წითელი ფერის უსასრულო ძიება – ინტერვიუ ანიშ კაპურთან
სერ ანიშ კაპური, ბრიტანელი სკულპტორი, 1954 წელს ბომბეიში დაიბადა. ადრეული 70-იანებიდან კი ბრიტანეთში მოღვაწეობს. ანიშ კაპური თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტია. მისი სკულპტურები გამოფენილია ნიუ-იორკის, ლონდონისა და ჩიკაგოს ქუჩებში, ახალი ზელანდიის ქალაქებში, ასევე რომში, Maxxi-ის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, პარიზში, ვერსალის ბაღში და ბევრ სხვა ადგილას.
At.ge გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს ანიშ კაპურთან (The Talks)
ბატონო კაპურ, თქვენ გაქვთ ფუფუნება (პრივილეგია), რომ შექმნათ იმ ზომის ნამუშევრები, რომლებიც საკმაოდ ძვირი ჯდება. ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა არტისტებთან შედარებით უფრო დიდი ტილო და სამუშაო არეალი გაქვთ?
არ ვფიქრობ, რომ ეს ასე აიხსნება. გეთანხმებით, მე ნამდვილად პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვარ და ფულიც მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ვფიქრობ, რომ დიდი ნამუშევარიც შეიძლება იყოს ბანალური. ზომა არ განსაზღვრავს ნამუშევარს, შეიძლება დიდი ნამუშევარი იყოს უაზრო; მთავარი ამოცანაა, რომ ნამუშევარი აზრობრივადაც იყოს დაკავშირებული მის შინაარსთან. ვიმედოვნებ, რომ ჩემი სკულპტურების მასშტაბი ბევრად დიდია, ვიდრე ჩანს; ვიმედოვნებ, რომ ისინი თქვენში იწყებენ ცხოვრებას.
რას გულისხმობთ?
მე მინდა დავწერო ოპერა! მინდა ყველა დიდი ადამიანური გრძნობა მოვიცვა.
ყველა? ცოტა ამბიციურად ჟღერს
რა თქმა უნდა, ბავშვური ამბიციაა, როდესაც გჯერა, თითქოს ყველაფრის გაკეთება შეგიძლია. თუმცა, რაც დანამდვილებით ვიცი, შემიძლია გავაკეთო ის, რომ ჩემს სამუშაო სივრცეში არ მინდა შემოვუშვა სიკვდილის, სიხარულის ან სილამაზის კლიშეები და მსგავსი თემები. ვერასდროს ვიტყვი, რომ მე ვქმნი ხელოვნებას სიხარულის შესახებ, ან ეს ნამუშევარი გვიყვება ყველაფერს სიკვდილზე. ძალიან ბანალურია. მე არ ვარ დაინტერესებული ექსპრესიით.
ნუთუ ექსპრესია თვით ხელოვნება არ არის?
მე ხშირად ვამბობ, რომ როგორც ხელოვანს არაფერი მაქვს სათქმელი. ჩემი, როგორც ხელოვანის მთავარი საქმიანობაა მოგზაურობა აღმოჩენებისთვის, იქნება ეს ახალი მასალა, ადამიანის სხეული თუ ყველაფერი ის, რამაც აქამდე მომიყვანა. და რა თქმა უნდა, წითელი (ფერი) და ძიება მის გარშემო. წითელი თავის თავში შემაძრწუნებელ სიბნელეს მოიცავს. ასეთი შეგრძნება მაქვს: თუ ამ თავსატეხს შეეჭიდები, მისგან თავის დაღწევა რთულია. ყველა ობიექტი, რასაც ვქმნი, მინდა რეალური და ნათელი სიმართლე იყოს.
როდესაც სტუდიაში შევდივარ, თითქმის ყოველთვის მუშაობას ამ ფრაზით ვიწყებ: “არ ვიცი რა გავაკეთო, თავს დაკარგულად ვგრძნობ”. შემდეგ მასალას შევხედავ და იწყება მუშაობა რაციონალური გააზრების გარეშე, რომლის პროცესსაც ყოველთვის სხვადასხვა მიმართულებით მივყავარ.
თვლით, რომ თქვენი ნამუშევრები თვითდაკვირვებას წარმოადგენს?
ინტროსპექტივა ჩემთვის ყოველთვის საინტერესო საკითხი იყო. თითქოს მიდიხარ ფსიქოლოგთან, წვები ტახტზე და იწყებ მოყოლას, როგორ ცუდად გრძნობ თავს. შემდეგ ეს გრძნობები ზედაპირზე ამოდის და შენ თვალწინაა.
ჩემი ყველაზე დიდი ნამუშევარი, რომელიც ტეიტ მოდერნში გამოვფინე, იყო Marsyas. სახელი ბერძნული მითოლოგიიდან მოდის, რომლის მიხედვითაც აპოლონმა დაკიდა მარსიუსი. თვითონ ეს ობიექტი, გადაჭიმული ფორმა, ტეიტის ინტერიერს მიეკუთვნება. ეს ნამუშევარი ჩემთვის გადაჭიმული კანის მეტაფორაა.
შავი ფერი ყოველთვის ასოცირდება სიტყვა “cool”-თან. როგორ ფიქრობთ, შეიძლება ამ იდეით მისი მოდის სამყაროში გამოყენება?
(იცინის) ოჰ, ეს შავი! როგორი ექსტრაორდინალურია და რამდენ სინათლეს ისრუტავს. შეგიძლია ხელში აიღო, დაკუჭო და ნაკეცი ვერც კი იპოვო. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ აბსორბირებადი ტანსაცმელი, რომელიც თითქმის არ გამოჩნდება.
თქვენს ბევრ ნამუშევარში, მაგალითად, ლისონის გალერეაში წარმოდგენილ სკულპტურაშიც, ხშირად იყენებთ სილიკონს. როგორ აღმოაჩინეთ ეს მასალა?
ვეძებდი რაღაცას, რომელიც მეტად ფიზიკური და სამგანზომილებიანი იქნებოდა, ვიდრე უბრალოდ სახატავი ტილო. სილიკონს ხშირად ვიყენებდი, როგორც დამხმარე მასალას და აღმოვაჩინე, რომ მისი გამოყენება ცალკეც ძალიან კარგი იდეაა. აღმოჩენის პროცესი ყველაზე საინტერესოა. ხოლო რაც შეეხება სკულპტურას, ყველაფრის მიუხედავად, ის მაინც სანახევროდ ნახატია.
როგორ ფიქრობთ, აღმოგიჩენიათ ისეთი მასალა, რომელსაც უკეთესად იყენებთ, ვიდრე სხვა არტისტები?
დიახ.
ვიცი, რომ kibbutz-ში ყოფნის დროს გადაწყვიტეთ გამხდარიყავით არტისტი. იქ მოხდა რამე ისეთი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ?
არა, არაფერი განსაკუთრებული. დაახლოებით ასე იყო: “რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს”, ვფიქრობდი Kibbutz-ში მუშაობის დროს, რომლის დასრულების შემდეგაც უნივერსიტეტში ჩაბარება მიწევდა. თუმცა მივხვდი, რომ მე ხელოვნების სკოლაში მსურდა სწავლა და ვფიქრობ, გამიმართლა, რომ 17 წლის ასაკში ზუსტად მივხვდი ჩემს პროფესიას.