ლეგენდარული ქართველი მსახიობი, ლეილა აბაშიძე, გარდაიცვალა
88 წლის ასაკში ქართული კინოს ლეგენდა, მსახიობი ლეილა აბაშიძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ლეილა აბაშიძე 1929 წლის 1 აგვისტოს თბილისში დაიბადა. 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ფილმებში „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“, „ჭრიჭინა“, „აბეზარა“, „მაია წყნეთელი“, „შეხვედრა მთაში“ შესრულებული როლებისთვის.
1966 წელს სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. გარდა მსახიობისა, იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ და „კოშკები სდუმან“ სცენარის ავტორი, ასევე მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი.