fbpx

თბილისის „კომუნალკები“ – აპოკალიფსის მზა დეკორაცია


გააზიარე სტატია


კომუნიზმის გარიჟრაჟზე ინდივიდუალურ ბინაში ცხოვრება ფუფუნებად ითვლებოდა და ქალაქის მოსახლეობის დიდი ნაწილი კომუნალურ ბინებში, ე.წ. „კომუნალკებში“ ცხოვრობდა. ეს საცხოვრებელი სივრცეები საბჭოეთში ოქტომბრის რევოლუციამ და კომუნისტურმა იდეოლოგიამ „შვა”.

საქართველოში, კომუნისტების ერთ-ერთი „პროექტი“, მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში მიგრაცია და ასევე პროლეტარიატის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა იყო. ვინაიდან ქალაქებში ახალი ნაკადის დასაკმაყოფილებლად საკმარისი საცხოვრებელი ფართები არ აღმოჩნდა, „გამოსავალი“ მოიძებნა და ბინებად გადაკეთდა „ბურჟუაზიის წარმომადგენლების“ ჩამორთმეულ ბინებსა თუ სახლებში ცალკეული ოთახები და ასევე, სხვადასხვა დაწესებულებები.

ყველაზე დიდი დარტყმა, რა თქმა უნდა, იმ ხალხმა მიიღო, ვისაც საკუთარ ბინებში აბსოლუტურად უცხო, ხშირ შემთხვევაში, მათ მიმართ მტრულად განწყობილი ხალხი შეუსახლეს. კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მიზანიც სწორედ ეს იყო: ყველა ფენის გათანაბრება. ასე აღმოჩნდა სხვადასხვა სოციალური ფენის, წარმომავლობის თუ შეხედულების ადამიანი ერთ სივრცეში.

საბჭოთა თბილისის კომუნალურ საცხოვრებლებს, ძირითადად „დერეფნული სისტემა“ ახასიათებდა. გრძელი დერეფნის გასწვრივ ჩამწკრივებული ბევრი კარი, ხოლო დერეფნის ბოლოს, როგორც წესი, საერთო სველი წერტილი და სამზარეულო. თბილისური „კომუნალკებისათვის” დამახასიათებელი იყო ასევე გრძელი, ღია აივნებიც.

ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დისკომფორტული საცხოვრებელი სივრცე, წესით, დროებითი მოვლენა უნდა ყოფილიყო, თუმცა…

21-ე საუკუნის თბილისში, სადაც უწყვეტად მიმდინარეობს ე.წ. ელიტარული საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ჯერ კიდევ შემორჩენილი საერთო საცხოვრებელი სივრცეები საოცარ კონტრასტს ქმნის.

კერძო საკუთრებასთან ბრძოლის შედეგად ჩამორთმეული სივრცეები, საბოლოოდ მაინც შეისყიდა და დაისაკუთრა ოდესღაც შესახლებული ხალხის შთამომავლობამ. „კომუნალკებმაც“ ტრანსფორმაცია განიცადა… სველი წერტილები, შეძლებისდაგვარად, ბევრმა თავის საცხოვრებელ ფართში მოაქცია და „კომუნალკებს” პირველადი სახით დღეს ნაკლებად ვხვდებით.

ეს შენობები სავალალო, ავარიულ მდგომარეობაშია. არადა მათი უმრავლესობა არქიტექტურული ძეგლი ან ძეგლის ნიშნის მატარებელია.

თაბუკაშვილის 46/ლაღიძის 2

შენობა დაახლოებით 150 წლისაა და თავდაპირველად დაწყებით სამხედრო სკოლას, ხოლო შემდგომ კადეტთა კორპუსს ეკუთვნოდა. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ კადეტთა კორპუსი გაუქმდა და 1918 წელს შენობა კომუნალურ საცხოვრებლად გადაკეთდა. დღეს შენობის ოთახების ნაწილი გაქირავებულია (ძირითადად ამ „ოფისებიდან” ქირავდება საკარნავალო და ნაციონალური კოსტიუმები). შენობას მინიჭებული აქვს არქიტექტურული ძეგლის სტატუსი და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს. იმის მიუხედავად, რომ საცხოვრებელი პირობები აბსოლუტურად შეუსაბამოა უსაფრთხოების თუ სხვა მნიშვნელოვან საცხოვრებელ ნორმებთან, შენობაში 80 ოჯახი ცხოვრობს.

ინგოროყვას 22

მე-19 საუკუნის მიწურულს შიო ჩიტაძის ხელმძღვანელობით ამ შენობაში დაიდო ბინა „ვაჟთა ქართულმა გიმნაზიამ”. 1906 წელს შენობაში შეიჭრა რუსი ჟანდარმერია (თითქოს სკოლის შენობიდან ყუმბარა ესროლეს რუს სამხედრო მაღალჩინოსანს), სკოლა დაარბიეს და შიო ჩიტაძე ადგილზე მოკლეს. გიმნაზია გაუქმდა. რევოლუციის შემდგომ, 1922 წელს, შენობაში განთავსდა ამიერკავკასიის საგანგებო კომისია (ЗакЧК), სადაც ლავრენტი ბერიას კაბინეტი და ასევე იზოლატორი იყო განთავსებული. ომის შემდგომ შენობა საცხოვრებელ ოთახებად დაყვეს. შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და „ძეგლის ნიშნის მატარებელის” სტატუსს ატარებს.

ჩიტაიას 20 

შენობა არქიტექტურული ძეგლის სტატუსს ფლობს და თბილისში ერთ-ერთი გამორჩეული სადარბაზო და სადარბაზოს კიბე აქვს. სახლი აშენებულია მე-19 საუკუნის ბოლოს და აქ ერთ ფლიგელში სამხედრო სასწავლებელი და ყაზარმები, ხოლო მეორეში – გენერალიტეტის საცხოვრებელი ბინები იყო განლაგებული. მოსახლეობა შეასახლეს მეორე მსოფლიო ომამდე. შენობა ავარიულია და საჭიროებს რესტავრაციას.

მაზნიაშვილის 15

მე-19 საუკუნის ბოლოს აგებული შენობა ადმირალ ნახიმოვის სახელობის სასწავლებლის განაყოფი იყო. მოსახლეობა შეასახლეს 30-იან წლებში. შენობა ნაკლებად ავარიულია. სადარბაზოც და სახლის ფასადიც გარემონტებულია და სიძველის ნიშნები ნაკლებად შეინიშნება.

მესხეთის 70

შენობა არანაირ არქიტექტურულ თუ ისტორიულ ღირებულებას არ წარმოადგენს. აშენდა გასული საუკუნის 40-იან წლებში, როგორც დროებითი საერთო საცხოვრებლი. აქ მოსახლეობა გასული საუკუნის 50-იან წლებში შეასახლეს.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში

"სახლის მცხობელები" თბილისში
გთავაზობთ სხვადასხვა თაობის 2 მცხობელის ინტერვიუს, რომლებიც კლიენტებისთვის ნამცხვრებსა და ტორტებს თავიანთ ბინებში ამზადებენ
ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია

ლიფტის ყუთების წარმოშობა და ევოლუცია
თხუთმეტიოდე წლის წინ დედაქალაქის საცხოვრებელი კორპუსების ლიფტებში ხურდის ჩასაყრელი პირველი ყუთების დამონტაჟება დაიწყო და დღეისათვის თბილისის კორპუსების დიდი ნაწილი მოიცვა. გამოჩენის დღიდან ეს მექანიზმი მოსახლეობაში არაერთგვაროვან რეაქციას იწვევს, თუმცა, მეორე მხრივ, ლიფტის მომსახურების საფასურის გადახდის ყველაზე ეფექტიანი საშუალება აღმოჩნდა.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.