fbpx

ბათუმის განვითარების ლიბერტარიანული სიმულაცია


გააზიარე სტატია

Photo: Billy Bilikhodze 

აპრილის დასაწყისში ქართველი ფოტოგრაფის, “ბილი” ბილიხოძის მიერ გადაღებული ბათუმის ფოტო გამოჩნდა ინტერნეტში.

რას ვხედავთ ფოტოზე? ბათუმს, რომელიც ნელ-ნელა ბეტონის ჯუნგლებად იქცევა და თითქოს ქაოსურად იძირება ახალ, მაღალსართულიან მშენებლობებში.

ფოტოს კომენტარებში და გაზიარებებში ყველას ერთი ტონი ჰქონდა:
“ზოგადად დედა ეტირა ყველაფერს”
“ვადაააფაკ იზ დისს :|”
“გარემო, სადაც ცალსახად გამორიცხულია ადამიანი ოდესმე იყოს ბედნიერი”
“გენიოსი ქალაქმგეგმარებლები გვყავს. აი, ტალანტები.”

მართალია. ის, რაც ამ ფოტოზე ხდება, შეიძლება სულაც არ მოგწონდეთ ესთეტიკურად თუ სხვა რაიმე კუთხით, მაგრამ, ვცადოთ გავერკვეთ, თუ სად არის პრობლემა, რატომაა ბათუმი დღეს ასეთი და როგორი შეიძლება/უნდა იყოს ის.

 

ბათუმი დღეს ასეთია, იმიტომ რომ ამ ქალაქის განაშენიანების გენ.გეგმა არ არსებობს? 

არა. ბათუმს, ისევე როგორც ყველა დიდ ქალაქს საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ შემუშავებული, ბევრფულგადახდილი, კომისიებგავლილი და მკაცრად გაწერილი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა აქვს. შესაბამისად, ყველა ეს “მახინჯი მშენებლობა” კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს. სხვაგვარად უბრალოდ ვერ მოხდებოდა.

ეს მშენებლობები ქაოსურია?

ფოტოზე ნამდვილად ასე ჩანს, თუმცა საბოლოო სახე როგორი იქნება, ჯერ არავინ იცის.

შეიძლება თუ არა, რომ ბათუმი მაღალსართულიანი შენობების გარეშე განვითარებულიყო?

განვითარებად ქვეყანაში, სიდიდით მესამე და თან ზღვისპირა ქალაქი, რომელშიც სეზონზე მთელი რეგიონიდან ჩამოდიან ტურისტები დასასვენებლად, შეუძლებელია 2-3 სართულიანი შენობებით განვითარდეს, მოემსახუროს ტურისტულ ნაკადებს, უძრავი ქონების შესყიდვის მსურველებს და გამდიდრდეს.

ხოლო თუ ვინმეს ბათუმის “სულისა და იერსახის” დაკარგვა აწუხებს, ისიც უნდა გააცნობიეროს, რომ ამ იერსახეს მხოლოდ ბათუმელების ღარიბებად დარჩენის ხარჯზე შევინარჩუნებდით ბოლომდე (თან, ძველი ბათუმის უბანი საკმაოდ დიდი და დაკონსერვებული ტერიტორიაა, სადაც ახალი შენობების აგების ნებართვებს ბათუმის მერია თითქმის არ გასცემს).

კი მაგრამ, ამდენი მაღალსართულიანი რომ შენდება, ვის სჭირდება, ვისთვის აშენებენ?

გარდა იმისა, რომ საქართველოში შემომავალი ტურისტული ნაკადი საოცარი სისწრაფით იზრდება (19%-იანი ზრდა 2017 წელს), ბიზნესპრესნიუსის 2016 წლის სტატიიდან ჩანს, რომ აჭარა ერთადერთი რეგიონია, სადაც უძრავი ქონების ბიზნესი ყვავის (თბილისს თუ არ ჩავთვლით). ეს იმითაა გამოწვეული, რომ ბათუმში ძალიან დიდია უცხოელების დაინტერესება. როგორც უძრავი ქონების სააგენტო sastumroebi.ge-ს დირექტორი გიორგი კომახიძე ამბობს, ბინების შეძენით ყველაზე დიდი დაინტერესება პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა და ბათუმში ახლად აშენებული ბინების ნახევარს უცხოელები ყიდულობენ.

პლუს ამას, ზოგადად, ბაზარი ასე მუშაობს – მიწოდება მხოლოდ მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში წარმოიშობა. ეს ახალაშენებული ბინები რომ არ იყიდებოდეს, კიდევ ახალი შენობების აშენებაში ფულს არავინ ჩადებდა…

მაგრამ, ვიზუალურად რომ საშინელებაა?

ნამდვილად, შეიძლება არ მოგვწონდეს, მაგრამ ასე შევხედოთ – ჩვენი გემოვნება უფრო მნიშვნელოვანია, თუ ადგილობრივი მცხოვრებლების, ბათუმელების დამოკიდებულება ამ შენობების თუ ტენდენციის მიმართ? ჩვენ კი არა, მათ უწევთ ამ ქალაქში ცხოვრება.

ასეთ ბეტონის ჯუნგლებში რომ არ მოუწიოთ ბათუმელებს ცხოვრება, საჭიროა უფრო მკაცრი კონტროლი, ნებართვების გაცემის გამკაცრება, ქმედითი არქიტექტურის სამსახური და მიწათსარგებლობის უკეთესი გეგმა!

 

ამ “კარგი” რამეების მიღწევას ბოლო 25 წლის მანძილზე ყველა მთავრობა ცდილობდა, მაგრამ ბიუროკრატია მერფის კანონით მუშაობს – თუ მას რაიმე ცუდის გაკეთების ბერკეტს მივცემთ, ის ამ ბერკეტს აუცილებლად გამოიყენებს, როგორც კი ხელსაყრელი სიტუაცია გამოჩნდება და იმის იმედის ქონა, რომ ვინმე “სწორი ხალხი მოვა და დაალაგებს სიტუაციას” არის ნაივური იმედი.

აბა გამოსავალი რა არის?

თუ შევთანხმდებით, რომ გამოსავალში იგულისხმება ის, რომ:
1. ბათუმს ჰქონდეს განვითარების, ზრდის და გაფართოების საშუალება,
2. ბათუმი იყოს ისეთი ქალაქი, როგორსაც ბათუმელები მოისურვებენ,
მაშინ, გამოსავალი შეიძლება იყოს რამდენიმე რამის კომბინაცია:

პირველი, რაც შეიძლება გაკეთდეს – ქალაქი უნდა დაიყოს მცირე, რამდენიმეუბნიან თვითმმართველ ერთეულებად. ამ ერთეულის ტერიტორიაზე რაიმე სახის მშენებლობის ნებართვას კი ქალაქის ცენტრში მოკალათებული ჩინოვნიკი კი არა, ადგილობრივები უნდა “გასცემდნენ”, რადგან სწორედ მათ მოუწევთ ახალი შენობის ჩრდილში ცხოვრება.

თუ ინვესტორს სურს ასეთი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე რამე მშენებლობის დაწყება, მას მოუწევს საკუთარ პოტენციურ მეზობლებს ისეთი რამ შესთავაზოს, რაზეც ისინი უარს ვერ იტყვიან. შედეგად, თქვენ შეიძლება ისევ არ მოგეწონოთ ბათუმის სქაილაინი, მაგრამ, როგორც მინიმუმ, ადგილობრივები იქნებიან კმაყოფილები. ბათუმის იერსახე კი მისი მცხოვრებლების პასუხისმგებლობის საკითხი გახდება – სხვას ვის შეიძლება ეხებოდეს ეს საკითხი, თუ არა იმ ხალხს, ვისაც იქ მთელი ცხოვრების გატარება უწევს.

ამის პარალელურად უნდა არსებობდეს ბერკეტი, რომლითაც ყველა, ვისაც ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება, მოახერხებს იმ უბნის იერსახის შენარჩუნებას, სადაც ცხოვრობს. ამისთვის შესაძლებელი უნდა იყოს, რომ კონკრეტულ უძრავ ქონებას მიენიჭოს სხვადასხვა პარამეტრები. მაგალითად, თუ მე მინდა, რომ ჩემი სახლის გარშემო უფრო მაღალი არაფერი აშენდეს და ფანჯრიდან ხედი არ დამიჩრდილოს, მე უნდა შემეძლოს ჩემი მეზობლებისგან “ხედის უფლების” ყიდვა.

ამით ბათუმი დაემსგავსება იმ კერძო, თვითმმართველ ქალაქებს, რომელთა მსგავსსაც არაერთს ნახავთ დედამიწის გარშემო. მაგალითისთვის, ასეთი ქალაქია უოლტ დისნეის მიერ აშშ-ში, ფლორიდას შტატში აშენებული სრულიად კერძო ქალაქი, სახელად სელებრეიშენი (Celebration). აქ მიწის ნაკვეთის შეძენისას ამ ქონებას თავისი პირობები მოჰყვება – რამდენსართულიანი, რამხელა, რა სტილის შენობის აშენება შეგიძლიათ და მსგავსი დეტალები.

მოკლედ რომ შევაჯამოთ (a.k.a. TL;DR), ბათუმი მზარდი, განვითარებადი და პერსპექტიული ქალაქია. შეუძლებელია მისი წარმოდგენა მაღალსართულიანი შენობების გარეშე, მაგრამ ბათუმი უნდა ეკუთვნოდეს ბათუმელებს და თავად წყვეტდნენ, როგორ ქალაქში უნდათ ცხოვრება ან რა სურთ მიიღონ იმის სანაცვლოდ, რომ ვიღაც ინვესტორმა 40-სართულიანი შენობა წამოუჭიმოთ სანაპიროზე.

 

ჩვენ შეიძლება ბათუმელების გადაწყვეტილება ან მოგვეწონოს, ან არა, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ბათუმელების პასუხისმგებლობის და თავისუფლების საკითხია ის, თუ როგორ ქალაქში უნდათ ცხოვრება.

ავტორი: ჰერმან საბო


რეკომენდებული სტატიები
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.