როგორ ვიყიდოთ თანამედროვე ხელოვნება
„ამას რა უნდა, მეც გავაკეთებდი“ – ყველაზე ხშირად წარმოთქმული ფრაზაა, თუმცა თანამედროვე ხელოვნებას, ძველისგან განსხვავებით, ამ კითხვების თუ ფრაზების არ ეშინია. თანამედროვე ხელოვნება თავისუფალია როგორც შემქმნელისთვის, ასევე მნახველისთვის, აქ არ არსებობს ჩარჩოები და დოგმები – რა ტექნიკით უნდა შესრულდეს, ან რა მასალით, რა განათლება უნდა ჰქონდეს ხელოვანს თუ მნახველს, თანამედროვე ხელოვნებაში მთავარი ემოციაა.
ირინა პოპიაშვილი:
როგორი სიტუაციაა ზოგადად არტ ბაზარზე?
თუ ქართულ არტ ბაზარზე ვსაუბრობთ, ალბათ ამ კითხვას ჩემზე უკეთესად ის ქართველი გალერისტები უპასუხებენ, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ამ სფეროში მოღვაწეობენ. არტ ბაზარსაც თავისი სეგმენტები აქვს – მეოცე საუკუნის დასაწყისის ხელოვნება, საბჭოთა პერიოდის სოცრეალიზმი, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის შემოქმედება და ა.შ.
ჩემი პირადი ინტერესი ახალგაზრდა არტისტების აღმოჩენა და მათი კარიერის განვითარებაა. ვინ არიან ეს სტუდენტები და რა აინტერესებთ. ისინი ოთხი წლის შემდეგ იქნებიან ახალი თაობის არტისტები, გალერისტები, კურატორები. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ არის ჩამოყალიბებული გალერეების სისტემა. თითზე ჩამოსათვლელი კურატორები გვყავს.
ვინ და რა სჭირდება მხატვარს? მას სჭირდება გალერეა, კურატორი, მუზეუმი. მე მინდა გამოვუმუშავო სტუდენტებს თავიანთი თავის პრეზენტაციის კარგი უნარი, ვასწავლო საუკეთესო გამოფენების კეთება. ისინი მომავალი კრიტიკოსებიც არიან და მინდა, რომ მათ ეს ყველაფერი იცოდნენ. მე თანამოაზრეები მჭირდება. ასეთი თანამოაზრეები კი ჩემი ასაკის ხალხში ძალიან ცოტა მყავდა (ვატო წერეთლის და თითზე ჩამოსათვლელი რამდენიმე ადამიანის გარდა, თითქმის არავინ). მივხვდი, რომ ასეთი თანამოაზრეები ის ახალგაზრდები შეიძლება ყოფილიყვნენ, რომლებიც ჩემი სტუდენტ-მეგობრები არიან. მე ამ ადამიანებთან ძალიან ბევრი საერთო მაქვს, რადგან ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა.
უახლესი ტენდენციები, მასალა და ტექნოლოგიები თანამედროვე ხელოვნებაში
ბევრ ახალგაზრდა არტისტს აინტერესებს ახალი მასალები და ექსპერიმენტების მიმართ უფრო გახსნილები არიან. თუმცა უნდა ითქვას, რომ თუნდაც იგივე ნეონი არც ისე ახალი მასალაა თანამედროვე ხელოვნებაში. მას გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყენებენ არტისტები. ახალი და არატრადიციული მასალებით ნამუშევრის გაკეთება უფრო ძვირად ღირებულია, რა თქმა უნდა, თუ “ნაპოვნი” მასალა არ არის. მაგალითად. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები ხშირად იყენებენ ძველი აგრარული უნივერსიტეტის “ნაგავს”.
ხელოვანის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა მასალაში მუშაობა. დღევანდელი ხელოვანი მხოლოდ ქაღალდით, ტილოთი, ფუნჯით და ფანქრით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. თუმცა, განვითარებული და ახალი ტექნოლოგიების ბაზა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, რომ ხელოვანმა შეძლოს ასეთი იდეების განხორციელება.
ჯეფ კუნსის დიდი ზომის ქანდაკებები მისი ხელით ხომ არ არის შესრულებული, მისი იდეა იყო ასეთი ტექნიკით გაკეთებული მაგალითად, გულის ქანდაკება, შესრულება და ფაბრიკაცია უკვე სხვადასხვა მეტალის და უჟანგავი საღებავის ტექნიკოსების საქმეა; ასევე მაიკლ სალისტორფერის ბოლო გამოფენა იოჰან კიონიგის გალერეაში Volkswagen-ის ქარხნის სპონსორობით და დახმარებით გაკეთდა.
ყველაზე მოთხოვნადი არტისტები
როგორც შევთანხმდით, მე ახალგაზრდა არტისტებზე ვსაუბრობ – ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” არტისტები დღეს თამარ ჩადუნელი, სანდრო სულაბერიძე, ნინუცა შატბერაშვილი, ნიკა ქუთათელაძე, თამარ ნადირაძე, თამო ხმიადაშვილი არიან.
როგორ იკითხება თანამედროვე ხელოვნება, აქვს თუ არა სპეციალური მეთოდოლოგია თუ უბრალოდ ადამიანის ემოციაზეა გათვლილი
თანამედროვე ხელოვნების აღქმის მეთოდოლოგიის ინსტრუქცია არის მხოლოდ ბევრი გამოფენის, ბევრი ხელოვანის სახელოსნოს და ნამუშევრის დათვალიერება და ნახვა. არამხოლოდ ვირტუალურად, კომპიუტერის ეკრანზე, არამედ პირადად, რეალურ სივრცეში ნახვა. მნიშვნელოვანია კიდევ “ფაქტ ჩეკინგი” განსაკუთრებულად ქართულ საინფორმაციო საიტებზე ხშირად არის სახელოვნებო ახალი ამბების არასწორი ინტერპრეტაცია და არასწორი თარგმანი – ჰედლაინებს უკვე შეცდომაში შეჰყავს მკითხველი.
როგორ ამოვიცნოთ ღირებული არტისტები და მათი ნამუშევრები და საკმარისია თუ არა ემოციებით ხელმძღვანელობა თუ საჭიროა ბექგრაუნდი მათ შესაფასებლად
ღირებული არტისტი – მონეტარულად ღირებული და კრიტიკულად აღიარებული სხვადასხვა კატეგორიაა. თუმცა, არიან ორივე კრიტერიუმით წარმატებულები არტისტებიც. არიან ისეთი არტისტები, ვისაც თავის სფეროში მოღვაწე კრიტიკოსების, კურატორების და მისი კოლეგა არტისტების მაღალი შეფასება აქვთ, თუმცა მონეტარულად მაღალი ფასი არ ადევთ მათ ნამუშევრებს.
მაგალითად, ჩემი აზრით, ლია შველიძე, ვახო ბუღაძე, კოტე სულაბერიძე – ის არტისტები არიან, რომელთა ნამუშევრები დღეს საქართველოში გაცილებით უფრო ძვირად ღირებული უნდა იყოს, ვიდრე შეფასებულია.
ავთო მესხი გამახსენდა – შესანიშნავი არტისტი იყო, რომელიც მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობდა და შარშან გარდაიცვალა. მის ხელოვნებას მისი მეგობარი არტისტები და რამდენიმე ხელოვნების მოყვარული აფასებდა. ჩემი აზრით, ის ძალიან ღირებული არტისტი იყო, რომელიც სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზების გამო მისი ცხოვრების განმავლობაში არ იყო “მონეტარულად ღირებულად” აღიარებული.
არიან არტისტები, რომელთა ფასი არაპროპორციულად მაღალია და ასეთი ღირებული არტისტის იდენტიფიკაციისას ისევე უნდა მოიქცეს დაინტერესებული პირი, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელსაც კარგად არ იცნობს – ან უნდა ენდო ამ სფეროს სპეციალისტს ან უნდა გადაწყვიტო, რომ შენ თვითონ დაძლევ და გაერკვევი სხვების დახმარების გარეშე.
ეს ძალიან პირადულია და მყიდველზეა დამოკიდებული. თუ ადამიანს უნდა იყოს გაცნობიერებული, მყიდველი შეეცდება გაიგოს ნამუშევრის ავტორის შესახებ, სად იფინებოდა, სად სწავლობდა, სხვა ნამუშევრები როგორი აქვს და ა.შ. ზოგიერთს კი საერთოდ არ აინტერესებს ე.წ. არტ კონსულტანტის, ან არტ კრიტიკოსის აზრი და თავისი ემოციით და გემოვნებით ყიდულობს.
ახალგაზრდა ხელოვანის ნამუშევრის ყიდვის „ინვესტიციას” გარანტია არ უნდა სჭირდებოდეს, მყიდველს თავად უნდა მოსწონდეს ნამუშევარი და/ან უნდა ენდობოდეს იმ სპეციალისტს, ვინც ამ ნამუშევრის ყიდვას ურჩევს.