fbpx

რესტავრატორი სტუდენტების ხილული სასწაულები


გააზიარე სტატია


2005 წელს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში ჩამოყალიბდა რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი. რესტავრაცია, ცხადია, მანამდეც ისწავლებოდა, თუმცა დიფერენცირებულად: არქიტექტურის ფაკულტეტზე უძრავი ძეგლების რესტავრაცია, ხოლო ხელოვნების ნიმუშების ფაკულტეტზე – ფერწერისა და სხვა მოძრავი ძეგლების.

რესტავრაციის ფაკულტეტის სტუდენტები უკვე 10 წელია რეგიონალური მუზეუმების ძეგლების რესტავრაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებენ. პროექტის ფარგლებში, 2500-ზე მეტი ექსპონატის რესტავრაცია მოხერხდა, მათ შორისაა ატენის სიონისა და ჯვრის მონასტრის მცირე ნაგებობის ქვის შესწავლისა და კონსერვაციის პროექტები, რომლებიც ახლაც მიმდინარეობს.

რესტავრაციის ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების შესახებ თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დეკან ნინო ჭოღოშვილს გაესაუბრა.

ფაკულტეტის ჩამოყალიბების შემდგომ, რა შეიცვალა სწავლების სპეციფიკაში?
ახლანდელი სწავლების ფორმატი რადიკალურად შეცვლილია და შეესაბამება ბოლონიის პროცესებში მონაწილე აკრედიტირებული უნივერსიტეტების სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ რესტავრაცია ჩვენთანაც ჩამოყალიბდა როგორც მეცნიერების დარგი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ რაიმეს აღდგენას. ჩვენს სტუდენტებს ყოველთვის ვუხსნით, რომ ისინი, ექიმების მსგავსად, მკურნალობას სწავლობენ, მხოლოდ არა პაციენტების, არამედ კულტურული მემკვიდრეობის. დღეს, მსოფლიოში შეცვლილია რესტავრაციის სტანდარტები და ითვლება, რომ უძრავი თუ მოძრავი ძეგლის კონსერვაცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რესტავრაცია. პრიორიტეტულია ძეგლის ავთენტურობის შენარჩუნება და არა მისი პირვანდელი სახით აღდგენა.

ასევე აუცილებელია, ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის ჩატარება და საბედნიეროდ, კავკასიის ყველა სხვა უნივერსიტეტთან შედარებით, გვაქვს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორია. რესტავრაციის ფაკულტეტებზე, უკვე აუცილებელი საგნებია ქიმია და ბიოლოგია. ეს ის მიმართულებებია, რომლის ცოდნაც რესტავრატორისათვის აუცილებელია. ამით იმის თქმა მინდა, რომ აბსოლუტურად შეცვლილია მთლიანად სწავლების სისტემა და სრულად შეესაბამება იმ ცივილიზებულ ქვეყნებს, სადაც ძალიან განვითარებულია რესტავრაცია, როგორც მეცნიერება.

<

>

რითი ახსნით იმ მოვლენას, რომ რესტავრაციის ფაკულტეტზე აბიტურიენტთა ნაკადი არ არის დამაკმაყოფილებელი?

გასაკვირი და სამწუხაროა, რომ ამ დარგის მიმართ, მაინც არ არის შესაბამისი ინტერესი. საქმე ისაა, რომ ეს პროფესია ნაკლებ ხილულია და რესტავრატორის ძალიან რთული და საპასუხისმგებლო შრომა არ ჩანს. შესაბამისად, ამ ფაკულტეტზე აბიტურიენტთა ნაკადიც შედარებით მცირეა. თუმცა ის სტუდენტები და ახალგაზრდა რესტავრატორები, რომლებიც ამ დარგით დაინტერესდნენ, თავისი საქმის მიმართ თავდადებულნი არიან.

უკანასკნელი, ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ვარძიის დაზიანებული კედლის მხატვრობის აღდგენა, ამის ნათელი მაგალითია.

ახალგაზრდა რესტავრატორი, გვანცა ფოცხიშვილი:
„სანამ ვარძიის კედლის მხატვრობა დაზიანდებოდა, კურტოს უნივერსიტეტთან ერთად, განხორციელებული 4 წლიანი პროექტის ფარგლებში, მოხდა სწორედ ვარძიის კედლის მხატვრობის ფუნდამენტური შესწავლა. შეიძლება ითქვას, რომ ეს საბედისწერო დამთხვევა იყო და ამან გაამარტივა ვარძიის წმენდის პროცესი.

ხანძარი ნოემბერში გაჩნდა და აუცილებელი იყო პირველი წმენდა, ყინვის დაწყებამდე მოგვესწრო, იმისათვის, რომ ჭვარტლი მეტად არ გამჯდარიყო. სამუშაო რთული იყო, თუმცა მოვასწარით და წმენდის მეორე ეტაპი, უკვე გაზაფხულზე გავაგრძელეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ფრესკის გარკვეული ნაწილები თითქმის მთლიანად დაუბრუნდა პირვანდელ სახეს.

ასეთი დაზიანებების თავის აცილების მიზნით, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ, და განსაკუთრებით ეკლესიამ, გაითავისოს, რომ ის მემკვიდრეობა რომელსაც ის ფლობს არ არის მისი საკუთრება არამედ ეს – ეროვნული საგანძურია. სწორედ დაუდევრობის და ძეგლთან მოპყრობის ნორმების დარღვევის მსხვერპლია ვარძიაც და სამწუხაროდ, არაერთი სხვა ძეგლი. უამრავ საუკუნეს, მტრის შემოსევას გაუძლო ჩვენმა ძეგლებმა, ტაძრებმა, ფრესკებმა და უბრალოდ სირცხვილია, რომ ისინი 21-ე საუკუნეში ზიანდება.“


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.