5 ქართველი მსოფლიოს წამყვან კომპანიებში – vol. 2
ციკლით „ქართველები მსოფლიოს წამყვან კომპანიებში“ გაგაცნობთ ქართველ სპეციალისტებს, რომლებიც, ცოდნითა და პროფესიონალიზმით წამყვანი კომპანიების მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებენ და შესაბამისად, ამ კომპანიებშივე ახდენენ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებას.
თამარ ქარჩავა
პროფესია/პოზიცია: კონსულტანტი ამერიკული განათლების საკითხებში
კომპანია: Amerikazentrum Hamburg
ქალაქი: ჰამბურგი, გერმანია
როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
თავდაპირველად მეუღლის სამსახურის გამო გადმოვედით თბილისიდან ჰამბურგში. საქართველოში საერთაშორისო ამერიკულ ორგანიზაციაში (EducationUSA) 7-წლიანი სამუშაო გამოცდილება მქონდა. ამ ორგანიზაციას გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში აქვს 8 ანალოგიური ცენტრი და მათგან ერთ-ერთი მდებარეობს ჰამბურგში. მათ დავუკავშირდი და მოხალისის საქმიანობა შევთავაზე. თუმცა, ძალიან გამიმართლა და სამუშაო პოზიცია მივიღე.
მოკლედ სამუშაოს შესახებ
ამერიკული ცენტრი ჰამბურგი (Amerikazentrum Hamburg) არის ბინაციონალური ინსტიტუტი, რომელიც მხარს უჭერს გერმანულ/ამერიკულ საგანმანათლებლო და კულტურულ გაცვლით პროგრამებს. ცენტრის საქმიანობაში შედის კონფერენციების, ლექციების და დისკუსიების ორგანიზება მიმდინარე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე, ასევე ტარდება გამოფენები, წიგნის პრეზენტაციები და კინოჩვენებები. ჩვენი ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა განათლება ამერიკაში. როგორც სერტიფიცირებული EducationUSA საკონსულტაციო ცენტრი, ყველა მსურველს შესაძლებლობა აქვს მიიღოს ზუსტი, სრული და დროული ინფორმაცია სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ ამერიკაში.
კახა აბაშიძე
პროფესია/პოზიცია:
მედიის სპეციალისტი / Walt Disney – ევროპა, აზია, აფრიკაში Disney-ს სატელევიზიო არხების დისტრიბუციის ხელმძღვანელი, ვიცე-პრეზიდენტი. ამასთანავე, ახლო აღმოსავლეთში, თურქეთში, ისრაელსა და საბერძნეთში Disney-ს კინო და სატელევიზიო პროდუქციის დისტრიბუციის გენერალური მენეჯერი.
კომპანია: The Walt Disney company EMEA
ქალაქი: ლონდონი, სტამბული, თელ-ავივი, ათენი, დუბაი, მიუნხენი, მილანი; მაგრამ ვცხოვრობ ლონდონში,
როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
ცხოვრებას მივუშვირე აფრები და აქ გამომიყვანა. ამბობენ, გზაზე ბევრს მუშაობდა და არ ჩერდებოდაო, პლუს, რაც მეტს იტან, მეტს გიფასებს.
თავის დროზე, 90-იანებში, არ მეყო მოთმინება დავლოდებოდი საქართველოში სიტუაციის დაწყნარებას და გარემოს დაჟინებულ მოთხოვნას, უკეთესი მომავალი უცხოეთში მეპოვა, დავეთანხმე. ჩამოვედი… დავიწყე ინგლისურის სწავლით, მშენებლობაზე მუშაობით, მერე ერთი კვირით ასისტენტად Turner Broadcasting-ში ამიყვანეს, ფურცლების სატარებლად. და ასე ტვ-ში, როგორც უმრავლესობა, 20 წელი „შევრჩი“.
მოკლედ სამუშაოს შესახებ
ევროპაში, აზიასა და აფრიკაში Disney-სატელევიზიო და კინოპროდუქციის დისტრიბუციის სტრატეგიის შემუშავება, დახვეწა და განხორციელება. ეს პროცესი შეიცავს არაერთ ფაზას, მათ შორის ისეთებს, როგორიცაა მომხმარებლისა და ბაზრის მოთხოვნათა შესწავლა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროდუქტის შექმნა, ტესტირება, შესაბამისი ადამიანური რესურსების, ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა. სულ უფრო ხშირად ხდება საჭირო ამბიდექსტერული ბიზნესმოდელების განვითარება.
დისტრიბუციის ყოველდღიურ რუტინაში ასევე შედის ევროპა-აზია-აფრიკის უმსხვილეს მედია და ტელეკომპანიებთან ურთიერთობა, პარტნიორობა როგორც ერთობლივი პროდუქციის წარმოებაზე, ასევე Disney-ს პროდუქტის ლიცენზირებაზე. ეს კი მოიცავს მოლაპარაკებებს, ხელშეკრულებებს რეგიონის ყველა მსხვილ მედია კომპანიებთან, ბიზნესმოდელირებას, ბიუჯეტების შედგენას და მკაცრ ფინანსურ დისციპლინას. სულ უფრო მეტად მიწევს მონაწილეობა ახალი აქტივების შეძენის პროცესებში ან არაპროფილური აქტივების გაყიდვაში.
ლაშა დემეტრაშვილი
პროფესია/პოზიცია: ლონდონის ჯგუფის წევრი / მამაკაცის სამოსის შესყიდვა
კომპანია: Yohji Yamamoto
ქალაქი: ლონდონი
როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
ლონდონში 13 წლის ასაკიდან ვცხოვრობ და უკვე 14 წელია ვმუშაობ ამ ქალაქში. რამდენიმე წლის წინ შევუერთდი იოჯი იამამოტოს ლონდონის გუნდს.
მოკლედ სამუშაოს შესახებ
ჩემი მოვალეობები ბუტიკის ყველა ასპექტისთვის ყურადღების მიქცევას გულისხმობს. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ პატარა გუნდი ვართ, როლებიც თანაბრად გვაქვს გადანაწილებული. ცოტა ხნის წინ დავიწყე შესყიდვები ბუტიკისთვის მამაკაცის სამოსის ხაზისთვის (Yohji Yamamoto Homme), რაც წელიწადში ორჯერ სამუშაო ვიზიტით პარიზში ჩასვლასაც გულისხმობს.
ნიკა დავითაშვილი
პროფესია/პოზიცია: მონაცემთა გაცვლის და დამუშავების ინფრასტრუქტურის არქიტექტორი
კომპანია:Transurban Limited
ქალაქი: მელბურნი, ავსტრალია
როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად გადავწყვიტე რამდენიმე წლით დედამიწის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრება. მოვაგროვეთ საჭირო საბუთები სამუშაო ვიზის გასაკეთებლად და ჩავედით ავსტრალიაში. სამსახურმა თავად მოგვძებნა LinkedIn-ის მეშვეობით.
მოკლედ სამუშაოს შესახებ
ჩვენი კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალაქების საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას და მართვას უკავშირდება. ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა თვითმართვადი ავტომანქანების ქალაქში გადაადგილების ტესტირება. ამჟამად ვმუშაობ პროექტებზე, რომლებიც ამ ტიპის ავტომანქანების საგზაო ინფრასტრუქტურასთან კომუნიკაციის და შესაბამისი სისტემებისთვის მონაცემთა დამუშავების ცენტრების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული.
ერეკლე ინაშვილი
პროფესია/პოზიცია: უფროსი პროდაქტ-დიზაინერი
კომპანია: Sky Deutschland
ქალაქი: მიუნხენი
როგორ აღმოჩნდით იქ, სადაც ახლა ხართ?
21 წლის ვიყავი, როცა გადავწყვიტე გერმანიაში წამოვსულიყავი და სამაგისტრო განათლება მიმეღო. კონკურსის წესით მოვხვდი ლუდვიგსბურგის კინოაკადემიაში, რომელიც ერთ-ერთ მოწინავე კრეატიულ სასწავლებლად ითვლება ევროპაში. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა – სწავლის დასრულებისთანავე ჩემი მენტორის რეკომენდაციით მოვხვდი ტელეკომპანია RTL-ის დიზაინის დეპარტამენტში, ქალაქ კიოლნში. შემდეგ კი შემოთავაზება მივიღე მიუნხენიდან, სადაც 2011 წლიდან Sky გერმანიის ოფისში დავიწყე მუშაობა.
მოკლედ სამუშაოს შესახებ
Sky-ში ჩემი მუშაობა რამდენიმე ეტაპად იყოფა. პირველ ეტაპზე მომიწია Sky Sport News-ის ბრენდინგზე და საეთერო დიზაინზე მუშაობა, სადაც დიზაინის შექმნა და ბრენდის ბაზარზე დამკვიდრება ჩვენს ახალგაზრდა გუნდს ხვდა წილად. შემდგომში გადავინაცვლე პროდუქტების განვითარების და Digital Innovation-ის დეპარტამენტში, სადაც უკვე Sky-ის სტრატეგიული პროდუქტებისთვის დიზაინის და ბრენდინგის განვითარება მევალებოდა. ამაში იგულისხმება კომპანიის მიერ ინოვაციური სერვისების შეთავაზება, Apple TV-ზე, Apple, Android და Smart TV პლატფორმებზე. დღეს “სქაის” Open innovation hub-ში სტარტაპების ბრენდ-კონსალტინგი და მენტორშიფი მევალება. ასევე მაქვს საკუთარი Brand-Thinking სტუდია – erekle.de, რომელიც პროდუქტების განვითარებითა და ბრენდინგითაა დაკავებული.