fbpx

წაწლობა და სწორფრობა


გააზიარე სტატია

ქართული კუთხური ტრადიციებიდან ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ამოუცნობი ფენომენი ფშავ-ხევსურეთში დამკვიდრებული სწორფრობა/წაწლობის ტრადიციაა. დღეს ეს ტრადიცია მთლიანად გამქრალია და ქართული ეთნოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მოვლენად რჩება. რას ემსახურებოდა ეს ტრადიცია? იყო თუ არა ეს თავისუფალი სექსის ნიშნების გამოვლინება, ანდაც ქალისა და კაცის თანასწორობის ერთგვარი მანიფესტი?

წაწლობისა და სწორფრობის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს. ეს ქართულ ეთნოგრაფიულ კულტურაში ალბათ ყველაზე რთული, უცნაური და აუხსნელი ტრადიციაა, რომელიც დასაბამს უხსოვარი დროიდან იღებს, ხოლო მისი უკანასკნელი გამოვლინება გასული საუკუნის 50-იან წლებში გვხვდება.

 

გვესაუბრება ამირან არაბული, ეთნოგრაფი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

როდიდან იღებს ეს ტრადიცია სათავეს, ანდაც რასთან არის იგი დაკავშირებული?

არავინ იცის რა დროიდან მოდის ეს ტრადიცია და მისი დათარიღება შეუძლებელია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს უძველეს ქალ-ღვთაებას უკავშირდება, რომელიც ძველი ტექსტების მიხედვით, თავად იყო მესწორფრე და ეს მის პატივსაცემად დამკვიდრებული ტრადიციაა. არსებობს ასევე მცდარი ვერსია, რომ ამ ტრადიციას ოკულტიზმთან აქვს კავშირი, მაგრამ ეს თეორია მიუღებელია, რადგან მსგავსი რამ ხევსურეთის ისტორიულ მეხსიერებაში არ ყოფილა.

რის მიხედვით ირჩევდა ქალ-ვაჟი ერთმანეთს და რა ფორმით ხდებოდა მათ შორის კომუნიკაცია?

ჯერ კიდევ ძველ ტექსტებში არის ნახსენები “ელჩი”, ადამიანი, რომელიც ქალ-ვაჟს ურთიერთობის დამყარებაში ეხმარებოდა და შუამავლის როლს ასრულებდა. ქალ-ვაჟს ერთმანეთის მიმართ სიმპათია და ურთიერთლტოლვა უნდა გასჩენოდათ და ამის შესახებ სწორედ ელჩის მეშვეობით ატყობინებდნენ ერთმანეთს.

არსებობს ბევრი ვარაუდი, თუ რა იყო დასაშვები სწორფრებს შორის…

შეთანხმების შემდეგ ახალგაზრდები ერთმანეთს ღამით ხვდებოდნენ და
“დაწოლას” გამართავდნენ. თავდაპირველად, უფრო თავშეკავებულად იქცეოდნენ. ქალი კაცის მკლავზე დადებდა თავს და მთელი ღამე საუბარში ატარებდნენ. მოგვიანებით, უკვე წელს ზემოთ ალერსი და ხვევნა-კოცნაც დაიშვებოდა. გამთენიისას, მამლის დაყივლებამდე, წყვილი ერთმანეთს შორდებოდა. სწორფრების ხალხში ერთად გამოჩენა სირცხვილად ითვლებოდა და გრძნობების გამოხატვა საჯაროდ მისასალმებელი არ იყო. “წოლა” ხდებოდა ჭერხოში, კალოზე ანდაც ბანზე. ეს შეულახველ ადგილებად მიიჩნეოდა და ამ ადგილების შებღალვა არ შეიძლებოდა. ზღვარის გადასვლის შემთხვევაში, წყვილი მკაცრად დაისჯებოდა. შემდგომ უკვე შესაძლებელი იყო “წოლის” სახლში გამართვაც, ოღონდ ისე, რომ ოჯახის უფროსებს არ გაეგოთ. მშობელს რომც შეემჩნია შვილთან მისული სწორფერი, არაფერს იტყოდა და თვალს დახუჭავდა. ყველაზე დიდი დანაშაული სექსუალური აქტის დამყარება იყო და უმკაცრესად ისჯებოდა, რაც თემიდან მოკვეთაში გამოიხატებოდა.

“როდესაც წაწლები ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებოდნენ, უკვე სახლშიც წვებოდნენ, მაგრამ ამას ისე ოსტატურად აკეთებდნენ, რომ მშობლები ვერაფერს ხვდებოდნენ, თუმცა ხშირად ეს უკანასკნელნი თავს იკატუნებდნენ. დიდი ხნის წაწლებმა წესი და რიგი კარგად იცოდნენ, ისინი ერთმანეთს წელს ქვემოთ არ უნდა შეხებოდნენ. არ შეიძლებოდა ძალადობა. თუ ქალი დაორსულდებოდა, მას მეძავად მიიჩნევდნენ და ვერ გათხოვდებოდა. უკანონო შვილიც თავად უნდა გაეზარდა. სოფელი კი ვაჟს განკვეთდა და თავისი ტერიტორიიდან აძევებდა მანამ, სანამ საგმირო საქმეს არ ჩაიდენდა.”
სერგი მაკალათია

 

წაწლობა – ფშავური მოვლენაა, ხოლო სწროფრობა – ხევსურული. რა სხვაობაა მათ შორის?

წაწლობასა და სწორფრობას შორის მცირე სხვაობა მაინც არსებობს. ფშავში ვაჟი მიდიოდა ქალთან, ხოლო ხევსურეთში, პირიქით, ქალი ეწვეოდა ხოლმე ვაჟს.

რამდენი სწორფერი ან წაწალი შეიძლება ჰყოლოდა ქალს/ვაჟს?

რაც უფრო მეტი სწორფერი ჰყავდა ყმაწვილ ქალსა თუ ვაჟს, მით უფრო პატივცემული იყო იგი. თუ ქალიშვილს ან ვაჟიშვილს არ ჰყავდა სწორფრები, ეს სირცხვილად ითვლებოდა და ის „უხეიროდ“ მიიჩნეოდა. სწორფრები უნდა ყოფილიყვნენ კარგი შესახედი, საინტერესო მოსაუბრე და ურთიერთშესაფერისი. ერთმანეთის პოვნაში მათ ასევე “ელჩი” ეხმარებოდა ხოლმე.

რატომ არ შეიძლებოდა სწორფრებს შორის ქორწინება?

ეს მოვლენა კატეგორიულად კრძალავდა ქორწინებას. “სწორფრობა ღვთისგან გაჩენილი არს” და ადამიანი, რომელიც ამ წესს არღვევს, იკვეთება თემიდან. არა მხოლოდ სწორფრის, არამედ ერთი თემის წარმომადგენლების ქორწინებაც დაუშვებელი იყო და ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, წყვილი სასტიკად ისჯებოდა. მაგალითად, თემიდან მოიკვეთა ვაჟა ფშაველას ძმა, ბაჩანა რაზიკაშვილი, რადგან მან თანათემელი მოიყვანა ცოლად. ეს წესი განსაკუთრებით მკაცრად მოქმედებდა ნათესავ წაწალთა შორის, რომლებიც სისხლის აღრევის გამო არათუ თემიდან განდევნით, არამედ სიკვდილითაც შეეძლოთ დაესაჯათ.

სწორფრობის და წაწლობის სხვა ფორმაც არსებობდა, როდესაც სტუმარს უწვენდნენ ღამით ქალს. ამ ტრადიციის შესახებ გვიამბეთ.

ღირსეულ სტუმარს, ამ ტრადიციის თანახმად, ღირსეულ ქალს უწვენდნენ გვერდით. ეს იყო სტუმრის მიმართ გამოხატული დიდი პატივისცემა. ქალი შეიძლება ყოფილიყო მასპინძლის სწორფერიც და ეს განსაკუთრებული პატივის გამოვლენა იყო სტუმრის მიმართ. სტუმარი თუკი წესს დაარღვევდა და ქალთან ურთიერთობაში ზღვარს გადავიდოდა, სიკვდილითაც კი ისჯებოდა. თუმცა, თუკი ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონებოდათ, დაქორწინება შეეძლოთ.

და მაინც, რას ემსახურებოდა წაწლობა/სწორფრობის ტრადიცია?

აქ ძალიან ბევრი მხარე იკვეთება… მაგალითად, ვაჟა ფშაველას ვარაუდით, წაწლობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეომრებისათვის, რომლებიც შთაგონებულნი იყვნენ თავიანთი წაწლების მიერ.

ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო ახალგაზრდების მომზადება სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრებისა და გამრავლებისთვის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მთაში ხალხი ვიწრო სივრცეში იყო ჩაკეტილი და თავს ამ ურთიერთობით იქცევდა.
სწორფრები ერთმანეთის მესაიდუმლეები და უახლოესი ადამიანები იყვნენ. მათ უყვარდათ ერთმანეთი, თუმცა იცოდნენ, რომ ამ ურთიერთობის მეტად გაღრმავება გამორიცხული იყო. სწორედ ეს არარეალიზებული გრძნობები გამოვლინდებოდა ხოლმე იმ გენიალურ ნაქარგობებში და ხალხურ ლექსებში. სწორედ აქ პოვა გამოვლინება არშემდგარმა სიყვარულმა. ამ ფორმით ყვებოდნენ ქალები თავიანთ განცდებს და თავგადასავლებს. კაცები კი ლექსად გადმოსცემდნენ მიუწვდომელი სიყვარულისგან მინიჭებულ დარდსა და ტკივილს.

ვისაც ორნამენტებით ჰარმონიულად გაწყობილი ხევსური ქალების ნატიფი ნახელავი უნახავს,მისთვის არ იქნება ძნელი მისახვედრი: “ხალხური გამოყენებითი ხელოვნების“ თითოეულ ნიმუშში თავშეკავებული,ნებადაურთველი და, ამდენად, ტრაგიკული სიყვარულის გაუნელებელი ღადარი ღვივის…”

 

“ფშავსა და ხევსურეთში სატრფიალო პოეზიის მნიშვნელოვანი ნაწილი… ცხოვრებაში არასრულად რეალიზებული სასიყვარულო ენერგიის სუბლიმაციის შედეგს წარმოადგენდა.”
ლელა გაბური

 

“ჩემი აზრით, ეს ტრადიცია ადამიანებს თვითგამორკვევაში ეხმარებოდა, დღეს ბევრი იმიტომაც ქორწინდება, რომ კოცნისა და მოფერების გემო გაიგოს. შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ის არ ჰყავთ გვერდით, ვინც სჭირდებათ. უმთავრესად კი, ვფიქრობ, იმას ისახავდა მიზნად, რომ ცხოვრების ამ ერთფეროვან ორომტრიალში ადამიანს მუდამ ჰყოლოდა სატრფიალო და საოცნებო, სტიმული -მარადიულ ტკივილად და სიხარულად გადარჩენილი ოცნება – აკრძალული სიყვარული, რომლის მოგონებაც გაულამაზებდა ცხოვრებას და ამით სიყვარულსაც უკვდავყოფდა.”

ს. მაკალათია


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.