fbpx

მუსიკალური ტურნე უკაცრიელ ადგილებში


გააზიარე სტატია

მუსიკალური ტურნე უკაცრიელ ადგილებში – ინტერვიუ მუსიკოს ნატუკა ნაცვლიშვილთან

მიტოვებული და უდაბური ადგილები არაერთი არტისტისთვის გამხდარა საინტერესო და მიმზიდველი. ერთ-ერთი მათგანია მუსიკოსი ნატუკა ნაცვლიშვილი, რომელმაც 2017 წლის მაისში 6 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა მიტოვებული შენობების მოსაძებნად, რომლებშიც თავისი მომავალი ალბომიდან სიმღერებს შეასრულებდა.

ნატუკას ტურნემ მოიცვა მიტოვებული დასახლებები პოლონეთში, უნგრეთში, ხორვატიაში, ჩერნოგორიაში, თურქეთსა და საბერძნეთში. ამ ქვეყნებში მუსიკოსი უკაცრიელ სახლებს, ამფითეატრებს, სასტუმროებს, ეკლესიებს და კოშკებს სტუმრობდა და სცენად იყენებდა. ტურნე ერთი თვე გრძელდებოდა. მის ფარგლებში ჩაწერილი აუდიო და ვიდეომასალა კი დამუშავების პროცესშია.

ტურნეს რუკა

საიდან გაგიჩნდა უკაცრიელ ადგილებში ტურნეს იდეა და როგორ შეადგინე მარშრუტი?

ყველაფერი ჩემი გამოუქვეყნებელი წიგნიდან დაიწყო. ვწერდი თავს, სადაც მთავარი პერსონაჟი დაკარგული მეგობრის საძებნელად მიდის მიტოვებულ სოფელში. მაშინ მეც სოფელში ვიყავი, ჩემს საგვარეულო სახლში, რომელთანაც გასაგები, მაგრამ ცოტა არ იყოს, მანიაკალური ბმა მაქვს.

იქაურობასთან ბევრი ტკბილ-მწარე შეგრძნება მაკავშირებს და მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრია უამრავი ცარიელი სახლი, რომელთა ფანჯრებშიც ჩემს ბავშვობაში შუქი ენთო.

მაშინ პირველად დავფიქრდი, რამდენი გაუმზეურებელი რამ არის დალექილი მიტოვებულ ადგილებში და რა მჭიდრო კავშირშია ეს ყველაფერი მეხსიერებასთან, როგორც მექანიზმთან, რომელიც პატრონისაგან დამოუკიდებლად შეიძლება გააქტიურდეს ან გამოირთოს და შეიძლება არარსებული მოგონებებიც კი შეაკოწიწოს.

ეს ადგილები აერთიანებს კოლექტიურ, უსასრულო და სამუდამო მეხსიერებას, რომელიც გვაძლევს იმედს, რომ სიკვდილის შემდეგ, იმის მიუხედავად, რამდენ ფოტოს ან ნივთს დავტოვებთ, მაინც შევუერთდებით ამ უზარმაზარ პლასტს.

მეორე მხრივ, ეს იყო უბრალო და ძალიან დიდი სურვილი, რომ მუსიკისთვის, რომელსაც დაახლოებით იმავე პერიოდში ვწერდი, ილუსტრაციები შემექმნა. წარმომედგინა „სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებით” – ჩემი აკვიატებული ფრაზა-კადრი გალაკტიონის ლექსიდან “დომინო”.

ტურნე მე და ტიმ ბერეზინმა ერთობლივად დავგეგმეთ. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდით, ის იყო, რომ უნდა წავსულიყავით სრულყოფილ მუსიკალურ ტურნეში, რომლის ფარგლებშიც მე არა რეალური აუდიტორიისთვის, არამედ კედლებისთვის, მწერებისთვის, ცხოველებისთვის და მაქსიმუმ მოჩვენებებისთვის ვიმღერებდი. ადგილები წინასწარ დავგეგმეთ და გადავწყვიტეთ, მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვსულიყავით. დავიწყეთ ბელორუსიიდან და დავასრულეთ თურქეთით.

უნგრეთი, სოფელი ბოკოდი

რამდენად გამართლდა შენი მოლოდინი და რა აღმოჩნდა ყველაზე შთამბეჭდავი?

შეიძლება წინასწარი განწყობის ბრალი იყო ან დაღლილობის, ან უძილობის და უსასრულოდ გაგრძელებული გზის, მაგრამ თითოეული ეს ადგილი სრულიად ცვლიდა ჩვენს განწყობას და თითქოს გვაიძულებდა, შეგვეცვალა მარშრუტიც. ვიკარგებოდით ტყეებში, ვძვრებოდით უზარმაზარ ქვის გალავნებზე, არარსებული გესთჰაუსების ძებნაში გვათენდებოდა და ჩვენც თითქოს გამიზნულად ვაძლიერებდით დაძაბულობას.

მე სულ მქონდა შეგრძნება, რომ კომპიუტერული თამაშის იმ მომენტში ვარ გაჭედილი, ძლიერი სროლის შემდეგ რომ პაუზაა, მთავარ გმირს რომ ზურგში უყურებ და შემდეგი მინიშნების ძებნაში ფონური მუსიკა ნელდება, გარშემო კიდევ ცარიელი კედლებია და არ იცი, რომელი მხრიდან მოგადგება მტერი.

გზად ათენისკენ

მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ ამბის ყველაზე კარგად მოყოლა ჩამონათვალში შეიძლება. ჰოდა, აი:

  • ფაშისტების აშენებული უზარმაზარი ამფითეატრი პოლონეთში, ერთი მხრიდან კლდეშია შეჭრილი, მეორე მხრიდან შემზარავად ვრცელი საზეიმო ქვის კიბე ჩადის ტყეში და იმ ტყეში ერთი ნანგრევიც არ არის;
  • კერეპეშის სასაფლაო ბუდაპეშტში – იქ ერთ ქვის ბიჭს ზურგს უკან ქვის სიკვდილი უდგას, მანტიის კაპიუშონში თავი არ არის. გარშემო აკლდამები და ლამაზი ფრიალაკაბებიანი მკვდარი მარმარილოს ქალებია;
  • ვილა “ფაზანოსი”, რომელიც საპნების მაგნატს აუშენებია ოდესღაც და მერე გესტაპოს შტაბად გადააკეთეს. ახლა კი იქ ულვაშებიანი კაცი ცხოვრობს, დაცვა, რომელმაც დიდი ხვეწნის მერე შეგვაპარა;
  • ქალაქი წყალზე – ბოკოდი, უნგრეთში;
  • უკვე ხორვატიაში – “ოპეკა” – სასახლე უზარმაზარ სეკვოიებიან ბოტანიკურ ბაღში, სადაც პირველად შევხვდი სუროში საშიშრად მივარდნილ კედლებს და ფანჯრებიდან შემოპარულ მზის სხივებს წვრილ ზოლებად;
  • ბოსილევო – როგორც ადგილობრივები ეძახიან – დაწყევლილი კოშკი, რომელიც სინამდვილეში შუა საუკუნეების ქალაქია ხორვატიაში. მე-19 საუკუნეში ხან სანატორიუმად, ხან საავადმყოფოდ გადააკეთეს. იქ გიგანტური ობობები დაცოცავდნენ, პარკეტი ხომ თავისთავად საშინლად ჭრიალებდა და ბნელ სარდაფში ოდესღაც საფუძვლიანად გაქონილ რამდენიმე ღუმელს ბრჭყვიალა მტვერი ედო.
ხორვატია, კუნძული კრკა, მიტოვბული სასტუმრო ჰალუდოვო

მერე იყო ზღვისპირა სასტუმროების მთელი რიგი. ამ სასტუმროების რესტორნებში ყველაფერი შუშის არის და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს პირწამტვრეულ შამპანურის ბოთლში დადიხარ. მოზაიკის აუზში ვიმღერე, სანამ საბერძნეთში გადავიდოდით მონტენეგროს გავლით და როპოტოში აღმოვჩნდებოდით. ეს არის მეწყერის შედეგად მთაზე დაცურებული სოფელი, დაყირავებული სახლებით და ეკლესიით, რომელშიც ხატებიც დაყირავებულად კიდია.

მერე – მიტოვებული სოფლები ჩემს საყვარელ კუნძულ ქიოსზე. მოსახლეობა თურქებმა ამოწყვიტეს ომის დროს, მერე ხანძარმა გადაუარა. მაგალითად, ანავატოსში ერთი ოჯახი ცხოვრობს, პატარა კაფე აქვთ, ფეტას და ზეთისხილს ყიდიან.

მოგზაურობის ბოლო წერტილად მე ლოვოკომეიოს აღვიქვამ, მიუხედავად იმისა, რომ ასე არ იყო. მდინარის პირას, ვარდისფერ ყვავილებსა და ცაცხვებში, ბილიკის ბოლოს კეთროვანთა კოლონიაა, რომელზეც იმ დღიდან მოყოლებული ალბათ ყოველდღე ვყვები რაღაცას. ვიხსენებ ხოლმე საბავშვო წიგნებს, თავახდილ ეკლესიას, ბინტებს, საწოლებს და “ხელუხლებელს”.

ლოვოკომეიო, კეთროვანთა კოლონია, კუნძული ქიოსი, საბერძნეთი.

ბოლოს – პერგამა, სტამბული, შაფრანბოლუ, ამასია და მთელი ანატოლია. ამ ადგილებში მოგზაურობის შემდეგ მივხვდი, რომ საერთოდ არ შემიძლია საინტერესოდ მოვყვე ამბები. სულ ვიშველიებ ისეთ სიტყვათ შეთანხმებებს, როგორიც არის – “სიტყვებით ვერ აღვწერ” ან “ეს უნდა ნახოთ”. თან მე უბრალო დამთვალიერებელი არ ვიყავი და ყოველი ეს ადგილი სცენად უნდა მექცია. ამიტომ დამყვებოდა ალბათ უცნაური ფაქტურების და შეგრძნებების ღრუბელი, მთელი ერთი თვის განმავლობაში, შლეიფივით.

საბოლოოდ ყველა პუნქტს და ყველა მიზანს თუ სურვილს ამ მოგზაურობაში პლუსი დავუსვით. ვიდეოები ჯერჯერობით მონტაჟდება, მაგრამ ყველგან მუსიკის მიღმა ისმის ის უცნაური მრავალმნიშვნელოვანი სიჩუმე, რომლის გამოც ჩვენს სამუდამო აკვიატებად იქცა მიტოვებულ ადგილებში მოგზაურობის ჟინი.


რეკომენდებული სტატიები
ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი

ზამთარში სანახავი 10 ევროპული ქალაქი
გაგაცნობთ 10 ევროპული ქალაქის ჩამონათვალს, რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდება ევროპის ზამთრის სამოგზაურო რეკომენდაციებში. თითოეული დანიშნულების ადგილის პოპულარობის მიზეზს კი მათი აღწერებიდან შეიტყობთ.
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.