ადაპტაცია – ჩაიცვი ქალაქი, Slow Pulse-ს ახალი პროექტი


გააზიარე სტატია

Slow Pulse წარმოგიდგენთ პროექტს „ადაპტაცია“, რომელიც 29 მარტს, თავისუფლების მოედანზე, ტაბიძის ქ.N1-ში გაიხსნება და 31 მარტამდე გაგრძელდება.

Slow Pulse ორი ადამიანის – მარიამ იაკობაშვილისა და გიორგი ყარალაშვილის კოლაბორაციაა, რომლებიც სხვადასხვა მედიაში და თანამედროვე ხელოვნების მრავალი მიმართულებით მუშაობენ.

პროექტზე „ადაპტაცია“ მუშაობა დაიწყეს 2015 წელს და პირველი პრეზენტაცია გაკეთდა 2016 წელს ”City Stories”-ის სახელწოდებით. ურბანულ თემაზე შექმნილი ნამუშევრების სერია არის ერთგვარი რეაქცია ქალაქის დღევანდელ სახეზე და იმაზე, თუ როგორი რთულია, ადაპტირდე ამ სივრცეში.

„ემოციის დონეზე მახსოვს, ათი წლის წინ ვხედავდი ჰორიზონტს, რომელიც მომწონდა. ახლა მხოლოდ ემოცია მახსოვს, ჰორიზონტი აღარ.

სივრცე ჩვენს გარშემო ისეთი სისწრაფით იცვლება, რომ დამახსოვრებასაც ვერ ვასწრებთ.
რა ემოციას იწვევს ჩვენში ქალაქი, რომელშიც ვცხოვრობთ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ სივრცე ოკუპირებულია და არ გაძლევს საშუალებას, შენს ინდივიდუალურ შინაგან ემოციებსა და გარემოს შორის რაიმე კავშირი იპოვნო.

ემოციურად სრულიად აცდენილია ერთმანეთს ის, რასაც ვხედავთ და ის, ვინც ვართ.

ქალაქის დაგეგმარება ტეტრისის თამაშს ჰგავს. სხვადასხვა ფორმის გეომეტრიული ფიგურებისთვის არჩევ თავისუფალ სივრცეს და სვამ. უბრალოდ, აქ წაშლის ფუნქცია არ არსებობს.

ამ პრინციპით თუ იწყებ თამაშს, უეჭველად წაგებული გაქვს იმიტომ, რომ ერთ დღესაც სივრცე გაივსება და მორჩა. ოღონდ, ეს თამაშში. რეალურ ცხოვრებაში ამ სივრცეში არსებობა სულ შეიძლება გაგრძელდეს და საინტერესოა ის მისტერია, რაშიც შეიძლება რეალობა გადაიზარდოს.

იქიდან გამომდინარე, რომ ამის უკუპროცესი აღარ არსებობს, ისღა რჩება რომ ვადაპტირდეთ სივრცეში, რომელიც გვაქვს.

პროექტი „ადაპტაცია“ ჩვენზეა, ადამიანებზე, რომლებიც ემოციურად სრულიად გამიჯნულები არიან გარემოსგან.

ამ სივრცეში ადაპტაციის სხვადასხვა ვარიანტიდან, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ კი არ მოვერგოთ ქალაქს, როგორიც არის, არამედ მოვირგოთ ქალაქი, როგორიც არის.

პირდაპირი მნიშვნელობით ჩავიცვათ ქალაქი,
და ვიყოთ ქალაქი.

 

და აი, წარმოიდგინეთ სრულიად ადაპტირებული და გარემოსთან შერწყმული ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად თავისუფალია თავის თავში.

არანაირი მოცემულობა არ გაქვს, რაზე და როგორ უნდა იფიქრო, აკეთებ იმას, რაც გინდა, განიცდი იმას, რაც გინდა და თან ქამელეონი ხარ, სრულიად ადაპტირებული და უჩინარი.

თან ყველაზე დიდი კონფორმისტი ხარ და თან ყველაზე დიდი მეამბოხე.

ეს იმას არ ნიშნავს რომ იმალები,
ეს უფრო შენიღბვაა,
შენი ჯავშანი რომელიც გიცავს,
შენი პირადი ადაპტაცია,

 

თანამედროვე სამყაროს კამუფლაჟი.“


რეკომენდებული სტატიები
ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი

ქართული გრაფიკა ინსტაგრამში - ეროტიკა, გლამური, პრიმიტივიზმი
წარმოგიდგენთ ქართველ არტისტებს, რომლებიც ინსტაგრამზე ეროტიკულ და არა მხოლოდ ეროტიკულ კონტენტს ანთავსებენ
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.