TBC არტ გალერეაში საქველმოქმედო გამოფენა იხსნება
1 მარტს, 18:00 საათზე, „თიბისი არტ გალერეაში“ (მარჯანიშვილის 7), ძალადობის მსხვერპლი დედებისა და ბავშვების თავშესაფარში დროებით მცხოვრები ქალების დასახმარებლად საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. საქველმოქმედო აქცია ორდღიანია და მისი ორგანიზატორია “ქალთა ფონდი საქართველოში”.
აქცია ორგანიზებულია გლდანის თავშესაფრის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოს მოსაწყობად, სადაც ქალები დასაქმდებიან, ფინანსურად გაძლიერდებიან და თავიდან აიცილებენ კვლავ ძალადობრივ გარემოში დაბრუნების რისკს. გლდანის თავშესაფრის შენობაში იგეგმება, საჭიროა სამზარეულოს პროფესიული ტექნიკით აღჭურვა და ბენეფიციარი ქალების გადამზადება მაღალკვალიფიციური შეფ-მზარეულის მიერ.
საწარმოსთვის საწყის ეტაპზე საჭიროა 50 000 ლარი. სწორედ ამ თანხის შესაგროვებლად იმართება გამოფენა-გაყიდვა და აუქციონი TBC ART Gallery-ში, სადაც 100-ზე მეტი ქართველი ხელოვანის ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.
გამოფენის კურატორს – სოფო ლაპიაშვილს გაესაუბრა:
“თანხების მოსაგროვებლად ნამუშევრების გაყიდვა სამ ეტაპად არის გაყოფილი.
1 მარტს თიბისის გალერეაში იქნება გამოფენა, რომელზეც წინასწარ შერჩეული ნამუშევრები ფიქსირებულ ფასად გაიყიდება.
2 მარტს უკვე აუქციონი გაიმართება, რომლისთვის რეგისტრაციაც 5-ის ნახევარზე უნდა მოხვიდეთ, თავად აუქციონი კი 5-ზე დაიწყება.
აუქციონზე და გამოფენაზე სხვადასხვა ნამუშვრები იქნება გამოტანილი და ყველა ის ნამუშევარი, რომელსაც პირველ და ორ მარტს არ გამოუჩნდება მყიდველი, ქალთა ფონდის ვებ-საიტიდან გაიყიდება მომდევნო დღეებში. დიდი იმედი გვაქვს, რომ საჭირო თანხის მნიშვნელოვან ნაწილს შევაგროვებთ ამ გზით.
აღსანიშნავია ქართველი არტისტების სოციალური პასუხისმგებლობაც. ვისაც მივმართეთ, ყველამ დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით შემოგვწირა ნამუშევრები ამ ღონისძიებისთვის.
იყვნენ ისეთებიც, რომლებიც თვითონ გვიკავშირდებოდნენ და სურვილს გამოთქვამდნენ რომ მოეცათ ნამუშევრები გასაყიდად. ჯამში 70-ზე მეტი ხელოვანი ჩაერთო ამ აქციაში.“
ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის საქართველოში რამდენიმე თავშესაფარი ფუნქციონირებს, სადაც ქალების განთავსება ლიმიტირებული დროით, რამდენიმე თვის ვადით ხდება და ამ პერიოდის გასვლის შემდეგ ისინი იძულებულები არიან კვლავ ბუნებრივ, უმეტეს შემთხვევებში ძალადობრივ გარემოში დაბრუნდნენ.
თავშესაფრებში მათი გაძლიერებისა და ფინანსური დამოუკიდებლობისთვის პროგრამები ამ დრომდე არ არსებობს და ეს პრეცედენტი მნიშვნელოვანი იქნება ქალების დაცვის მხრივ.
საქველმოქმედო გამოფენასა და აუქციონში მონაწილე ავტორების სია და დეტალური ინფორმაცია ნამუშევრებზე შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულებზე:
- გამოფენა-გაყიდვაზე წარსადგენი ნამუშევრები – http://bit.ly/2EDBqhw
- აუქციონზე წარსადგენი ნამუშევრები – http://bit.ly/2C972hq
გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის გარდა, თავშესაფარში მცხოვრებ ქალთა მხარდაჭერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის სპეციალურ ანგარიშზე გადარიცხვით – GE73TB7505136080100006.