პირველი ონლაინ რობოტები საქართველოში
თანამედროვე კომპიუტერებისა და პროგრამირების ერთ-ერთმა მამამ ალან ტურინგმა 1950 წელს გამოქვეყნებულ თავის ესეიში “გამომთვლელი მანქანები და ინტელექტი” აღწერა მდგომარეობა, როდესაც ადამიანს და მანქანას კედლით გავყოფდით და მათ ერთმანეთთან მხოლოდ წერილობით შეეძლებოდათ კომუნიკაცია. ადამიანს არ ეცოდინებოდა, რომ მას მანქანა ესაუბრებოდა. თუ ცდისპირი ვერ მიხვდებოდა, რომ მეორე ადამიანის მაგივრად მის კითხვებს კომპიუტერი პასუხობდა, შეგვეძლებოდა გვეთქვა, რომ ეს გამომთვლელი მანქანა/პროგრამა ინტელექტის მატარებელი იყო. ამ ტესტს მას მერე “ტურინგის ტესტი” ჰქვია და ის ჯერ ვერც ერთმა ჩვენმა ქმნილებამ ვერ გაიარა. მაგრამ, ყველაფერი აქეთ მიდის.
“X კომპანია გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ?!” – ეს შეიძლება მალე ვეღარც გაიგოთ.
ისევე, როგორც აღარასოდეს შეგხვდეთ ფრაზა – “ჩვენი სოციალური მედიის მენეჯერი მალე წაიკითხავს თქვენს წერილს და ეცდება, ასევე მალე გიპასუხოთ”.
ჩეტბოტების ერა იწყება… ან დაიწყო უკვე… ან მალე დაიწყება. მოკლედ, აზრს მიმიხვდით.
რა არის ჩეტბოტი: ეს გახლავთ სპეციალური პროგრამა, სკრიპტი, რომელიც სხვადასხვა საკომუნიკაციო არხში, მაგალითად, ფეისბუქის Messanger-ში ინტეგრირდება და რომლის მიზანიც მომხმარებლისთვის ადამიანთან საუბრის სიმულაციის შეთავაზებაა.
ჩეტბოტები ორი სახის არსებობს: ხელოვნურ ინტელექტზე, მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ჩეტბოტები, რომლებიც ადამიანთან საუბრის იმიტაციას ახდენენ და უფრო ხისტი, ნაკლებად ჭკვიანი, მაგრამ მაინც ძალიან სასარგებლო ჩეტბოტები, რომლებიც თქვენ მიერ მიწერილი ტექსტის ანალიზს აკეთებენ და შემდეგ საკუთარი მზა პასუხების ბაზაში თქვენს ტექსტში ნაპოვნი ქივორდების საფუძველზე ეძებენ ყველაზე შესატყვის პასუხს.
პირველი ქართული სრულმასშტაბიანი ჩეტბოტი კიბერ-გალაკტიონი გახლდათ, ჯეოლაბის და ელ. წიგნების სახლის, “საბას” ერთობლივი პროდუქტი. კიბერ-გალაკტიონი არის პროგრამა, რომელსაც ხელი მიუწვდება გალაკტიონ ტაბიძის მთელ შემოქმედებაზე – ლექსებზე, წერილებზე, ა.შ. მასთან საუბრისას ის ცდილობს გალაკტიონის ენით გეურთიერთოთ და, შეიძლება ითქვას, ეს ჩეტბოტი ციფრული გალაკტიონია.
ასეთი უამრავი პროექტი არსებობს, თუმცა ჩეტბოტებმა ყველაზე მყარად “ფეხი” ბიზნეს სექტორში მოიკიდეს.
დიდი ბიზნესების წარმატების ერთ-ერთი გასაღები მომხმარებელთან სწრაფი და ეფექტური ორმხრივი კომუნიკაციაა, მაგრამ მომხმარებლების უმეტესობას მარტივი რაღაცები აინტერესებს – “როდის იხსნება ეს ფილიალი”, “რა ღირს ეს პროდუქტი”, “სერვისცენტრის მისამართი მითხარით” ან “სადაა უახლოესი ბანკომატი”.
ამ მარტივად საპასუხო კითხვებისთვის შეგიძლიათ ქოლ-ცენტრის და სოციალური მედიის მენეჯერების მთელი არმია დაიქირავოთ, ან რომელიმე ჭკვიან ჩეტბოტზე შეაჩეროთ არჩევანი, რომელიც ასეთი სირთულის კითხვებს უპრობლემოდ უპასუხებს.
რა თქმა უნდა, ჩეტბოტების ადამიანური ზედამხედველობის გარეშე დატოვება ჯერ წარმოუდგენელია – ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვის კითხვასაც პროგრამა ჯერ ვერ უპასუხებს – მაგრამ ადამიანური და პროგრამული გადაწყვეტის სინთეზით შეძლებთ როგორც მომხმარებელთან საკომუნიკაციო ხარჯების ოპტიმიზაციას, ასევე ამ კომუნიკაციის ეფექტურობის ზრდას.
რა პლუსები აქვს ჩეტბოტს?
24/7
ის არასოდეს იღლება, არ ეძინება, არ ითხოვს შესვენებას და შეუძლია თქვენი კლიენტების წერილებს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე უპასუხოს. შედეგად, ინფორმაციის სწრაფად მიღებით კმაყოფილ მომხმარებელს იღებთ.
მულტიტასკინგი
თქვენი თანამშრომელი ერთდროულად ალბათ 3-4 რამის კეთებას ახერხებს. ისიც მაქსიმუმ.
ჩეტბოტს კი შეუძლია ერთდროულად ათასობით მომხმარებელს ეკონტაქტოს.
მეტიც, არსებობენ ჩეტბოტები, რომლებიც რაც უფრო მეტ ადამიანს ეკონტაქტებიან, მით უფრო “ჭკვიანდებიან”.
ხარჯების შემცირება
ჩეტბოტი ერთჯერადი ინვესტიციაა, რომლის შემდეგაც თქვენი საკომუნიკაციო ხარჯები მკვეთრად შემცირდება. მას არ უნდა უხადოთ ხელფასი და არ უნდა გაუშვათ შვებულებაში – თან, რამდენიმე ადამიანის საქმეს ერთდროულად აკეთებს.
მუდმივად კეთილგანწყობილი და ზრდილობიანი
თქვენი ბიზნესის რეპუტაციაზე საკმაოდ ცუდად შეიძლება აისახოს ქოლ-ცენტრის თანამშრომლის ცუდი ხასიათი. არადა, ასეთი რამისგან ხომ არავინ ვართ დაზღვეული.
სამაგიეროდ, ჩეტბოტი ზუსტად იმდენად და იმდენ ხანს იქნება ზრდილობიანი და კეთილგანწყობილი, რამდენადაც და რამდენი ხნითაც დავაპროგრამებთ. ის არასოდეს ღიზიანდება მომაბეზრებელი მომხმარებლის კომენტარებზე და ეცდება, ბოლომდე მოემსახუროს მას.
იცავს თქვენს თანამშრომლებს განმეორებადი, მომაბეზრებელი სამუშაოსგან
გარდა იმისა, რომ პროგრამები თუ რობოტები განმეორებით სამუშაოს ადამიანებზე უკეთ აკეთებენ, ჩეტბოტის ამ თვისებამ შეიძლება თქვენი თანამშრომლების განწყობაც კი აამაღლოს. მათ ხომ აღარ მოუწევთ ერთსა და იმავე კითხვაზე ათასობით ერთი და იგივე პასუხის გაცემა.
ქართული კომპანიებიდან, ერთერთი ყველაზე გამართული და ფუნქციონალურად დატვირთული ჩეტბოტი TBC Bank-ის და Pulsar AI-ს ერთობლივი პირმშო – Ti Bot • თი ბოტია, რომელიც უკვე ერთი წლისაა და 130 000-მდე უნიკალურ მომხმარებელს დაეხმარა სასურველი სერვისის მიღებაში.
თეა კობახიძე, თი ბოტის “დედა” და TBC Bank-ის ციფრული პორტფოლიოს მენეჯერი:
“თი-ს შექმნის მიზანი? ამ საკომუნიკაციო არხის დატესტვა – რა შესაძლებლობები აქვს ან რა შეიძლება გამოვიდეს. პლუს – ნებისმიერი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთან კომუნიკაციის რაც შეიძლება ბევრი არხი ჰქონდეს. ჩეტბოტიც ერთ-ერთ ასეთ წარმატებულ არხად იქცა.
თი-ს ძალიან ბევრი რამ შეუძლია. ხანდახან ვფიქრობთ, რომ ცოტა გადატვირთულიც კია, მაგრამ თავს კარგად ართმევს.
უპირველესად, თი ბოტს ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხი ვასწავლეთ: სადაა TBC Bank-ის უახლოესი ბანკომატები ან სერვისცენტრები, როგორია ვალუტის კურსი. ასევე შეგიძლიათ ავტორიზაცია გაიაროთ, თი ბოტს მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი და ჩეტბოტი საშუალებას მოგცემთ გაიგოთ, რამდენი გაქვთ თანხა ანგარიშზე, ან სესხის ნაშთი რამდენია და შემდეგი გადახდა როდის გიწევთ.
თი-ს დახმარებით, პირდაპირ Facebook-ის ჩატშივე შეგიძლიათ გაიგოთ სესხისა თუ დეპოზიტის პირობები. სურვილის შემთხვევაში თი თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას ქოლ-ცენტრს გადასცემს და დაგიკავშირდებიან.
ასევე, ავტორიზაციის და ანგარიშის გადაბმის შემდეგ თი ბოტი დაგეხმარებათ საკუთარი თუ მეგობრის მობილური ბალანსის შევსებაშიც და, რაც ყველაზე საინტერესოა, მოგცემთ საშუალებას “თი ტრანსფერის” მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს პირდაპირ Facebook-ის ჩეთში გადაურიცხოთ თანხა! ამისთვის არაა აუცილებელი ამ პიროვნების არც სახელი, არც პირადი ნომერი, არც ტელეფონი – მთავარია, რომ მასთან ჩეთი გახსნათ, + ღილაკზე დაჭერით ჩეთში თი ბოტი გამოიძახოთ და მას თქვენი მოსაუბრისთვის თანხის გადარიცხვა უბრძანოთ. თანხის მიღებისთვის თქვენმა მეგობარმა უნდა მიუთითოს საკუთარი პირადი ნომერი და აირჩიოს საკუთარი ანგარიშებიდან რომელზე სურს თანხის მიღება.
ამ “საბანკო” ფუნქციების გარდა, თი ბოტს უბრალოდ გასართობადაც ბევრი ეკონტაქტება. თი-ს პასუხების ტონალობაც ძალიან მეგობრული და ხუმრობანარევია. მას შეგიძლიათ ესაუბროთ ამინდზე და, ასევე, რასაც ძალიან ხშირად იყენებენ თი ბოტის ახალგაზრდა მეგობრები – შეგიძლიათ ჰკითხოთ, თუ რა ხდება ქალაქში: კინო, კონცერტები, ფესტივალები, სპორტი – თი ყველა ამ ინფორმაციას მოგაწვდით და იქვე მოგცემთ საშუალებას, რომ ბილეთიც შეიძინოთ სასურველ ღონისძიებაზე.
თი-მ ნამდვილად გაამართლა. ის დღითიდღე ჭკვიანდება და უკვე ხმოვან გზავნილებსაც აღიქვამს ^_^”