fbpx

ცხოველების გაჩუქების აქციები თბილისში


გააზიარე სტატია

მიუხედავად იმისა, რომ თბილისში უკანასკნელ წლებში ქუჩის ცხოველთა სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამები ამოქმედდა, უპატრონო ცხოველების პრობლემა დედაქალაქში მაინც მწვავედ დგას. უპატრონო ცხოველებს შორის განსაკუთრებით მაღალია კნუტებისა და ლეკვების სიკვდილიანობა. ისინი ვერ უძლებენ ქუჩის პირობებს და ხშირად დაავადებების, მანქანების, შიმშილის, ანდაც ადამიანის სისასტიკის მსხვერპლი ხდებიან.

2015 წლიდან რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე პერიოდულად იმართება ლეკვებისა და კნუტების გაჩუქების აქციები, რომლებსაც ახალგაზრდა ცხოველთა უფლებადამცველები ატარებენ.

ტასო ლოსაბერიძე, ცხოველთა უფლებადამცველი, გაჩუქების აქციის ორგანიზატორი:

როდის დაიბადა “გაჩუქების აქციის” იდეა?

მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა გაცილებით ადრე დავიწყეთ, ისინი ხომ ადამიანის დახმარების გარეშე დაიღუპებიან. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან კნუტები და ლეკვები, რომლებიც არ არიან ადაპტირებული ქუჩის ცხოვრებისთვის და მათი დიდი ნაწილი იღუპება. ლეკვებს და კნუტებს ინტერნეტით უკვე დიდი ხანია ვაჩუქებთ, მაგრამ პერიოდულად დგება მომენტი, როდესაც მათი რაოდენობა მატულობს და მხოლოდ ინტერნეტ-რესურსი საკმარისი არ არის. გარდა ამისა, ქუჩის აქციები უფრო თვალშისაცემია და „მეტისების“ ერთგვარ პოპულარიზაციასაც ემსახურება.

პირველი აქცია 2016 წლის იანვარში მოეწყო და თითქმის ყველა ცხოველი გაჩუქდა. ამის შემდგომ აქციებმა რეგულარული ხასიათი მიიღო.

რა პირობებით ხდება ცხოველთა გაჩუქება და ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც გაჩუქებული ცხოველები ისევ ქუჩაში აღმოჩენილან?

ცხოველთა გაჩუქებისას პატრონთან ვაფორმებთ ხელშეკრულებას, სადაც გაწერილია მისი უფლება-მოვალეობები, ცხოველის შესაბამისი მოვლა-პატრონობის წესები და სხვა.

ცხოველის გაჩუქების შემდგომ ჩვენ არ ვიხსნით პასუხისმგებლობას და ხშირად ვაკითხავთ, ვინტერესდებით ცხოველის მდგომარეობის შესახებ. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანებიც შეგვხვედრია, რომლებსაც ცხოველები ისევ გარეთ გაუგდიათ ან უკან მოუბრუნებიათ. თუმცა, საბედნიეროდ, ეს იშვიათად ხდება.

აუცილებელი პირობაა ასევე ცხოველის კასტრაცია-სტერილიზაცია. ამ პროცედურაში ხშირად ჩვენც ვეხმარებით ახალ პატრონებს ერთ-ერთი უცხოური კომპანიის შემწეობით, რომელიც ამ ოპერაციებს აფინანსებს.

ჩვენი მხრივ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ყველა ცხოველს, რომელიც გაჩუქების აქციაში მონაწილეობს, ვეტერინარული დათვალიერება ჰქონდეს გავლილი და იყოს ჯანმრთელი.

რა სიხშირით იმართება აქციები?

ეს აქციები ჩვენი ინტერნეტ-გვერდების “დამხმარე” ღონისძიებებია და მათი სიხშირე დამოკიდებულია გასაჩუქებელი ლეკვებისა და კნუტების რაოდენობაზე.

აქციის შესახებ ინფორმაციას რამდენიმე ხნით ადრე ინტერნეტით ვავრცელებთ და მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა მოგვწერონ. აუცილებელია, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ცხოველის გაჩუქების სურვილი, აქციაზე ცხოველი მოიყვანოს ვეტერინარული შემოწმების შემდგომ.

თუ აქციაზე ვერ გაჩუქდა ცხოველი, შემდგომ რა ბედი ეწევა მას?

ცხოველები ისევ უკან მიგვყავს, ვცდილობთ შემდეგ აქციამდე ქუჩაში მოვუწყოთ შედარებით უსაფრთხო თავშესაფრები, ან დროებითი შემფარებლები ვუპოვოთ. ასევე, ინტერნეტის საშუალებით ვცდილობთ მათთვის პატრონის მოძიებას. თბილისში არსებულ თავშესაფრებს მაქსიმალურად ვარიდებთ, რადგან იქ ლეკვების ინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

რამდენი ცხოველია დაბინავებული აქციების საშუალებით?

ჩვენი აქციების შედეგად სამასზე მეტმა ცხოველმა იპოვა პატრონი.


რეკომენდებული სტატიები
ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში

ვირთხები, გველები და სხვა შინაური ცხოველები თბილისელების სახლებში
იმის მიუხედავად, რომ ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლებში საკმაოდ იმატა ე.წ. კომპანიონი ცხოველების მსურველთა რაოდენობამ, ვერ იპოვით ბევრ ადამიანს, ვისაც ეგზოტიკური, ანდა „უცნაური“ შინაური ბინადარი ჰყავს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.