როგორ გავამწვანოთ საძინებელი ოთახი
სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილზე, ყველას მოგვისმენია, რომ მცენარეები ფოტოსინთეზის მეშვეობით ჰაერიდან იღებენ ნახშირორჟანგს და მას ჟანგბადად გარდაქმნიან.
მაგრამ ის თუ იცით, რომ ღამით, როდესაც მცენარეს მზის სხივები არ ხვდება, ისინი ჩვენსავით იწყებენ სუნთქვას – ჰაერიდან ჟანგბადს შეისუნთქავენ და ნახშირორჟანგს გამოყოფენ?
სწორედ ამის გამო არსებობს მითი, რომ საძინებელ ოთახში მცენარეები არაა რეკომენდებული.
მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მცენარე ღამის განმავლობაში ადამიანზე ან ცხოველზე ბევრად ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოყოფს. მაგალითისთვის, ძილი იმ ოთახში, სადაც თქვენ გარდა კიდევ ერთ ადამიანს მაინც სძინავს, ჯანმრთელობისთვის ნაკლებად სასარგებლოა, ვიდრე ძილი მცენარეებით სავსე ოთახში.
ხოლო ის სარგებელი, რაც სიმწვანეს სახლში, კერძოდ კი საძინებელში მოაქვს, განუსაზღვრელად დიდია. გარდა იმისა, რომ მცენარეები აცოცხლებენ ოთახს და აუმჯობესებენ გუნება-განწყობას, ისინი წმენდენ ჰაერს ისეთი დამაბინძურებელი აირებისა და ნაწილაკებისგან, როგორებიცაა: ფორმალდეჰიდი (formaldehyde), ტრიქლორეთილენი (trichloroethylene), ქსილინი (xylene), ტოლუენი (toluene) და ბენზოლი (benzene).
ასევე, დამღლელი და სტრესული სამუშაო დღის შემდეგ მცენარეების მოვლა, ან თუნდაც რამდენიმეწუთიანი კონტაქტი დაგეხმარებათ დამშვიდებასა და სტრესთან გამკლავებაში.
თუ სახლისთვის მცენარის ყიდვას გადაწყვეტთ, შერჩევამდე ჯერ საჭიროა შეამოწმოთ სინათლისა და ტემპერატურის დონე თქვენს ოთახში. თუ თქვენი საძინებელი შედარებით ბნელი და გრილია, არ უნდა შეიძინოთ ისეთი მცენარე, რომელსაც ბევრი შუქი და სითბო უყვარს.
ახლა კი უშუალოდ მცენარეებზე:
კოსმოსში ყოფნისას ასტრონავტებისთვის სუფთა ჰაერის მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ 1989 წლიდან მოყოლებული NASA კოსმოსურ სადგურებზე ჰაერის გაწმენდის მიზნით სხვადასხვა მცენარეების ეფექტიანობას იკვლევს.
შეგიძლიათ კვლევა თავად იხილოთ Clean Air Study by the NASA.
ამ სიაში უამრავი მცენარეა, სხვადასხვა თვისებებით და მახასიათებლებით. მათგან ისეთები ამოვარჩიეთ, რომელთა შეძენას საქართველოში მარტივად შეძლებთ, ხოლო ფოტოების გადასაღებად კი ნინოშვილის 8-ში, Fabrika-ში განთავსებულ მცენარეების მაღაზიას, Plant Shop-ს ვესტუმრეთ.
საუკეთესო მცენარეები საძინებელი ოთახისთვის:
სანსევიერია (Sansevieria)
საძინებელი ოთახის ვარსკვლავი! კარგად გრძნობს თავს შედარებით დაბალი განათების პირობებშიც. არ სჭირდება განსაკუთრებული მოვლა. კვლევები ამტკიცებენ, რომ ეს მცენარე ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდაქმნას ღამის განმავლობაშიც აგრძელებს.
ალოე ვერა (Aloe Vera)
გამოირჩევა მრავალი ტალანტით. ის ჰაერს ბენზოლისა და ფორმალდეჰიდისგან წმენდს, მისი გელი კი კანს დაგირბილებთ ^_^
ქლოროფიტუმი (Chlorophytum)
აშორებს ჰაერიდან ტოქსინებს, მოსავლელად უმარტივესია და არ არის ტოქსიკური ცხოველებისთვის. ეს მცენარე ძალიან ლამაზი ხდება მაშინ, როდესაც ფოთლების ბოლოში პატარა ყვავილები უჩნდება.
ფილოდენდრონი (Philodendron)
გაზარდეთ ფილოდენდრონი (Philodendron) თქვენი საწოლის გვერდით ან გაუშვით ის კედელზე. მისი ფოთლების გულისებრი ფორმა თქვენს ოთახს რომანტიკულ შტრიხს შემატებს. ის ასევე წმენდს ჰაერს ტოქსინებისგან.
პალმა არეკა/დიფსისი (Areca/Dypsis)
კიდევ ერთი ზედგამოჭრილი მცენარე თქვენი საძინებლისთვის. ასუფთავებს ჰაერს და არ არის ტოქსიკური შინაური ცხოველებისთვის. ის თქვენს ოთახს ნამდვილ ტროპიკულ ჯუნგლებად გადააქცევს, სადაც მშვიდად გამოიძინებთ.