fbpx

მსოფლიოს საიდუმლო სამხედრო ბაზები ფიტნეს-აპლიკაციამ გამოაშკარავა


გააზიარე სტატია


როდესაც სმარტფონში ახალ აპლიკაციას გადმოწერთ და მას თქვენს სხვადასხვა რესურსზე აძლევთ წვდომას – იქნება ეს ფოტოაპარატი, მიკროფონი, ბრაუზინგის ინფო თუ GPS კოორდინატები – ჩათვალეთ, რომ ამ აპლიკაციას თქვენს ცხოვრებაზე უამრავი ინფორმაციის შეგროვება შეუძლია.

ასეთი გზით მოგროვილ ინფორმაციას Big Data-ს უწოდებენ და მის ანალიზს ჯერ ახლა ვსწავლობთ. იდეაში, ამ ინფორმაციიდან ჩვენს ყოველდღიურ ქცევაზე უამრავი სტატისტიკური მონაცემის ანალიზი და მონეტიზაცია შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ Big Data ანალიზი ჯერ კიდევ ჩანასახოვან ფორმაშია, უამრავი კომპანია თავისი აპლიკაციების მეშვეობით ჩვენზე ამ ინფორმაციას უბრალოდ აგროვებს და ინახავს იმის იმედით, რომ მომავალში, ტექნოლოგიის დახვეწასთან ერთად, ამ ინფორმაციის ეფექტურად გამოყენებასაც ისწავლის.

ხან კი ისეც ხდება, რომ ეს კომპანიები, სხვადასხვა მარკეტინგული მიზნებით, ამ ინფორმაციაზე წვდომას ყველას აძლევენ ხოლმე.

სწორედ ასე მოხდა, როდესაც 2018 წლის იანვრის ბოლოს აშშ-ში, სან-ფრანცისკოში, 2008 წელს დაფუძნებულმა ერთ-ერთმა ფიტნეს აპლიკაციამ, სახელად “Strava” თავისი მომხმარებლების GPS კოორდინატების და გადაადგილების მარშრუტების გამოყენებით მსოფლიო “სარბენი” რუკა წარმოგვიდგინა. რუკაზე დატანილია ამ აპის ყველა მომხმარებლის მიერ გარბენილი ყოველი მეტრი. ჯამში, დაახლოებით, მილიარდზე მეტი აქტივობა.

რუკა

თუმცა, ამ ერთ შეხედვით სახალისო და საინტერესო რუკამ მსოფლიოს გარშემო დიდი მილიტარიზებული სახელმწიფოების თავდაცვის სამინისტროებში ნამდვილი პანიკა გამოიწვია.

როგორც აღმოჩნდა, ამ აპლიკაციას უამრავი საიდუმლო სამხედრო ობიექტების პერსონალი იყენებს საკუთარი ფიტნეს-მიღწევების გასაზომად. შედეგად მივიღეთ ყველა ამ ობიექტის ზუსტი კოორდინატების მსოფლიო რუკა 😀

რუკის გამოქვეყნებიდან სულ მალე ინტერნეტი გაივსო სხვადასხვა, ერთი შეხედვით მიტოვებული, ლოკაციების სკრინებით და დამცინავი კომენტარებით.

ტვიტერის მომხმარებელი Jack Nelson-ის რამდენიმე ტვიტი:
“ნეტავ სად შეიძლება ვნახო, სადაა განლაგებული აშშ-ის დრონების ბაზა ჯიბუტიში?!”

*ზუსტად 30 წამის შემდეგ*

“ნეტავ ვინ დარბის სომალიში ამ მიტოვებული ავიაბაზის გარშემო?”

“წარმოდგენა არ მაქვს, რა ხდება ჯარვისის კუნძულზე.”

ყოფილი სამხედრო, ტვიტერის მომხმარებელი Tobias Schneider შეშფოთებულია ასეთი ინფორმაციის ინტერნეტში მოხვედრით:

“რუკაზე მარტივად ჩანს სხვადასხვა ცნობილი სამხედრო ბაზების მომარაგებისა თუ პატრულირების მარშრუტები.”

Mustafa Al-Bassam-მა კი ბრიტანეთის ატომური იარაღის უდიდესი საცავის აერო-ფოტო Stravia-ს რუკას დაადო და ეს შედეგი მიიღო:

“ეს HMNB Clyde-ია, სამხედრო ბაზა, სადაც ბრიტანეთის ატომური შეიარაღება ინახება. დაცვის რა დაბალი დონის სტანდარტებია ბაზაში, რომ პერსონალს გარე პერიმეტრიდან შეუძლია ატომურ იარაღამდე საკუთარი ელექტრონიკა შეიტანოს.”

ამ მომხმარებლის ბოლო ტვიტი კი აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოსა NSA და ბრიტანეთის დაზვერვისა და კომუნიკაციების სააგენტოს GCHQ “შეპირისპირებითი დახასიათებაა:”

“როგორც ჩანს, GCHQ-ს შენობაში Stravia-ს აპს უფრო ხშირად იყენებენ, ვიდრე NSA-ში. ალბათ იმიტომ, რომ ბრიტანეთში ხშირად წვიმს.”

როგორც ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა CNN-ს განუცხადა, “თავდაცვის დეპარტამენტი ასეთ შემთხვევებს ძალიან სერიოზულ ყურადღებას აქცევს და ამ სიტუაციასაც აანალიზებს, რათა დადგინდეს, საჭიროა თუ არა დამატებით ტრენინგები და სპეციფიკური დირექტივები.”

P.S.
მათთვის, ვინც სტატია ბოლომდე წაიკითხა, ბონუსი შემოვინახეთ – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული ობიექტის, ზონა 51-ის ფოტო Stravia-ს ბაზაში.
როგორც ჩანს, ამ ობიექტზე ელექტრონიკის შეტანა მკაცრად კონტროლდება, რადგან მონაცემები ძალიან მწირია.


რეკომენდებული სტატიები
ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები

ბლოკჩეინის კაზინო და სხვა ინოვაციური აპლიკაციები
ბლოკჩეინს, როგორც ცალკე აღებულ ტექნოლოგიას, უზარმაზარი მომავალი აქვს და მალე მას იმგვარად და ისეთ სფეროებში გამოვიყენებთ, დღეს რომ აზრადაც არ მოგვივა
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.