გასაუბრება „ფეისკონტროლთან“
უკანასკნელ წლებში თბილისში საკლუბო ცხოვრების განვითარება ძალიან თვალშისაცემია. კლუბური ცხოვრების სწორი მუშაობის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კი უსაფრთხო გარემოა.
დაცვის სამსახურთან ერთად, კლუბის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ე.წ. „ფეისკონტროლია“, ხალხი, რომელიც ერთი შეხედვით უნდა „შიფრავდეს“ ადამიანს და იღებდეს გადაწყვეტილებას, არის თუ არა იგი კლუბში შეშვების „ღირსი”.
აქედან გამომდინარე, თქვენ მიერ დაგეგმილი საღამო, შესაძლოა ვერ განვითარდეს თქვენივე სურვილის მიხედვით, რადგან გაერთობით თუ არა ღამის კლუბში, მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტი როდია.
როგორ გვაფასებს კლუბის ფეისკონტროლი, როგორია მუშაობის სპეციფიკა და როგორ ახასიათებენ ისინი საკუთარ სამუშაოს? ჩვენ კითხვებს პასუხობენ თბილისის პოპულარული კლუბების ფეისკონტროლები:
Bassiani / Horoom
შეკითხვებზე გვპასუხობს სამი თანამშრომელი:
რამდენი წელია ამ სამსახურში მუშაობთ?
1. „ბასიანზე“ და „ჰორუმში“ მათი გახსნის დღიდან ვმუშაობ. სულ ფეისკონტროლად მუშაობის 5-წლიანი გამოცდილება მაქვს.
2. 2014 წლიდან ამ პოზიციაზე ვმუშაობ.
3. ერთი წელია, რაც ამ გუნდის წევრი ვარ.
რა პროფესიის ხართ?
1. გრაფიკული დიზაინერი ვარ.
2. მხატვარი
3. სათავგადასავლო ტურიზმის მენეჯერი და რეჟისორი.
არის თუ არა საჭირო აქ მუშაობისთვის რაიმე სპეციფიკური გამოცდილება ან ცოდნა?
1. ღამის კლუბი უკვე სპეციფიკური სამსახურია. ამ პოზიციაზე მუშაობისათვის აუცილებელია ამ კონკრეტული სფეროს კარგად ცოდნა და მაღალი კომპეტენცია.
2. საკლუბო ცხოვრება ხშირად საცეკვაო მოედანს სცდება და ძლიერი სოციალური მესიჯების მატარებელი ხდება. აქედან გამომდინარე, ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებები სოციალური პასუხისმგებლობა და სწორი ღირებულებები მგონია.
3. ფეისკონტროლის პოზიციაზე მუშაობა გამოცდილებაზეა დამოკიდებული, ამასთან ერთად, ლოკალური სცენის ცოდნაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობს?
1. იდეალური ფოტომეხსიერება, სიტუაციის ანალიზი, გადაწყვეტილების სწრაფად მიღება და ადამიანის სწორად შეფასება – ეს ის თვისებებია, რომლებიც აუცილებლად უნდა გაგაჩნდეს ამ პოზიციაზე მუშაობისას.
2. ვფიქრობ, მთავარი თვისება მიუკერძოებლობაა.
3. გადაწყვეტილების მისაღებად სულ რამდენიმე წამი გაქვს, ამიტომ სწრაფი ორიენტირების უნარი და კარგად განვითარებული ინტუიცია უნდა გქონდეს.
აღწერეთ ადამიანი, რომელსაც არასდროს შეუშვებთ კლუბში.
1 ვცდილობთ კლუბში ის ადამიანი არ შევუშვათ, ვინც ჰომოფობიურ დამოკიდებულებას იჩენს სხვა პირების მიმართ, ვინც არ ემორჩილება კლუბის წესებს ან სხვა ადამიანების პირადი სივრცის დარღვევას ცდილობს. ვფიქრობ, ასეთი პირები პატივს არ სცემენ იმ ადამიანებს, ვინც საცეკვაო მოედანზე ნეგატიური ემოციებისგან გასათავისუფლებლად მოდიან.
2.კლუბის კარი დახურულია აგრესიული ადამიანებისთვის, რომლებიც ჰომოფობიური, სექსისტური და ქსენოფობიური განწყობებით გამოირჩევიან ან ცდილობენ ქალების შევიწროებას.
3. ვფიქრობ, საცეკვაო მოედანზე პოტენციური აგრესორები არ უნდა ხვდებოდნენ, ასევე ის ადამიანები, ვისთვისაც თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის იდეა მიუღებელია.
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უსამართლოდ ვერ ხვდება კლუბში. დგას მშვიდად, არ გამოყურება გამომწვევად, არ არის ზედმეტად ნასვამი და მაინც არ უშვებენ. რატომ ხდება ხოლმე ასე?
1. თავმდაბლობა და სიმშვიდე დასაფასებელი თვისებებია, განსაკუთრებით, როდესაც რიგში დგახარ, თუმცა კლუბში მოსახვედრად არ არის საკმარისი. არსებობს სხვა კრიტერიუმებიც, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული.
2. ჩვენ მკაცრი და სწორი კარის პოლიტიკა გვაქვს და ზუსტად ეს არის „ბასიანის” საცეკვაო მოედანზე არსებული განსაკუთრებული ატმოსფეროს წინაპირობაც.
3. ამ ადამიანმა კიდევ უნდა სცადოს, შესაძლოა იმ ღამეს არ გაუმართლა.
გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე მუშაობისას და უკვე ამ გამოცდილების გათვალისწინებით თუ მიმხვდარხართ, რომ ხშირად უსამართლოდ მოქცეულხართ? ანდაც ახლა, თუ გაქვთ ხოლმე განცდა, რომ ხანდახან არასამართლიანი ხართ?
1. არასოდეს.
2. ვფიქრობ, რომ სამართლიანად ვიქცევი, რადგან ყოველთვის ვითვალისწინებ ქვეყანაში არსებულ სოციალურ და კულტურულ ფონს.
3. რა თქმა უნდა, მქონია მსგავსი განცდა. რადგან გადაწყვეტილების მიღება სწრაფად გიწევს, თანაც სტრესულ გარემოში, მომხდარა ისე, რომ ჩემი გადაწყვეტილება მინანია.
თქვენთვის თუ უთქვამთ ოდესმე უარი კლუბში შეშვებაზე?
1. 13 წლის წინ, ბერლინში ჩემი პირველი ვიზიტის დროს, “ბერგჰაინში” ფეისკონტროლის დანახვამ ისე დამაბნია, რომ მომენტალური უარით გამომაბრუნეს უკან.
2. არა, მსგავსი გამოცდილება არ მქონია.
3. არა.
რამე განსაკუთრებული შემთხვევა თუ გქონიათ? მაგალითად, არ შეგიშვიათ რომელიმე ცნობილი ადამიანი? თუ თქვენთვის კლუბის ზღვართან ყველა ადამიანი „თანაბარია“?
1. კლუბის ზღვართან ყველა ადამიანი თანასწორია. ჩვენთვის არ არსებობენ გამორჩეული ადამიანები, ვისაც რაიმე პრივილეგიით შეუძლიათ სარგებლობა.
2. ჩვენთვის ყველა ადამიანი თანასწორია, ზუსტად ეს ღირებულება წარმოადგენს “ბასიანი/ფორუმის” მთავარ მონაპოვარსაც.
3.ბევრი ცნობილი ადამიანი დარჩენილა კლუბს მიღმა, მიმაჩნია, რომ თანასწორობა კლუბის გარეთაც უნდა ვრცელდებოდეს და იმედია ამას შევძლებთ.
„მტკვარზე“
რამდენი წელია ამ სამსახურში მუშაობთ?
უკვე სამი წელია „მტკვარზე“ ვმუშაობ, თუმცა იქამდეც იყო ივენთები, სადაც ვმუშაობდი, ასევე ვიყავი რამდენიმე კაფის მენეჯერი.
რა პროფესიის ხართ?
ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ქართული ფილოლოგიის განხრით.
არის თუ არა საჭირო აქ მუშაობისთვის რაიმე სპეციფიკური გამოცდილება ან ცოდნა?
ვფიქრობ, რომ არის, რადგან როდესაც გამოცდილება გაქვს და ბევრ ადამიანთან გიწევს კონტაქტი, უფრო მარტივი ხდება ადამიანების ამოცნობა და ამასთან ერთად, სწორი გადაწყვეტილების მიღება.
რა განსაკუთრებული თვისებები უნდა ახასიათებდეს ადამიანს, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობს?
ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყო მტკიცე, გამძლე და გქონდეს მოთმინების უნარი, რადგან ხშირად, როდესაც ადამიანს უარს ეუბნები კლუბში შეშვებაზე, უკმაყოფილებას გამოხატავს აგრესიით.
აღწერეთ ადამიანი, რომელსაც არასდროს შეუშვებთ კლუბში.
„მოძველბიჭო“ ტიპს არ შევუშვედი კლუბში, ასევე არ შევუშვებდი მთვრალ, არაადეკვატურ, აგრესიულ ადამიანს. ეს არის ძირითადი კრიტერიუმები.
პირად სიმპათიაზე თუ არის დამოკიდებული ადამიანის კლუბში შეშვება?
ვფიქრობ, რომ არის. როდესაც 3 წელი მუშაობ ამ სფეროში, ბუნებრივია, მრავალჯერ ხვდები ხალხს, რომლებთანაც დროთა განმავლობაში პირადი სიმპათია და დამოკიდებულება გიყალიბდება. ზოგთან მეგობრულ ურთიერთობასაც კი ამყარებ.
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უსამართლოდ ვერ ხვდება კლუბში. დგას მშვიდად, არ გამოყურება გამომწვევად, არ არის ზედმეტად ნასვამი და მაინც არ უშვებენ. რატომ ხდება ხოლმე ასე?
მსგავსი რამ ძალიან იშვიათია. ეს პროფესია დიდწილად ინტუიციაზეა დამყარებული, თუმცა გადაწყვეტილებებს ჩამოყალიბებული კრიტერიუმების მიხედვით ვიღებ. ასევე არის ასაკობრივი შეზღუდვა, რომელიც მკაცრად კონტროლდება.
გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე მუშაობისას და უკვე ამ გამოცდილების გათვალისწინებით თუ მიმხვდარხართ, რომ ხშირად უსამართლოდ მოქცეულხართ? ანდაც ახლა, თუ გაქვთ ხოლმე განცდა, რომ ხანდახან არასამართლიანი ხართ?
ყოველთვის ვცდილობ კარგად დავფიქრდე, გავაანალიზო და ისე მივიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. ყველა ადამიანი უშვებს შეცდომას და რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მე ვარ. ვცდილობ უსამართლოდ არავის მოვექცე და ნაკლები შეცდომა დავუშვა, რაშიც დაგროვილი გამოცდილება მეხმარება.
თუკი ვიცი, რომ ორ ადამიანს ერთმანეთთან აქვს კონფლიქტი, ანდაც ადამიანს აგრესიული სიმთვრალე აქვს, ფხიზელი რომც მოვიდეს, შეიძლება ამის გათვალისწინებით არ შევუშვა კლუბში. ასევე არსებობს ღირებულებები, რომელსაც ვიცავთ კლუბში. ჰომოფობია, სექსიზმი, სტუმრების შეწუხება ხმაურით, ფარნის გამოყენება, დიჯეის შეწუხება – ეს ყველაფერი დაუშვებელია ჩვენთან. დაცვის სამსახურთან ერთად მუშაობს დენს ფლორ მენეჯერიც, რომლებიც ერთად უზრუნველყოფენ კლუბში უკონფლიქტო და მშვიდ გარემოს.
თქვენთვის თუ უთქვამთ ოდესმე უარი კლუბში შეშვებაზე?
ჯერჯერობით ეგეთი შემთხვევა არ ყოფილა არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ.
რამე განსაკუთრებული შემთხვევა თუ გქონიათ? მაგალითად, არ შეგიშვიათ რომელიმე ცნობილი ადამიანი? თუ თქვენთვის კლუბის ზღვართან ყველა ადამიანი „თანაბარია“?
კი, ყოფილა შემთხვევა, როდესაც არ შემიშვია, რადგან მათი საქციელი არ იყო მისაღები. და სულაც არ არის ეს ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევა, რადგან მნიშვნელობა არ აქვს, ის ცნობილია თუ არა, ჩემთვის ყველა ადამიანია თანასწორია.
KHIDI
შეკითხვებზე გვპასუხობს ორი თანამშრომელი:
რამდენი წელია ამ სამსახურში მუშაობთ?
1. ამ პოზიციაზე 2017 წლის მარტიდან ვმუშაობ.
2. ამ პოზიციაზე მხოლოდ 2 თვეა ვმუშაობ, თუმცა მანამდე, ხიდის გუნდის წევრი ვიყავი.
რა პროფესიის ხართ?
1.დიდი ხანი არ არის რაც სკოლა დავამთავრე. მაქვს ასევე მიღებული 5 წლედი მუსიკალური განათლება (ფოლკლორის სასახლეში). ამ ეტაპზე საკუთარ მომავალს მხოლოდ “ქლაბინგში“ ან თუნდაც ზოგადად მუსიკაში ვხედავ.
2. არქიტექტურულზე ვსწავლობ და პარალელურად ვმუშაობ ბაღის აღმზრდელად.
არის თუ არა საჭირო აქ მუშაობისთვის რაიმე სპეციფიკური გამოცდილება ან ცოდნა?
1. ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ამოცნობის უნარი, რომელიც ამ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს აუცილებლად უნდა გააჩნდეს. ასევე კარგად უნდა იცნობდე ქალაქს, სოციუმს და საზოგადოებას, აუცილებელია მოთმინებისა და თავშეკავების უნარიც, ვინაიდან მრავალი სახის ადამიანთან გიწევს კონტაქტი. ეს რუტინული, თუმცა ძალიან საინტერესო სამუშაოა, გაქვს წამიერი კონტაქტი ადამიანებთან და ამ რამოდენიმე წამში უნდა შეძლო მათი ფსიქოტიპის ამოცნობა.
2. უნდა იყო ემოციონალურად და ფსიქიკურად სტაბილური. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ იცნობდე, ან მაქსიმალურად ბევრი ადამიანის შესახებ გქონდეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია ასევე, იყო იყო სოციალურად აქტიური ტიპი. რადგან გარემო რომელშიც ვმუშაობთ მჭიდროდაა გადაბმული ზოგად სოციალურ გარემოსთან და პირდაპირ კავშირშია მის განვითარებასთან, პრობლემებთან… კლუბის საშუალებით ხალხმა დაინახა, რომ შეიძლება იყო ბედნიერი, მხირული და ენერგია, რომელსაც ჩხუბისგან და ურთიერთდაპირისპირებისგან იღებდნენ, დადებით ენერგიად გარდაიქმნას.
აღწერეთ ადამიანი, რომელსაც არასდროს შეუშვებთ კლუბში.
1. მე ვდგავარ კარში და ეს ჩემი გადაწყვეტილებაა, რადგან ვთვლი, რომ კამერიდან მხოლოდ ერთი დანახვით ადამიანის ამოცნობა შეუძლებელია. აუცილებელია მასთან სიტყვიერი კონტაქტიც. ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანი ნორმალურად გამოიყურება, მაგრამ გამოლაპარაკების მერე მივმხვდარვარ, რომ არ არის კლუბში შესაშვები, ან ჩაცმის სტილით არ მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ლაპარაკში გამიაზრებია რომ მისი შესვლა კლუბში არაფერს გააფუჭებს. ზოგადად კლუბისთვის არასასურველია გაუზრდელი, ზედმეტად ფამილიარული, არაპროგნოზირებადი, უკონტროლო ადამიანი.
2. მხედარს : )
ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ადამიანი უსამართლოდ ვერ ხვდება კლუბში. დგას მშვიდად, არ გამოყურება გამომწვევად, არ არის ზედმეტად ნასვამი და მაინც არ უშვებენ. რატომ ხდება ხოლმე ასე?
1. ხშირად ვამბობ, რომ ადამიანი თუ კლუბში ვერ მოხვდა ერთ კონკრეტულ საღამოს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მას მეტი კლუბში შესვლის შანსი აღარ მიეცემა, უბრალოდ შეიძლება ის დღეს გართობისთვის, ან თუნდაც კონკრეტული მუსიკის მოსმენისთვის მზად არ არის, შესაბამისად შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დღეს მისი ადგილი აქ არ არის, მაგრამ შემდეგ კვირას, უპრობლემოდ შეძლოს კლუბში მოხვედრა.
2. რატომ ხდება? ჩვენ გვაქვს უფლება ვიყოთ სუბიექტურები და ამის მიუხედავად ჩვენი გადაწყვეტილება ლეგიტიმურია. მე მანდო კლუბმა ამ გადაწყვეტილების მიღების პრეროგატივა. მიზეზი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს: მისი ემოციური განწყობა, მისი ქცევა … ან უბრალოდ – თქვა არა, კი-ს ნაცვლად. შესაძლოა ადამიანი ძალიან კარგად გაერთოს სხვა კლუბში, მაგრამ არ იყოს მზად მოუსმინოს კონკრეტულად იმ დღეს ჩვენი კლუბის მიერ შემოთავაზებულ მუსიკას, ანდაც არ იყოს მისთვის მისაღები გარემო.
გამოცდილება რამდენად მნიშვნელოვანია ამ პოზიციაზე მუშაობისას და უკვე ამ გამოცდილების გათვალისწინებით თუ მიმხვდარხართ, რომ ხშირად უსამართლოდ მოქცეულხართ? ანდაც ახლა, თუ გაქვთ ხოლმე განცდა, რომ ხანდახან არასამართლიანი ხართ?
1. გამოცდილება, ცხადია მნიშვნელოვანია. თუმცა, გამორიცხულია ადამიანი 100% ყოველთვის მართალი და უშეცდომო იყოს. ყოველი სამუშაო ღამე მეტ გამოცდილებას, თავდაჯერებულობას მმატებს. გამოცდილებამ მაჩვენა, რომ თუკი ადამიანი ზედმეტად მიუღებელი არ არის კლუბისთვის, რაღაც მომენტში, შემიძლია შემოვუშვა. ბევრმა უნდა ნახოს, რას ნიშნავს თავისუფალი სივრცე და ნელ-ნელა გაითავისოს თუ რამხელა წვლილი შეაქვს კლუბურ ცხოვრებას თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში. რა თქმა უნდა, ეს კლუბის ინტერესებშიც შედის, რადგან მხოლოდ “ქლაბერების” შემოშვებით, რთულია იარსებობს ამ სივრცემ.
2. უსამართლობის განცდა სიმართლე ვთქვა, არ გამჩენია. ადამიანს არა აქვს უნარი 100% გაშიფროს და სწორად შეაფასოს მეორე ადამიანი და ცხადია, ვუშვებ შეცდომებს. შესაძლოა ჩემი მიღებული გადაწყვეტილების 30% შეცდომაა, თუმცა ამის მიუხედავად, თავს დამნაშავედ არ ვგრძნობ.
თქვენთვის თუ უთქვამთ ოდესმე უარი კლუბში შეშვებაზე?
1. უთქვამთ, როდესაც ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ვცდილობდი კლუბში მოხვედრას.
2. არ მახსენდება ასეთი ფაქტი.
რამე განსაკუთრებული შემთხვევა თუ გქონიათ? მაგალითად, არ შეგიშვიათ რომელიმე ცნობილი ადამიანი? თუ თქვენთვის კლუბის ზღვართან ყველა ადამიანი „თანაბარია“?
1. ხალხის ცნობადობას არანაირ პრიორიტედად არ ვთვლი. ასევე ყოფილა შემთხვევა, როდესაც უთხოვიათ, რომ ესა თუ ის ადამიანი „ნაცნობობით“ შემეშვა კლუბში, მაგრამ არასდროს დამიყენებია სხვისი ინტერესი კლუბის ინტერესებზე მაღლა. იმაში ორი აზრი არ არის, რომ კლუბის ზღურბლთან, არც ერთი ადამიანი არ არის უპირატესი.
2. რა თქმა უნდა, კლუბის კართან ყველა თანასწორუფლებიანი და თანაბარია.