fbpx

„ქოლგა თბილისი ფოტო“ ქართველი ფოტოგრაფებისათვის სპეციალურ პრიზს აწესებს


გააზიარე სტატია

„ქოლგა თბილისი ფოტოს“ მე-17 გამოცემა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ აუდიტორიას და შესაბამისად, წელს ქართველი ფოტოგრაფებისათვის „ქოლგა თბილისი ფოტომ“ დააწესა სპეციალური პრიზი – სტაჟირება საერთაშორისო ფოტოსააგენტო პროსპექტში, ქალაქ მილანში.

ეს პრიზი გადაეცემა ქართველ ფოტოგრაფს, რომელსაც ფოტოსააგენტო პროსპექტი შეარჩევს შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტოპროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, მობილური ფოტოსერია.

გამარჯვებული ფოტოგრაფი 2 კვირით გაემგზავრება იტალიაში, ქალაქ მილანში, სადაც მისი მენტორები – სამუელე პელეკია (ფოტოსააგენტოს დირექტორი) და ფრანჩესკო მერლინი (ფოტოსააგენტოს მთავარი რედაქტორი) ფოტოგრაფს პროექტის იდეის შემუშავებაში, გადაღებასა და დამუშავებაში დაეხმარებიან. მენტორები ასევე დაეხმარებიან ფოტოგრაფს მისი პროექტის საერთაშორისო მედიაში გავრცელებასა და სამომავლოდ მნიშვნელოვანი კონტაქტების მოძიებაში.

„პროსპექტი“ იტალიური სააგენტოა, რომელიც დოკუმენტურ ფოტოგრაფიასა და ამბების ვიზუალური თხრობაზეა ორიენტირებული. სააგენტო აერთიანებს საერთაშორისო ფოტოჟურნალისტებს, რომლებიც ცხოვრობენ მილანში, ბარსელონაში, ბერლინში, ლონდონში, პარიზში, მოსკოვში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოში, ვენეცაში, დელიში, კოპენჰაგენში, ჯაკარტაში, ტოკიოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში.

ფოტოსააგენტოს შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: ფოტოსააგენტო პროსპექტი.

ფოტოკონკურსზე რეგისტრაცის საფასური ქართველი ფოტოგრაფებისათვის შემცირდა და შეადგენს 15$-ს.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ფოტოები გამოაგზავნონ შემდეგ კატეგორიებში:

  • დოკუმენტური სერია
  • რეპორტაჟი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი
  • საუკეთესო კადრი/Best shot
  • მობილური ერთი კადრი
  • მობილური ფოტოსერია

შეგახსენებთ, რომ ფოტოკონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენს 7 000 აშშ დოლარს, რაც პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციის კატეგორიაში გამარჯვებულებს (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტოსერია) გადაეცემათ 500 – 500 აშშ დოლარი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შესაძლებელია ქოლგა თბილისი ფოტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 მარტი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected]


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.