fbpx

Skaters Gonna Skate


გააზიარე სტატია

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე სკეიტბორდინგი წარმოდგენილი იქნება, როგორც ოფიციალური სპორტული სახეობა.

გვიანი 50-იანი წლებიდან მოყოლებული, როდესაც სკეიტბორდინგი ჩაისახა, აქტიობის ეს სახეობა იყო კონტრკულტურის ნაწილი, ალტერნატიული სივრცე, რომელიც დაცლილია გაუცხოებისგან და თავისუფლებას გთავაზობს.

სკეიტერობისთვის მხოლოდ ერთი უნივერსალური მოთხოვნა არსებობს – კატაობა თავდავიწყებით უნდა გიყვარდეს.

3 წელია, რაც სკეიტით “ვკატაობ”, მანამდე ერთი მეგობარი მყავდა მარტო, მერე და მერე გავიცანი ხალხი და ვიგრძენი, რომ რაღაც ქომიუნითის ნაწილი გავხდი. მოკლედ რომ ვთქვათ, სოციალიზაციაში დამეხმარა ძალიან. გარდა ამისა რთულ სიტუაციებში, მაგალითად, ზოგი რომ ალკოჰოლით ან სხვა რამით ახერხებს რაღაცებზე გულის გადაყოლებას, მე გამოვდივარ და “ვკატაობ”. არა, მეც ვსვამ ხოლმე, მაგრამ ამ ორივეს ვუთავსებ და ყველაფერი უფრო უკეთ გამოდის.

 

დაახლოებით 19 წელია “ვკატაობ”, აქ ყველაზე სტაჟიანი ალბათ მე ვარ. როცა სკეიტზე დავდექი, 90-იანებში, მახსოვს, სწორ ადგილს ძლივს ვპოულობდი, თან სულ მარტოს მიწევდა, რადგან სხვა ჩემ ირგვლივ არავინ “კატაობდა”. წლების მერე, როდესაც საქართველოში დავბრუნდი, ბევრი სკეიტერი მეგობარი შევიძინე, სიტუაცია ამ კუთხით გამოსწორებული იყო, სამწუხაროდ ბევრმა თავი დაანება, შეიძლება ითქვას, სკეიტერების ბევრ თაობას მოვესწარი და ბევრი ჩემ თვალწინ გაიზარდა, რაც ძალიან საინტერესო პროცესი იყო. ახლა შორიდან რომ ვუყურებ, ერთადერთი, რაც ამ 19 წელიწადში არ შეცვლილა, მაინც ხალხის დამოკიდებულებაა.

ადრე, 90-იანებში, ხალხს უცხოპლანეტელი ვეგონე, ეს რაღაც დაფა რომ მეჭირა ხელში. ახლაც დაახლოებით ეგრეა, მეტროში რომ ჩავდივარ, ვგრძნობ, რომ ზოგ ადამიანში სკეიტის გამო გაბრაზებას ან ზიზღსაც ვიწვევ.

 

ყველაზე მეტად აზარტულია, როდესაც რაღაცისთვის იბრძვი. სკეიტიც ასეა, სულ ცდილობ, რომ რაღაც ახალი გააკეთო და განვითარდე, ეგ მაძლევს ყველაზე დიდ დრაივს და სტიმულს. ამ ყველაფერს უფრო მეტად ერთიანი სახე აქვს, როცა ბევრნი “ვკატაობთ” ქალაქში და ალბათ ძალიან ლამაზი სანახავი უნდა იყოს შორიდან. თავისუფალი დრო სულ სკეიტს მიაქვს ძირითადად და მგონია, რომ წლების წინ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როდესაც პირველად გამოვედი “საკატაოდ”.

 

როდესაც მე მოვედი, მახსოვს, ყველა ყველას იცნობდა, ახალი ვიყავი, მაგრამ მარტივად მოვახერხე ამ ჯგუფის ნაწილი გავმხდარიყავი, მერე კიდევ უფრო მეტი და მეტი ბავშვი შემოგვემატა. 4 წელია “ვკატაობ” და რაღაცები მგონი, პოზიტიურად იცვლება, მაგალითად, მაშინ სკეიტ-შოპები არ არსებობდა და მარტივად ვერ შოულობდი სკეიტს, ახლა თუ გაგიტყდება, ნებისმიერ დროს შეგიძლია მიხვიდე და ახალი იყიდო, უბრალოდ, ეს არც ისე იაფია.

 

წლების წინ, როცა “კატაობა” დავიწყე, ხშირად გვქონდა ქალაქგარეთ გასვლები, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში…. მთავარი მიზანი ახალი “საკატაო” ადგილების აღმოჩენა და სხვა სკეიტერებთან დამეგობრება იყო. მაშინ სკეიტერები სულ ერთმანეთს ვეძებდით, ქუჩაში ვინმეს სკეიტშუზი თუ ეცვა, მივდიოდით და ვეკითხებოდით, სკეიტერი ხომ არ ხარო. მერე ნელ-ნელა ყველა ქალაქს მიეცა საშუალება ამ კუთხით განვითარებულიყო, ახლაც გავდივართ ხოლმე, ძირითადად რუსთავში, მაგრამ ის ძველი “დუხი” აღარ არის, რადგან ახლა ყველა თითქოს თავისთვის არის, ბევრი ადგილია “საკატაოდ” და აღარ გვიწევს ერთმანეთის ძებნა.

 

ზუსტად არ მახსოვს, როდის დავიწყე “კატაობა”, მაგრამ აშკარად ძალიან დიდი ხანი გავიდა იმის მერე, რაც (ბავშვობაში) პირველად გადავწყვიტე, რომ სკეიტერი გავმხდარიყავი. რაც ზუსტად მახსოვს, არის ის, რომ დასაწყისიდანვე სკეიტბორდინგმა დამანახა ახალი სამყარო, რომელშიც მთავარი იყო და დღემდე არის თავისუფლება.

ვთვლი, რომ სკეიტბორდინგი ძალიან სივრცული რამაა და ბევრ ადამიანს აერთიანებს ერთი მიზნით, თანაც გლობალურად. მგონი, მხოლოდ სკეიტერებს შეუძლიათ წავიდნენ სხვა ქვეყანაში და მომენტალურად დაუმეგობრდნენ უცხო ადამიანს ქუჩაში, იმიტომ რომ ისიც “კატაობს”.

ყველაზე საინტერესო რამ, რაც სკეიტბორდინგით ვისწავლე, არის განსხვავებული ხედვა. სკეიტერებისთვის ნებისმიერი სივრცე მარტივად შეიძლება გადაიქცეს ულიმიტო შესაძლებლობების ზონად. საჭიროა უბრალოდ ხედვის შეცვლა, რომ ჩვეულებრივი კიბე ან მოაჯირი გამოიყენო ისე, როგორც არქიტექტორებს და ფეხით მოსიარულეებს არასდროს მოსვლიათ აზრად.


რეკომენდებული სტატიები
საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად

საფეხმავლო ტურები თბილისის უკეთ გასაცნობად
გთავაზობთ თბილისის უკეთ გასაცნობად შექმნილ სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე ტურის მარშრუტს, რომელთა გავლაც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დამოუკიდებელ გიდებთან ერთად
სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში

სპორტული წრეების ფასები თბილისში
გთავაზობთ დედაქალაქის მასშტაბით ბავშვთა სპორტული დარბაზებისა და კლუბების არასრულ ჩამონათვალს და მათი მომსახურების ღირებულებას
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.