11 აპრილი – დილიდან
Westworld-ის შემქმნელებმა სპოილერებთან ბრძოლის ორიგინალურ ხერხს მიაგნეს
23 აპრილს HBO-ს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შოუს, Westworld-ის მეორე სეზონი გამოდის. იმის გამო, რომ გასულ წელს HBO-ს სერიალი, “სამეფო კარის თამაშები,” არაერთი კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა და შოუს თითქმის ყველა ეპიზოდმა ეთერში გასვლამდე გაჟონა ინტერნეტსივრცეში, Westworld-ის შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ სპოილერებთან საბრძოლველად მეორე სეზონის მთელი შინაარსი თავად დაასპოილერონ. ჯონათან ნოლანი და ლიზა ჯოი ამბობენ, რომ სერიალის შინაარსს Reddit-ზე გამოაქვეყნებენ.
წყარო: https://www.vox.com/
ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდის მთავარი თემა ქართული ანბანია
2018 წლის 10-12 აპრილს ლონდონის წიგნის ბაზრობაზე საქართველო ეროვნული სტენდით იქნება წარმოდგენილი. სტენდის დიზაინი წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს სტუმარი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით შეიცვალა და მისი მთავარი თემა ქართული ანბანია. საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მეექვსედ მონაწილეობს და ტრადიციულად ბრიტანული წიგნის ბაზარზე ქართველი ავტორების და გამომცემლების პოპულარიზაციას ემსახურება. საქართველოს ეროვნული სტენდზე 170-მდე ქართული გამოცემის, ცალკეულ გამომცემელთა, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მომზადებული კატალოგების დათვალიერებაა შესაძლებელი. ლონდონის წიგნის ბაზრობის ფოკუსი წელს ბალტიისპირეთის ქვეყნები: ლიტვა, ლატვია და ესტონეთია. “საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია” პროექტს “ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის” მხარდაჭერით ახორციელებს.
Paramount-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 1996 წელს გადაღებული კომედიის, The First Wives Club-ის რიმეიქს სერიალის სახით გადაიღებენ
როგორც ცნობილია, სერიალს ზუსტად იგივე სიუჟეტი ექნება, როგორიც ფილმს, რომელშიც სამი ლეგენდარული მსახიობი – დაიან კიტონი, ბეტ მიდლერი და გოლდი ჰოუნი მონაწილეობს. ახალი შოუს თითოეული ეპიზოდი 30-წუთიანი იქნება. სერიალის გამოსვლის თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
წყარო: http://variety.com/
Songwriters Fonts-მა ლეგენდარული მუსიკოსების ჩანაწერებზე დაყრდნობით კომპიუტერული შრიფტები შექმნა
ჯულიენ სენსმა და ნიკოლა დემიენმა საკულტო შემსრულებლების, დევიდ ბოუის, ჯონ ლენონის, კურტ კობეინის, ლეონარდ კოენისა და სერჟ გეინსბურგის ხელნაწერი წერილებიდან და ნოტებიდან კომპიუტერული შრიფტები შექმნეს. შრიფტის ავტორები ამბობენ, რომ ეს მათთვის გააკეთეს, ვინც ზემოჩამოთვლილი ცნობილი ადამიანებისგან იყვნენ ინსპირირებულები.
წყარო: https://www.songwritersfonts.com/
ჯ.რ.რ. ტოლკინის ახალი რომანი რამდენიმე თვეში გამოიცემა
“გონდოლინის დაცემა”, წიგნი ბნელი ძალების მიერ განადგურებულ ულამაზეს და ჯადოსნურ ქალაქზე, რომელსაც ავტორმა “შუახმელეთის პირველი ამბავი” უწოდა, წელს, 2018 წლის აგვისტოში გამოიცემა. წიგნი მწერლის შვილის, კრისტოფერ ტოლკინის რედაქტირებით გამოვა და მისი წინასწარი შეკვეთა უკვე შესაძლებელია. 2017 წელს გამოცემული “ბერენი და ლუთიენის” შემდეგ, “გონდოლინის დაცემა” ტოლკინის ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოცემული მეორე “ახალი წიგნი” იქნება.
წყარო: http://www.ign.com/
16 აპრილს NASA კოსმოსში ისტორიულ მისიას გაუშვებს
ახალ კოსმოსურ ტელესკოპ TESS-ს განსაკუთრებული მიზანი აქვს – ის უცხო პლანეტებზე ინადირებს. აღნიშნული მისია 10 წელიწადზე მეტია მზადდება და შესაძლოა, სწორედ ის გახდეს ისტორიული ტელესკოპი, რომელიც მზის სისტემის მიღმა აღმოაჩენს დედამიწის მსგავს პლანეტას.
წყარო: https://www.youtube.com/watch?v=Q4KjvPIbgMI
ეროვნულ არქივში გამოფენა „ქართული კინო ფოტოებში“ იხსნება
გამოფენა აერთიანებს 1920-დან1980-იან წლებში გადაღებული ქართული მხატვრული ფილმების გადასაღები მოედნების ფოტოებს. ექსპოზიციაზე დამთვალიერებელი იხილავს 40-ზე მეტი მხატვრული ფილმის ფოტოებს. მათ შორისაა ფილმები: “აკაკის აკვანი”, “დღე პირველი დღე უკანასკნელი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა”, “ვერის უბნის მელოდიები”, “როცა აყვავდა ნუში”, “ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” და სხვა.