LadyBoy


გააზიარე სტატია

წარმოშობით ძალიან საინტერესო ქვეყნიდან ვარ. საქართველო (Georgia) ბევრს ამერიკის შტატში, ჯორჯიაში ეშლება, თუმცა ის, აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობს.

ჩემი ქვეყანა ძალიან ტრადიციული და რელიგიურია, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მართლმადიდებელი ქრისტიანია და შესაბამისად, ეკლესია დიდ გავლენასა და ძალაუფლებას ფლობს.

ყოველთვის მაინტერესებდა „არატრადიციული“ ორიენტაციის ადამიანები და ის, თუ როგორ ცხოვრობს ეს ხალხი ამ ქვეყანაში. რა პრობლემები აწუხებთ მათ? ისინი ჩემთვის „უჩინარები“ იყვნენ დიდი ხნის განმავლობაში. გამიჩნდა სურვილი, ეს ხალხი მეპოვა და ჩემს ნამუშევრებში მათი ცხოვრება ამესახა.

თბილისში – ევროპული ქვეყნის დედაქალაქში, სადაც დავიბადე და გავიზარდე, არასდროს დამინახავს ქუჩაში გეი წყვილი, რომელიც უბრალოდ სეირნობდა ან კოცნიდა ერთმანეთს… ამიტომაც დავფიქრდი „ლგბტ“ თემის დაფარული ცხოვრების შესახებ, ხოლო ჩემი მოტივაცია განსაკუთრებით 2012 წელს გაიზარდა…

იმ დროს ფოტოჟურნალისტად ვმუშაობდი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც გადავიღე, იყო „ლგბტ“ თემის საწინააღმდეგოდ გამართული უზარმაზარი დემონსტრაცია თბილისში. განცვიფრებული დავრჩი იმით, რომ აქციის ორგანიზატორთა და ლიდერთა უმრავლესობა სასულიერო პირი იყო. ასეთი აგრესიული ბრბო, როგორიც „სულიერი წინამძღოლების“ მიერ შეკრებილი და მართული ხალხი იყო, არასოდეს მინახავს. ისინი ისროდნენ ქვებს, სკამებსა და სხვა ნივთებს. საზარელი სანახავი იყო ის, რომ პოლიცია ამაზე არ რეაგირებდა.

ამ საშინელი შემთხვევის შემდეგ დავიწყე უფრო „დამალული“ და „უჩინარი“ ხალხის ძიება, რომლებიც ჩვენ გარშემო ცხოვრობენ. მინდოდა მომეპოვებინა ინფორმაცია ჩემს მშობლიურ ქალაქში მცხოვრები ტრანსგენდერებისა და ტრანსსექსუალების შესახებ. ამ ხალხის პოვნა და შემდგომი კომუნიკაცია საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ისინი არ იკარებენ უცხოებს, უარს აცხადებენ შეხვედრაზე, არ სურთ საუბარი, ცდილობენ, თავი აარიდონ სურათების გადაღებას, რადგან ვერავის ენდობიან – შესაძლოა თქვენ იმ ბრბოს ნაწილი ხართ, რომელიც დემონსტრაციაში მონაწილეობდა… თუმცა მე გამიმართლა.


როდესაც ბარბარე გავიცანი, მისი ნდობა მოვიპოვე და ის ჩემთან ძალიან გახსნილად იქცეოდა. მალე დავმეგობრდით კიდეც. სწორედ ამის შემდგომ შევიტყვე მის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ… ბარბარე ტრანსსექსუალია. მე მას „გოგოს“ ვუწოდებ, რადგან ის ჩემთვის მდედრობითი სქესისაა, თუმცა დღისით, გარეთ გასვლისას, მას ხშირად უწევს მისთვის საძულველი ტანსაცმლის ჩაცმა, იმისათვის რომ ბიჭს დაემსგავსოს. ასე ჩაცმული ბარბარე თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობს. მას ეშინია ადამიანების, რომლებმაც შესაძლოა სცემონ მხოლოდ იმის გამო, რომ ის „ჩვენნაირი“ არ არის.

მჯერა, რომ ნებისმიერი ადამიანი საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონია, ცხოვრების, რომელსაც თავად ირჩევს. რატომ უნდა აღელვებდეს ეს ვინმეს? რატომ უნდა ეშინოდეს ბარბარეს საკუთარი ცხოვრებით – ცხოვრების? სწორედ ეს შეკითხვები მაწუხებდა.

ბარბარე 27 წლისაა. ძირითად დროს ის სახლში, საკუთარ ოთახში ატარებს. ბარბარე დედასთან ერთად ცხოვრობს. დედას, ერთი მხრივ, ბარბარესი რცხვენია, თუმცა უფრო მეტად საკუთარი თავის – როგორ გააჩინა ასეთი ვაჟი? მას რცხვენია გარემოცვის, რცხვენია ბარბარეს არჩევანის.

მეორე მხრივ, ის დედაა, რომელსაც ეშინია მისი შვილის სიცოცხლის ხელყოფის, მისი უსაფრთხოების გამო. შვილის, რომელიც სხვებივით არ გამოიყურება… ჩვენი ბოლო შეხვედრისას მან მითხრა: „აუხსენი მას, რომ საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, უნდა დატოვოს ეს ქვეყანა“.

ოჯახში ცხოვრობს უფროსი ძმაც, რომელიც არ სცნობს ბარბარეს. მას ცოლის მოყვანა სურს, თუმცა გაურბის სირცხვილს, რომელიც ბარბარეს გამო მის ოჯახს დაატყდება თავს – რას იტყვის მისი მომავალი ცოლი და მისი ოჯახი მისი ძმის ან, შესაძლოა, დის შესახებ?

არასდროს მინახავს ბარბარეს ძმა მათთან სახლში, ის ძირითადად სამსახურშია. რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამო მათ ერთად უწევთ ცხოვრება.

ბარბარე ვერ იწყებს სამსახურს, რადგან არავინ ქირაობს, თუნდაც მიმტანად კაფეში, ხალხის რეაქციის გამო.
გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემი პროექტები ყოველთვის ნელა ვითარდება, რადგან არ მაქვს არავითარი „დედლაინები“. პროექტების უმეტესობა ახლაც პროცესშია და ზოგი შესაძლოა ათ წელიწადზე მეტხანს გაგრძელდეს.
ამას ნორმალურად მივიჩნევ და უბრალოდ ველოდები ჩემი გმირებისთვის, ჩემთვის და ჩემი ფილმებისთვის შესაფერის ვითარებას… ხანდახან მე და ბარბარე ვხვდებით. სურათებს არ ვიღებ, უბრალოდ ვსხედვართ და ჩაის ვსვამთ. სანამ ადამიანს სურათს გადავუღებ, მომენტს ველოდები, როდესაც ის შემიყვარდება. ჩემი დევიზი ფოტოგრაფიასა და ზოგადად, ცხოვრებაში „სურათების სიყვარულით გადაღებაა“.

მე მჭირდება ეს მომენტი და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხანს მომიწევს ლოდინი.


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.