fbpx

ხორცპროდუქტების 35% ცხენისა და ვირის ხორცს შეიცავს


გააზიარე სტატია

პერიოდულად გიჩნდებათ ალბათ კითხვა, რამდენად ჯანსაღია საკვები, რომელსაც მოიხმართ, რამდენად დაცულია სანიტარული ნორმები იმ საწარმოებში, სადაც საკვებ პროდუქტებს ამზადებენ და როგორ დავიცვათ თავი მავნე საკვებისგან.

2011 წელს, სურსათის უვნებლობის ეფექტური კონტროლის შექმნის მიზნით, საქართველოს მთავრობამ ჩამოაყალიბა სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც პერიოდულად იღებს სინჯებს იმ საკვების შემოწმების მიზნით, რაც ბაზარზე იყიდება და რასაც მოსახლეობა მოიხმარს.

2018 წელს აღებული სინჯების მიხედვით ბაზარზე არსებული ხორცპროდუქტების დიდი ნაწილი შეიცავს ვირის ან ცხენის ხორცს. 15-16 მარტს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუშიდან, რომელიც თბილისის ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან იქნა აღებული, 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო ორ ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე ვირის ხორცი. ხორცის სახეობრივი კვლევის პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლითი, ქაბაბი და ბასტურმა.

ცხენის ხორცი აღმოჩნდა არა მხოლოდ თბილისში, არამედ ხაშურისა და რუსთავის სავაჭრო ობიექტებში ამოღებულ ხორცის ფარშსა და გაყინულ პილმენშიც.

ხორცპროდუქტებში ცხენის ხორცის შერევის პრაქტიკა წინა წლებშიც არსებობდა. 2017 წელს შემოწმებული 90 საწარმოდან 12 მათგანის პროდუქცია ვირის ან ცხენის ხორცით იყო გაჯერებული. სამართალდარღვევის ფაქტები განსაკუთრებით მრავლად გამოვლინდა აჭარასა და თბილისში არსებულ საწარმოებში.

2017 წელს ჩატარებული კვლევებიდან ყველაზე რეზონანსული იყო სუნელების კვლევა, რომელმაც ტყვიისა და კადმიუმის მაღალი შემადგენლობა აჩვენა ბაზარზე არსებული სუნელების ერთ ნაწილში.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა, რომელიც სურსათის უვნებლობის სააგენტომ 2017 და 2016 წლებში ჩაატარა, სასმელი წყლის კვლევაა, რომელმაც აჩვენა, რომ წყლის სისუფთავე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პრინციპში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

2017 წელს სასმელი წყლის კვლევის არეალმა მოიცვა გურია. 13 ადგილას აღებული სინჯიდან 7-ში სხვადასხვა მავნე ნივთიერებები აღმოჩნდა. უფრო მასშტაბური კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა და წყლის დაბინძურების ფაქტები გამოვლინდა იმერეთში (ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, სამტრედია, ბაღდადი, თერჯოლა, ზესტაფონი, ჭიათურა), აჭარაში (როგორც ქალაქებსა და ტურისტულ ადგილებში, ასევე მაღალმთიან დასახლებებში), კახეთში, რაჭაში, სვანეთსა და ქართლში.

კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც შეიძლება სხვადასხვა საკვების შემადგენლობა და უსაფრთხოება შეამოწმო, არის ვებსაიტი momxmarebeli.ge, რომელიც მოქალაქეებს მათთვის საეჭვო პროდუქტების ლაბორატორიულ ანალიზს სთავაზობს და მიღებულ შედეგებს საჯაროდ ათავსებს ვებსაიტზე. ამ გზით შემოწმებული თევზის, ყველისა და სხვა რძის პროდუქტების ბოლოდროინდელმა შემოწმებამ აჩვენა, რომ მათი მოხმარებისას სიფრთხილე გვმართებს, ვინაიდან რიგ შემთხვევებში თევზი საკვებად უვარგისია, რძის პროდუქტებში კი რძის შემადგენლობა ხშირად ნულის ტოლია.


რეკომენდებული სტატიები
პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ

პირველი უმი ვეგანური სამზარეულო - ნამუ
თუმცა, ბოლო წლებში, თბილისში რამდენიმე ვეგეტარიანული კაფე გაიხსნა. 2016 წლიდან კი ფუნქციონირებს “ნამუ”, სადაც სამზარეულო არათუ ვეგეტარიანული, არამედ ვეგანურია, თანაც უმად მომზადებული (raw Vegan).
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.