ბიტკოინის შემქმნელი – უხილავი სატოში ნაკამოტო
სატოში ნაკამოტო XXI საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანია. მისი ვინაობის გარკვევას, სავარაუდოდ – ფარულად, არაერთი ქვეყნის სპეცსამსახური ცდილობს.
ის, სხვადასხვა დათვლების მიხედვით, 1 მილიონამდე ბიტკოინს უნდა ფლობდეს (10 მლრდ აშშ დოლარი).
მისი 9-გვერდიანი ნაშრომიდან ნათელია, რომ ის ერთდროულად ბრიტანული ინგლისურის, კრიპტოგრაფიის, კომპიუტერული პროგრამირების და ეკონომიკის ბრწყინვალე მცოდნეა.
და თან, არ ვიცით, ვინაა…
ინტერნეტი სავსეა ვარაუდებით, თუ ვინ იმალება ამ სახელის და გვარის უკან. ზოგი იმასაც კი ამბობს, რომ ამდენი სფეროს ასე კარგად მცოდნე ერთი ადამიანი ვერ იქნება, ადამიანების ჯგუფი დგას ნაკამოტოს ფსევდონიმის უკანო.
ოფიციალურად მხოლოდ ის ვიცით, რომ მის მიერვე შექმნილ ბლოგზე, Bitcointalk-ზე დარეგისტრირებული “სატოში ნაკამოტო” 1975 წლის 5 აპრილს დაბადებული იაპონელი პროგრამისტია… მაგრამ, ამ სახელის და გვარის, ამ პროფესიის ადამიანი იაპონიაში არ იძებნება.
არაოფიციალურად – ვის აღარ აბრალებენ და ვინ აღარ დაიბრალა ნაკამოტობა.
AT_ წარმოგიდგენთ ყველაზე საინტერესო და სავარაუდო კანდიდატების არასრულ სიას:
დორიან სატოში ნაკამოტო (Dorian Nakamoto)
კალიფორნიელი იაპონელის, დორიან ნაკამოტოს ცხოვრება აუტანელი გახდა მას მერე, რაც Newsweek-ის ჟურნალისტმა ლეა გოლდმანმა საკუთარ სტატიაში განაცხადა, რომ ბიტკოინის შემქმნელი იპოვა.
ბატონი დორიანი იდეალურად ჯდება ლეგენდარული პროგრამისტის ამპლუაში – ის განათლებით ფიზიკოსია, წლების განმავლობაში სისტემურ ადმინისტრატორად მუშაობდა სხვადასხვა გასაიდუმლოებულ სახელმწიფო პროგრამებში თუ ფინანსურ კომპანიებში. 90-იანებში ნაკამოტო პენსიაზე გავიდა და ლიბერტარიანელი გახდა (ის ნაკამოტოც ლიბერტარიანელია).
ჟურნალისტების წნეხს დორიანმა დიდხანს გაუძლო, თუმცა ბოლოს დანებდა და ვრცელ ინტერვიუში კატეგორიულად უარყო მისი კავშირი კრიპტოვალუტებთან. “არც კი ვიცი, ბიტკოინი რა არის,”- განაცხადა მან.
მოგვიანებით, სატოში ნაკამოტოს პირად ფორუმზე, რომელზეც ავტორი ბოლო 5 წლის განმავლობაში არაფერს წერდა, ახალი განცხადება გამოჩნდა – “მე არ ვარ დორიან ნაკამოტო”.
Who knows.
ჰალ ფინი (Hal Finney)
დორიან ნაკამოტოს მეზობლად კიდევ ერთი შესანიშნავი პროგრამისტი და კრიპტოგრაფი ცხოვრობდა. ჰალ ფინი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც სატოში ნაკამოტოსგან ბიტკოინები მიიღო – 2009 წლის 12 იანვარს (ბიტკოინის შექმნიდან 9 დღეში) პირველი ტრანსაქცია სწორედ მის საფულეში განხორციელდა. მისი წერის მანერა ასევე ძალიან ჰგავს ნაკამოტოს ტექსტებს, თუმცა მიიჩნევა, რომ ის ნაკამოტოს “მწერალი” გახლდათ და მას იდენტობის დამალვაში ეხმარებოდა.
ნიკოლას საბო (Nick Szabo)
ეს უნგრელი-ამერიკელი პროგრამისტი ბიტკოინის შემქმნელობის ყველაზე რეალურ კანდიდატად მიიჩნევა. საბო წლებია დეცენტრალიზებული ფულის ენთუზიასტია. 1998 წელს გამოქვეყნებული მისი ნაშრომი bit gold, რომელიც კრიპტოვალუტებს ეხებოდა, თავად სატოში ნაკამოტოსაც კი აქვს მოხსენიებული ბიტკოინის white-paper-ში.
2013 წელს ბლოგერმა, სახელად Skye Grey საბოს და სატოში ნაკამოტოს ტექსტების სტილომეტრიკული ანალიზის საფუძველზე დაასკვნა, რომ ეს ტექსტები ერთსა და იმავე ადამიანს ეკუთვნის.
თუმცა, თავად საბო ამ ეჭვებს არ იზიარებს და არაერთხელ უარყო მისი კავშირი ბიტკოინის შემქნელის პიროვნებასთან.
P.S. მეგობრებისთვის ცნობილი ფაქტია, რომ ნიკ საბო ფსევდონიმების დიდი მოყვარულია. თან, უნგრულად, ჯერ პიროვნების გვარი იწერება, ხოლო მერე სახელი.
Szabo Nick >> Szatoshi Nickamoto >> Satoshi Nakamoto :მხრების აჩეჩვა:
ვინც უნდა იყოს სატოში ნაკამოტო, კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი თავსატეხის ამომხსნელი, იმდენს ნამდვილად მოახერხებდა, რომ საკუთარი იდენტობა საგულდაგულოდ დაემალა.
თუმცა, რომც ვერ დაემალა, ბანკებისთვის და მთავრობებისთვის ეს დიდად ვერაფერს შეცვლიდა – მათ მაინც მოუწევთ სულ სხვა სამყაროსთან ადაპტირება.
ისევე, როგორც ჩვენ – ადამიანებს. ოღონდ ჩვენ, მათგან განსხვავებით, მეტი თავისუფლება მოვიპოვეთ.