი ფოსტერი,
ეშლი ჯადი,
ნიკოლ კიდმანი,
მეთიუ მაკკონაჰი,
ჰელენ მირენი,
რიტა მორენო და
ლუპიტა ნიონგო გადასცემენ.

აღსანიშნავია, რომ წარმდგენთა შორის, ისტორიაში პირველად, მოხვდა ტრასგენდერი ქალი, მსახიობი დანიელა ვეგა, რომელიც მონაწილეობს ფილმში A Fantastic Woman. ფილმი ოსკარზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზეა წარდგენილი.

რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა იმ შემსრულებლების ვინაობაც, რომლებიც ოსკარის წლევანდელ ცერემონიაზე იმღერებენ: მერი ჯეი ბლიჯი, გაელ გარსია ბერნალი, Common, ანდრა დეი, ნატალია ლაფურკადი, მიგელი, კეალა სითლი და სუფჯან სტივენსი.

აღსანიშნავია, რომ მერი ჯეი ბლიჯი წელს ერთდროულად ორ ნომინაციაზეა წარდგენილი – საუკეთესო სიმღერა და მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი.

თითოეული ის სიმღერა, რომელსაც ზემოთ აღნიშნული მომღერლები (და მსახიობები) შეასრულებენ, ნომინირებულია ოსკარზეც.

რაც შეეხება უშუალოდ ნომინანტებს, ისევე როგორც შარშან, წელსაც არიან ადამიანები, რომლებმაც თავიანთი ნომინაციით ისტორია შექმნეს, ამ სიის უპირობო ლიდერი კი ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპია. სტივენ სპილბერგის The Post-ში შესრულებული როლისთვის, მერილმა ოსკარის ისტორიული, 21-ე ნომინაცია მიიღო.

მერილ სტრიპს აქამდე სამი ოსკარი აქვს მიღებული ფილმებისთვის: “კრამერი კრამერის წინააღმდეგ”, “სოფის არჩევანი” და “რკინის ლედი”.

ამავე სიაშია “ინდიანა ჯონსის”, “ჰარი პოტერის”, “ვარსკვლავური ომების”, “შინდლერის სიისა” თუ სხვა პოპულარული ფილმების კომპოზიტორი, ჯონ უილიამსიც, რომელმაც 2018 წლის ოსკარზე Star Wars: The Last Jedi-სთვის შექმნილი კომპოზიციებისთვის საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში კიდევ ერთი, ამჯერად უკვე 51-ე ნომინაცია მიიღო.

ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე რამდენიმე დღე დარჩა, 4 მარტამდე კი კინოაკადემია, სავარაუდოდ, კიდევ ბევრ სიურპრიზს გაგვიმხელს.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.