მარკ ცუკერბერგი: „მე მაპატიეთ!”
Cambryge Analitic-მა, რომელიც ბრიტანეთის პოლიტიკურ-საკონსულტაციო ფირმაა, 80 მილიონზე მეტი Facebook-ის მომხმარებლის პირადი ინფორმაცია შეაგროვა და იგი ამომრჩეველთა მოსაზრებების ზეგავლენისთვის გამოიყენა.
ეს სკანდალი 2013 წლიდან დაიწყო, როცა კემბრიჯის პროფესორმა ალექსანდრ კოგანმა აპლიკაცია შექმნა სახელწოდებით “This is your digital life.” აპლიკაცია მომხმარებლებზე და მათ მეგობრებზე ინფორმაციას აგროვებდა. ეს მონაცემები პროფესორმა კოგანმა Cambrige Analytica-ს მისცა.
„ფეისბუქმა“ აღნიშნული დარღვევა 2015 წელს აღმოაჩინა და ბრიტანულ კომპანიას მოსთხოვა წაეშალა მონაცემები. კოგანი პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც იყო მიწვეული. CNN-ის მიერ მოპოვებულ კოგანის სალექციო ჩანაწერებში პროფესორი სტუდენტებს Facebook-ის მონაცემებზე დაყრდნობით ადამიანების ფსიქოტიპის შესწავლაზე უყვება.
რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ New York Times-მა, Channel 4-მა და The Guardian-მა ერთობლივი გამოძიება ჩაატარეს და გაირკვა, რომ Facebook-ის 80 მილიონი მომხმარებლის ანგარიში Cambridge Analytica-მ გამოიყენა როგორც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიისთვის, ასევე Brexit-ის დროსაც.
სკანდალმა პიკს გასულ თვეში მიაღწია და მარკ ცუკერბერგმა ვაშინგტონსა და ლონდონში საკომიტეტო მოსმენებზე თანხმობა განაცხადა.
მოსმენას სენატორებმა ექსტრაორდინარული და უნიკალური უწოდეს. საკომიტეტო მოსმენა კონგრესში უფრო მეტი იყო, ვიდრე მარტო Facebook-ის საკითხი. ყველაზე მკვეთრად კი მარკ ცუკერბერგის ბოდიშის მოხდა გაისმა.
“ჩვენ ეს დიდი პასუხისმგებლობა ფართოდ ვერ გავიაზრეთ. ეს იყო ჩემი შეცდომა და ბოდიშს ვიხდი, მე დავიწყე ფეისბუქი, მე ვხელმძღვანელობ მას და მე ვარ პასუხისმგებელი, რაც მოხდა. როცა ჩვენ “Cambrige Analytic”–იდან შეგვპირდნენ, რომ ისინი არ გამოიყენებდნენ ჩვენი მომხმარებლების პირად მონაცემებს და წაშლიდნენ, ვიფიქრეთ, რომ საკითხი დაიხურა. ეს ნამდვილად იყო შეცდომა. ჩვენ მხოლოდ მათი სიტყვების იმედად არ უნდა ვყოფილიყავით,“ – ეს სიტყვები Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ამერიკელი სენატორების წინაშე წარმოთქვა.
33 წლის მილიარდერს 44 სენატორი რამდენიმე საათი უსმენდა. კანონმდებლებმა ბევრი კითხვა დაუსვეს. საინტერესო იყო რესპუბლიკელი ტედ კრუზისა და მარკ ცუკერბერგის კითხვა-პასუხები.
„მიაჩნია თუ არა ფეისბუქს რომ იგი ნეიტრალური საზოგადოებრივი ფორუმია?“ – კითხულობს კრუზი.
„სენატორო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ იდეების პლატფორმა ვართ“- პასუხობს ცუკერბერგი.
“ხართ თუ არა პირველი შესწორების სპიკერი, რომელიც თავის შეხედულებებს გამოხატავს თუ ნეიტრალური საჯარო ფორუმი, რომელიც ყველას აძლევს ლაპარაკის საშუალებას?” – კრუზი აკონკრეტებს კითხვას და ცდილობს Facebook-ის პოლიტიკურ მიკერძოებულობას ხაზი გაუსვას.
ცუკერბერგმა აღიარა, რომ მართალია, სილიკონ ველი “უკიდურესი მემარცხენეების ადგილია,” მაგრამ უარყოფს კრუზის მოსაზრებას პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე. კრუზის კითხვაზე, Facebook-ის გუნდიდან რომელიმე წევრი თუ აკვირდებოდა მომხმარებლის კონტენტს, უჭერდა თუ არა იგი მხარს რესპუბლიკელების პოლიტიკურ კანდიდატს, ცუკერბერგმა პასუხობს, რომ მას ამის შესახებ არაფერი სმენია.
Facebook-ის დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ სოციალური ქსელის ახალი პოლიტიკა მსგავსი შეცდომებისგან დაიცავს. ახალი პოლიტიკისთვის კი მას დრო სჭირდება: “მე მზად ვარ ამ უფლების მოსაპოვებლად, ეს მოიცავს ფუნდამენტურ პასუხისმგებლობას, რომ მომხმარებლების ინფორმაცია დავიცვათ, რაც ჩვენ Cambridge Analytic-თან ვერ მოვახერხეთ… ჩვენ ვიკვლევთ თითოეულ აპლიკაციას, რომელიც წარსულში დიდი რაოდენობის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გულისხმობდა და თუ ვიპოვეთ ვინმე, რომელმაც არასწორად გამოიყენა მონაცემები, ჩვენ ვაპირებთ მას Facebook ავუკრძალოთ და ამის შესახებ ყველა დაზარალებულს ვუთხრათ,”- აცხადებს ცუკერბერგი.
Facebook-ის დამფუძნებელმა სინანული გამოთქვა, რომ კომპანიამ ძალიან ნელა იმოქმედა 2016 წელს რუსეთის საინფორმაციო ოპერაციების იდენტიფიცირებისას: “რუსეთში არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ჩვენი სისტემები და სხვა ინტერნეტ სისტემები გამოიყენონ… ეს არის იარაღების შეჯიბრი, მათ სურთ უკეთესად მოახერხონ და ჩვენც გვსურს ინვესტირება უკეთესად შევძლოთ.”
ცუკერბერგმა დაადასტურა, თუმცა არაფერი თქვა რობერტ მიულერთან თანამშრომლობის შესახებ, მიულერი ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებს. “ჩვენი მუშაობა სპეციალურ მრჩეველთან კონფიდენციალურია,” – განუცხადა სენატორებს მარკ ცუკერბერგმა.
სენატორი რიჩარდ დურბინი: „კომფორტულად იგრძნოთ თავს თუ გკითხავთ, რომელ სასტუმროში იყავით გასულ ღამეს? ან ვისაც კი დაუმესიჯეთ ამ კვირაში შეგიძლიათ გაგვიზიაროთ ამ ადამიანების სახელები?“
მარკ ცუკერბერგი: “არა, სენატორო, მე ამას აქ საჯაროდ ბუნებრივია, არ გავაკეთებ”.
რიჩარდ დურბინი: “სწორედ ამაშია საქმე: შენი უფლებაა ეს ლიმიტი პირად ინფორმაციაზე, მაგრამ თანამედროვე ამერიკაში რამდენი გაეცი მსოფლიოში ურთიერთდაკავშირებული ადამიანების სახელით?”
სენატორი ჯონ თუნი თვლის: “ეს უნდა იყოს გაღვიძების ზარები შემოკრული ტექნოლოგიური საზოგადოებისთვის… ჩვენ ვუსმენთ, ამერიკა უსმენს, მსოფლიოც უსმენს”.
სენატორი გრეჰმანი კითხულობს: “Facebook-ის ყველაზე დიდი კონკურენტი რომელია დღეს? თუ ვიყიდე „ფორდი“ და არ იმუშავა კარგად, მე შემიძლია ვიყიდო „შევროლე“. თუ მე უკმაყოფილო ვარ Facebook-ით, რომელია ექვივალენტი პროდუქტი, სადაც შემიძლია გადავიდე და დავრეგისტრირდე?”
აქ ცუკერბერგი ცდილობს აუხსნას სენატორს, რომ ბევრი სოციალური მედიაპლატფორმაა დღეს და შესაბამისად, ბევრია კონკურენტი სხვადასხვა კატეგორიაში. “მე არ ვსაუბრობ კატეგორიებზე, – გრეჰმანი პასუხობს, – მე ვსაუბრობ რეალურ კონკურენციას თუ ვინმე გიწევს. მანქანების კომპანიას უამრავი კონკურენტი ჰყავს, თუ ის დეფექტურ მანქანას გააკეთებს. თუ ის მსოფლიოს არ უნდა, ხალხი შეწყვეტს მის ყიდვას და სხვა მანქანას იყიდიან. არის კი ფეისბუქის ალტერნატივა პირად სექტორში?”
ცუკერბერგი აღნიშნავს, რომ საშუალო ამერიკელი ყოველდღიურად იყენებს რვამდე სხვადასხვა აპლიკაციას, რათა კონტაქტი ჰქონდეს მეგობრებთან. სენატორს კი სურს, გამოიკვლიოს არის თუ არა ერთი პროვაიდერი მაინც, რომელიც ფაქტობრივად იგივე იდენტურ მომსახურებას გაუწევს და მრავალფეროვან სერვისს შესთავაზებს ისე, როგორც ეს Facebook-ს შეუძლია. მის კითხვაზე, სჯერა თუ არა, მას, რომ Facebook მსოფლიოში ორი მილიარდი მომხმარებლით უკვე მონოპოლიას შეადგენს, ცუკერბერგი პასუხობს, რომ “ამას ის ვერ გრძნობს.”
სენატორი ორინ ჰეტჩი კითხულობს, რატომაა, რომ Facebook-ის ბევრი მომხმარებელი გაკვირვებულია, ისეთმა კომპანიებმა, როგორიც Facebook და Google-ია, მონაცემები რეკლამისთვისაც გაცვალონ. “რომელიმეს თუ უკითხავს, რომ Facebook და Google ხელმისაწვდომობაში მათ ფულს არ ახდევინებს. ცხოვრებაში არაფერია უფასო. თუ რაღაცაში ფულს არ იხდი, სამაგიეროდ სხვა გზით იხდი ფულს. ამაში არასწორი არაფერია… ეს დიდებული საიტები, რომლებიც არაფერს არ გახდევინებს, ისინი სხვა გზებით იღებენ ამ თანხას, პრობლემა აქ უფრო გამჭვირვალობას ეხება და ეს მომხმარებლის არჩევანია.”
“Facebook ტექნოლოგიური კომპანიაა თუ გამომცემელია?” – სენატორ სალივანის კითხვიდან გამომდინარე, პასუხს ნათელი უნდა გაეხადა, თუ რა სახის რეგულაციას შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა. ცუკერბერგი თავის კომპანიას განიხილავს, როგორც ტექნილოგიურ კომპანიას, რადგან “ჩვენ ვქმნით ტექნოლოგიასა და პროდუქტებს”, თუმცა Facebook კონტენტს აქვეყნებს, მაგრამ თავად პლატფორმა არ ქმნის ამ კონტენტს. როცა გვეკითხებიან, ვართ თუ არა მედიაკომპანია ან გამომცემელი, მესმის, რომ გულისხმობენ, ვგრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას ჩვენს პლატფორმაზე არსებულ კონტენტზეც? ამაზე პასუხი არის, რომ კი, ვგრძნობთ. ამასთან, ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ეს შეუთავსებელია პრინციპულად ჩვენს ძირითად არსთან, ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობასთან, სადაც გვყავს ინჟინრები და ვქმნით პროდუქტებს.”
მარკ ცუკერბერგი თვლის, რომ ამ სკანდალმა ძალიან დააზარალა Facebook და ბევრი სამუშაო ექნებათ ჩასატარებელი, რომ ეს ნდობა დაიბრუნონ. ცუკერბერგის მოსმენის პარალელურად საფონდო ბირჟაზე Facbook-ის აქციებმა ზრდა დაიწყო.
ავტორი: რუსუდან ვაშაკიძე