fbpx

ანრი კარტიე ბრესონი – პარიზი


გააზიარე სტატია

პარიზი

„მსოფლიოს ულამაზესი  ქალაქიც კი მხოლოდ იმას გასცემს, რაც გააჩნია.  გასცემს იმისთვის, ვისაც ამის დანახვა, მიღება და შეყვარება  შეუძლია“, – წერდა ვერა ფეიდერი. ანრი კარტიე ბრესონს პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით,  მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს  თუ სრულიად უცნობს.

 

© ანრი კარტიე-ბრესონი. დიდროს ბულვარი. პარიზი. საფრანგეთი 1969

 

ანრი კარტიე-ბრესონი

დაიბადა 1908 წლის 22 აგვისტოს, შანტელუ-ან-ბრიში, სენა და მარნაში. ადრეული ასაკიდან გამოავლინა მხატვრობის, განსაკუთრებით სიურეალიზმის მიმართ დიდი გატაცება. სწავლობდა პარიზის კონდორსეს ლიცეუმში.

1926 წელს ანდრე ლოტის სახელოსნოში ფერწერას სწავლობდა. ამავე წელს გადაიღო თავისი პირველი ფოტოები. 1931 წელს სახელოვნებო ჟურნალ Arts et Métiers Graphiques-ში აღმოაჩინა მარტინ მუნკაჩის ფოტოები და გადაწყვიტა, რომ კონცენტრაცია ფოტოგრაფიაზე მოეხდინა.

1932 წელს, კოტ-დ’ივუარზე თითქმის ერთწლიანი ცხოვრების შემდეგ, იყიდა ლეიკა — იმ დროიდან მისთვის რჩეული ფოტოაპარატი. ასე დაიწყო ფოტოხელოვნებისადმი მისი ცხოვრებისეული სწრაფვა. მან იმოგზაურა ევროპაში, მეგობრებთან — ლეონორ ფინისა და პიეირ დე მანდიარგთან ერთად.

1933 წელს მისი პირველი გამოფენა ნიუ იორკში, ჟულიენ ლევის გალერეაში მოეწყო. 1935 წელს მისი ნამუშევრები მანუელ ალვარეს ბრავოს შემოქმედებასთან ერთად გამოიფინა მეხიკოს ნატიფი ხელოვნების სასახლეში. ერთი თვის შემდეგ, ჟულიენ ლევის გალერეაში მისი, უოკერ ევანსის და მანუელ ალვარეს ბრავოს ერთობლივი ექსპოზიცია გაიმართა. ამის მერე, ანრი კარტიე-ბრესონი ერთხანს აშშ-ში ცხოვრობდა, სადაც კინოხელოვნებით დაინტერესდა და პოლ სტრანდთან თანამშრომლობა დაიწყო.

1936 წელს ის ჟან რენუარის ასისტენტად მუშაობდა ფილმებზე „დღე სოფელში“ და „ცხოვრება ჩვენია“. ერთი წლის შემდეგ გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი: „ცხოვრებასთან დაბრუნება“ რესპუბლიკურ ესპანეთში სამედიცინო სამსახურის შესახებ და „აბრაამ ლინკოლნის ბრიგადასთან ერთად“, სადაც ის მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელი ჯარისკაცების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობდა. მისი ფოტორეპორტაჟი გეორგ VI-ის კორონაციის შესახებ გაზეთ „Ce Soir“-ში გამოქვეყნდა.

1938 წელს, ესპანეთის Secours Populaire-ის დაკვეთით გადაიღო დოკუმენტური ფილმი ესპანეთის სამოქალაქო ომის შესახებ, სახელწოდებით „ესპანეთი იცოცხლებს“. 1939 წელს, ჟაკ ბეკერსა და ანდრე ზვობოდასთან ერთად, ჟან რენუარის თანაშემწედ მუშაობდა ფილმ „თამაშის წესების“ გადაღებებზე.

ომში ტყვედ აყვანის შემდეგ, მესამე მცდელობისას, 1943 წელს თავი დააღწია პატიმრობას და შემდეგ იატაკქვეშა ორგანიზაციას შეუერთდა, რომელიც ტყვეების და ციხიდან გაქცეულების დახმარებაზე ზრუნავდა. 1944 წელს, Editions Braun-ისთვის მან მწერლების და ხელოვანების ფოტოპორტრეტების სერია შექმნა (ანრი მატისი, პაბლო პიკასო, ჟორჟ ბრაკი, პიერ ბონარი, პოლ კლოდელი, ჟორჟ რუო..). 1945 წელს, პროფესიონალი ჟურნალისტების ჯგუფთან ერთად, ფირზე აღბეჭდა პარიზის გათავისუფლება და შემდეგ დოკუმენტური ფილმი „დაბრუნება“ გადაიღო.

1946-47 წლებში დაახლოებით ერთი წელი გაატარა აშშ-ში. Harper’s Bazaar-ის თხოვნით, მან რამდენიმე თვით ჯონ მალკოლმ ბრინინთან ერთად, ხელოვანების და მწერლების ფოტოების გადასაღებად იმოგზაურა.

1947 წელს, ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „ანრი კარტიე-ბრესონის ფოტოები“ გაიმართა. იმავე წელს, რობერტ კაპასთან, ჯორჯ როჯერთან, დევიდ „ჩიმ“ სეიმურსა და უილიამ ვანდივერტთან ერთად, მან დააფუძნა სააგენტო „მაგნუმ ფოტოს“.

 

© ანრი კარტიე-ბრესონი. პარიზი, საფრანგეთი, 1954

აღმოსავლეთში სამწლიანი მოგზაურობის შემდეგ, 1952 წელს, ევროპაში დაბრუნდა, სადაც თავისი პირველი წიგნი „Images à la Sauvette“ (ინგლისურ ენაზე გამოქვეყნდა „გადამწყვეტი წამის“ სახელით) გამოსცა, რომლის გარეკანიც ანრი მატისმა გააფორმა. მან ფოტოგრაფიის მიმართ თავისი დამოკიდებულება შემდეგნაირად განმარტა: „ჩემთვის ფოტოაპარატი ჩანახატების ალბომია, ინტუიციის და სპონტანურობის იარაღია, წამის მოხელთების საშუალებაა, რომელიც ვიზუალური ტერმინებით, ერთსა და იმავე დროს, კითხვასაც სვამს და გადაწყვეტილებასაც იღებს.

ადამიანი გამოხატულების სიმარტივემდე საშუალებების ეკონომიის გზით მიდის.“ 1954 წელს რობერ დელპირის წყალობით გამოაქვეყნა წიგნები „მოცეკვავე ბალი“ და „ერთი ჩინეთიდან მეორემდე“, რითაც დელპირთან მრავალწლიანი თანამშრომლობა დაიწყო. ის იყო პირველი ფოტოგრაფი, რომელსაც ცივი ომის დაწყებიდან, სსრ კავშირში ჩასვლის უფლება მისცეს.

1955 წელს საფრანგეთში მისი პირველი გამოფენა ლუვრში, მარსანის პავილიონში მოეწყო. იმავე წელს, Tériade-მა მისი წიგნი „ევროპელები“ გამოსცა (გარეკანი ხოან მიროს მიერ იყო გაფორმებული).

 

© ანრი კარტიე-ბრესონი. სენ-ლაზარის რკინიგზის სადგური, ევროპის მოედანი. პარიზი, საფრანგეთი 1932

 

1968 წლიდან უკვე ნაკლებად მოღვაწეობდა ფოტოგრაფიაში და უფრო ხატვასა და ფერწერაზე კონცენტრირდა. 2003 წელს, თავის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, მან ანრი კარტიე-ბრესონის ფონდი დააარსა პარიზში, რომელსაც მისი ნამუშევრების დაცვაზე უნდა ეზრუნა.

კარტიე-ბრესონს არაერთი ბრწყინვალე პრიზი, ჯილდო და საპატიო დოქტორის წოდება აქვს მიღებული. 2004 წლის 3 აგვისტოს, თავის პროვანსის სახლში, 96 წლისთავამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.