fbpx

26 აპრილი – დილიდან


გააზიარე სტატია

 

ჩერნობილის კატასტროფიდან 32 წელი გავიდა

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

ჩერნობილის კატასტროფა  შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზარალით. ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 ათასი ადამიანი. ჩერნობილის ავარია სსრკ-სთვის გახდა უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მოვლენა. მისი მიზეზების გამოძიება დიდი ხნით გაჭიანურდა. ფაქტების ინტერპრეტაცია და ავარიის ვითარების ანალიზი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ამიტომ დღემდე მასზე სრული და ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.

 

26 აპრილს, 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „პოეზია“ გიწვევთ ერიკ ლის წიგნისადმი მიძღვნილ დისკუსიაზე

ერიკ ლის „ექსპერიმენტი, მივიწყებული ქართული რევოლუცია,“ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაწერილი სხვა წიგნებისაგან განსხვავებით, საქართველოს განიხილავს, როგორც პირველ ქვეყანას მსოფლიოში, სადაც სოციალ-დემოკრატიული პარტია ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდა. წიგნი მიზნად ისახავს მკითხველს დაანახვოს, თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო სოციალ-დემოკრატიული სახელმწიფო, ბოლშევიკებს რომ არ გაენადგურებინათ.

წიგნში განხილულია 1905 წლის გურიის რესპუბლიკაც, როგორც 1918 წელს შექმნილი სახელმწიფოს წინამორბედი. ავტორი მოგვითხრობს რეფორმებზე, რომელთა გატარებაც მოასწრო პირველმა რესპუბლიკამ არსებობის სამი წლის განმავლობაში, და განიხილავს პროფესიული კავშირებისა და კოოპერატივების მდგომარეობას. ერთი თავი მთლიანად ეძღვნება მსოფლიოს სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერების ვიზიტს საქართველოში 1920 წელს. ავტორისთვის ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპის ისტორიის შემადგენელი ნაწილია. ის მიიჩნევს და წიგნში ადასტურებს, რომ ქართული სოციალ-დემოკრატია ევროპული ფენომენი და მაგალითიც კი იყო იმდროინდელი პოლიტიკური მოღვაწეებისათვის.
წყარო: https://www.facebook.com/

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „საქართველოს ეროვნული მუზეუმის უცნობი კოლექციები – ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია”

ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების ასეთი მასშტაბური გამოფენა საქართველოში პირველად ეწყობა. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინდური, ჩინური და იაპონური ფერწერის, ქანდაკების და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების 500-მდე ნიმუში, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი ძალზე ფართოა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ძვ.წ. I ათასწლეულით დათარიღებული ჩინური ბრინჯაოს ჭურჭელი მსხვერპლშეწირვისათვის, XV -XVIII სს. ჩინური ფაიფურის ნაკეთობები, XVII ს-ის ჩინელი მხატვრის, ჯან მუ-ს ფერწერა აბრეშუმზე, XVIII ს-ის იაპონური ფაიფურწარმოების ბრწყინვალე ნიმუშები – საცუმას წყვილი ლარნაკი რომანოვების კოლექციიდან, ამავე პერიოდის იარაღი, იაპონელი მებრძოლის – სამურაის განუყრელი ატრიბუტი, XVII-XVIII სს.-ით დათარიღებული ინდური ქაშმირის თირმა-შალების კოლექცია და ა.შ.

საქართველოში შორეული წარსულიდან იცნობდნენ და აფასებდნენ აღმოსავლურ კულტურას. ჩვენს ქვეყანაზე გადიოდა აბრეშუმის გზა, უმნიშვნელოვანესი სავაჭრო-საქარავნო მაგისტრალი, რომლის მეშვეობით, როგორც არქეოლოგიური მასალითა და წერილობითი წყაროებით დასტურდება, ჩვენთან შემოჰქონდათ საუკეთესო ხარისხის ჩინური აბრეშუმი, ფაიფურისა თუ ქაშანურის ჭურჭელი, ინდური ქსოვილები, ხალიჩები, სამკაული და სხვ.

საგამოფენოდ შერჩეული ჩინური, იაპონური და ინდური არტეფაქტები, ეროვნული მუზეუმის აღმოსავლური კოლექციების შედევრები, რომელთა დიდი ნაწილი პირველად იქნება წარმოდგენილი ფართო აუდიტორიის წინაშე, დამთვალიერებლისთვის ერთგვარი გზამკვლევი იქნება ამ შორეული და საოცარი სამყაროს უკეთ შეცნობისათვის. წყარო: https://www.facebook.com/

 

“მოძრაობის თეატრი” წარმოგიდგენთ სპექტაკლს “იგი”

“იგი” მე-20 საუკუნის ქართველი მწერლისა და პუბლიცისტის, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის ინსცენირებაა, რომელშიც მოთხრობილია ადამიანის ევოლუციის შესახებ – პრეისტორიული ხანიდან პიროვნებად ფორმირებამდე. სპექტაკლი დრამატული ცირკისა და ტრადიციული თეატრის სინთეზია. სხეულის ენით გადმოცემულია ის გრძნობები, რომელსაც მთავარი გმირი განიცდის. სიღრმეების წვდომისათვის დამატებულია მინიმალური თხრობა.
წყარო: https://www.facebook.com/

 

8 ივნისს ნეტფლიქსზე Sense-8-ის ფინალური, ორსაათიანი სერია გავა “ერთად დასასრულამდე”

 – ეს ახალი სერიის სლოგანია. ფინალურ სერიაში კლასტერი ერთად დაუპირისპირდება ძალას, რომელიც წლების განმავლობაში დევნის და ავიწროებს მათ. Netflix-მა განმარტა, რომ სტატისტიკა და რიცხვები არ იძლეოდა სერიალის გაგრძელების საშუალებას, რადგან სერიალის ხარჯები მის მოგებაზე გაცილებით მეტი იყო. მაგრამ ფანების აქტიურობის შედეგად არხმა მიიღო გადაწყვეტილება სერიალის ორსაათიანი სპეციალური ეპიზოდი გადაეღოთ.
წყარო: http://variety.com/

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დისნეი აპირებს ფიფქიას შესახებ ახალი ფილმი გადაიღოს, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის მფლობელი მსახიობი, ბრი ლარსონი შეასრულებს

ფილმს Rose Red ერქმევა და მთავარი პერსონაჟი არა ფიფქია, არამედ მისი და იქნება. ახალი კინოსურათის ისტორია იმ მომენტიდან იწყება, როდესაც ფიფქია მოწამლულ ვაშლს მიირთმევს. ამის შემდეგ ფიფქიას და, როუზი ჯუჯებთან ერთად ცდილობს მოძებნოს გზა იმისთვის, რომ ფიფქია გამოაფხიზლოს და ცხოვრებას დაუბრუნოს. ამ ეტაპზე უცნობია როდის დაიწყება ფილმის გადაღებები.
წყარო: https://screenrant.com/

 

გავლენიანმა გამოცემა Variety-მ 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის “საშიში დედა” და “ჰორიზონტი”

ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის – I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის – Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის – A Kid Like Jake და სხვები. Variety-ის ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ. წყარო: http://variety.com

 

კულტურული მემკვიდრეობის სია განახლდა. ჩამონათვალს სამი ობიექტი დაემატა

ჩამონათვალში მოხვდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში მდებარე ვერანას ნაეკლესიარი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კარსანში არსებული კარსნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში მდებარე კოლსტეტი. გარდა ამისა, კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ შვიდ ობიექტს –  იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს, გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს, თხმორისის წმინდა გიორგის ეკლესიას, ჭაპალასციხეს, ჭაპალას ხიდს, სოფელ ცხავერში მდებარე ნათლისმცემლის ეკლესიას, ასევე ფიტარეთის მონასტრის მახლობლად მდებარე „ბნელი ხევის“ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
წყარო: https://matsne.gov.ge

 

ჰოლივუდის მსახიობმა სკარლეტ იოჰანსონმა, ამერიკელ მუსიკოს პიტ იორნთან ერთად, ახალი სიმღერა და კლიპი გამოუშვა, სახელწოდებით Break Up.

წყარო: https://www.youtube.com

 

2018 წლის ბოლოს კიდევ ერთი ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი რეისი შესრულდება

ორ მეგაპოლისს – სინგაპურსა და ნიუ-იორკს შორის ფრენა თითქმის 20 საათს გასტანს. თვითმფრინავი რეკორულ მანძილს –  18,668 კილომეტრს შეუჩერებლად დაფარავს.
წყარო: https://edition.cnn.com


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.