დილიდან – 27 აპრილი
კინოკომპანიებმა – Plan B-მ და Annapurna-მ უფლებები შეიძინეს მომავალ პროექტზე, რომელიც ჰოლივუდის პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის გახმაურებულ საქმეს ეხება
პირველად ეს ამბავი New York Times-ის ჟურნალისტებმა, ჯოდი კენტორიმ და მეგან ტვოჰიმ გამოაქვეყნეს.
გახმაურებულმა ამბავმა ჰოლივუდის და ზოგადად, კინოინდუსტრიის ღერძი შეცვალა და დასაწყისი გახდა კამპანიისა #MeToo, რომელიც ქალებზე (და არა მარტო) ძალადობის ფაქტებს ააშკარავებდა. კინოსურათი ფოკუსირებული არ იქნება ჰარვი ვაინშტაინის პერსონაჟზე და მთელი აქცენტი ჟურნალისტების საქმიანობაზე გაკეთდება. ჯერჯერობით რეჟისორი და სცენარისტი ცნობილი არ არის, თუმცა აქტუალურობიდან გამომდინარე, პროექტი სწრაფად მოიძიებს ფინანსებს.
წყარო: https://www.theguardian.com
Studio Ghibli ანიმეების პარკს ქმნის
იაპონიის ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, უკვე დადასტურებულია, რომ თემატური პარკი იაპონიაში 2020 წლისთვის გაიხსნება. პარკი აიჩის პრეფექტურაში აშენდება, ნაგოიასთან ახლოს. პარკში დიდი ადგილი დაეთმობა ბუნებას, რაც გიბლისთვის უმნიშვნელოვანესია. აიჩის მთავრობის თქმით, პარკში ატრაქციონები და ტყის ბილიკები მოეწყობა, როგორც ეს ჰაიაო მიაძაკის ანიმეებშია – ჩემი მეზობელი ტოტორო, კიკის მიტანის სერვისი და ჰოულის მოსიარულე კოშკი.
წყარო: https://mashable.com
მზიურის თავისუფალი ჩვენებების სეზონი ღია ცისქვეშ ბრუნდება
პარასკევს, 27 აპრილს, 19:30 საათზე, ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიული ფილმის – „მე, ბაბუა, ილიკო და ილარიონი“ ჩვენებაზე გეპატიჟებით. „მზიურის“ კაფეს ეზოში ერთად ვნახავთ, რატომ ჰქვია დოკუმენტურ ფილმს მწერალ ნოდარ დუმბაძეზე „მე ბაბუა, ილიკო და ილარიონი“, როგორია ფილმის ავტორის, რეჟისორ ლევან მაჭარაშვილის თვალით დანახული ბაბუა ნოდარი.
ფილმში თავად შვილიშვილი – რეჟისორი გვიამბობს როგორი ახსოვს ბაბუა, გვიყვება ამბავს მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის ემოციებსა და განცდებზე ღრმა ბავშვობიდან. როგორ წარიმართა მამადახვრიტილი და დედაგადასახლებული ცხრა წლის ბიჭის ცხოვრება და მისი სულიერი თავგადასავალი, როგორ აისახა ეს ყოველივე მის შემოქმედებაზე და როგორ დასრულდა მწერლის ტკივილებითა და გამარჯვებებით აღსვსე ცხოვრება.
წყარო: https://www.facebook.com
წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა მწერალ ლაშა ბუღაძესთან
ავტორი ისაუბრებს თავის ახალ წიგნზე – „პატარა ქვეყანა.” “პატარა ქვეყანა“ ნახევრად ავტობიოგრაფიულია: მასში მოთხრობილია თავად ავტორის და საქართველოს ბიოგრაფია ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან უახლეს პერიოდამდე. ამ მცირე ხნის განმავლობაში პატარა ქვეყანა საბჭოთა კავშირს გამოეყო, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ოთხი ომი და ერთი რევოლუცია გადაიტანა და ოთხი პრეზიდენტი შეიცვალა. ეს არის რომანი ცვლილებების, ილუზიებისა და შიშების შესახებ.
წყარო: https://www.facebook.com/
ბალენსიაგა ამ ეტაპზე ყველაზე გაყიდვადი ბრენდია მოდის ინდუსტრიაში, მეორე ადგილზეა გუჩი, ხოლო მესამეზე ასევე გვასალიას ვეტმანი
ამ უკანასკნელმა, გასულ წელთან შედარებით, სიაში ორი საფეხურით მაღლა აიწია. ვეტმანის პოპულარობა 2017 წლის პირველი მეოთხედთან შედარებით, 2018 წლის პირველ სამ თვეში 32%-ით გაიზარდა.
თუმცა, ბალენსიაგას გაყიდვები უფრო სწრაფად იზრდება და როგორც ჩანს, მოდის სფეროში მისი გავლენაც უფრო მაღალია, ვიდრე დემნა გვასალიას მეორე ხაზის. ექსპერტები ამას შედარებით დაბალ ფასებსაც უკავშირებენ: თუ ვეტმანის ბრენდის ჰუდი 700-დან 800 ევრომდე ღირს, ბალენსიაგას ჰუდის შეძენა 500 ევროდაა შესაძლებელი.
წყარო: https://www.harpersbazaar.com/
რედიოჰედმა ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გამართულ კონცერტზე 2001 წლის ჰიტის, True Love Waits-ის იშვიათი აკუსტიკური ვერსია შეასრულა
ეს მსმენელისთვის მომზადებული სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან სიმღერა შესასრულებელ ტრეკებს შორის მითითებული არ იყო. ეს პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც როკ ბენდმა 2001 წელს გამოსული სიმღერის აკუსტიკური ვერსია შეასრულა. სიმღერის ორიგინალი ვერსია იორკმა პირველად და ბოლოს 2003 წელს დაუკრა.
წყარო: https://www.youtube.com/
თბილისი უკრაინული კინოს ფესტივალს “უკრაინა ფოკუსში” მასპინძლობს
ღონისძიება 26 აპრილს გაიხსნა, რომელსაც უკრაინის კულტურის მინისტრი – ევღენ ნიშჩუკი, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე – მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი – ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის ორგანიზატორები – მარია მოსკალენკო, იულია სინკევიჩი და ასევე ფესტივალის გამხსნელი ფილმის, The Line-ის რეჟისორი – ანდრეი ერმაკი და მსახიობი რიმა ზიუბინა დაესწრნენ. უკრაინული კინოს ფესტივალი “უკრაინა ფოკუსში” თანამედროვე უკრაინული კინოფილმების ჩვენებას 26-29 აპრილს უმასპინძლებს. ყველა სეანსზე დასწრება თავისუფალია.
ფოტო: http://www.gnfc.ge
“ქალი ფანჯარაში” ასე ერქმევა ახალ ფილმს, რომელშიც მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი ემი ადამსი შეასრულებს
ფილმის სიუჟეტი ალფრედ ჰიჩკოკის კლასიკას – “ფანჯარა ეზოს მხარეს” ჰგავს, თუმცა ახალი კინოსურათი მისი რიმეიქი არ იქნება და ეი ჯეი ფინის რომანს დაეფუძნება. ისტორიის ეპიცენტრში ფსიქოლოგი ენ ფოქსია, რომელიც აღმოაჩენს, რომ აგორაფობიით [სივრცის შიში] იტანჯება. სწორედ ამიტომ ის რამდენიმე თვე სახლიდან არ გადის, სვამს წამლებსა და ალკოჰოლს. თუმცა ერთ დღესაც მის მეზობლად საზარელ დანაშაულს შეესწრება. საბოლოოდ მისი არავის სჯერა – არც მეზობლებს, არც ოჯახს, არც პოლიციას, სწორედ ამიტომ მისი მთავარი მიზანი ამ დანაშაულის გამოძიება გახდება.
წყარო: http://variety.com/
Chicken Run მეორე ნაწილით ბრუნდება
თითქმის 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ანიმაციური ფილმი Chicken Run ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი და წარმატებული პროექტი გახდა. სწორედ ამიტომ მისმა შემქმნელებმა გადაწყვიტეს, რომ ანიმაციის გაგრძელება გადაიღონ. ამ ეტაპზე პროექტის თითქმის ყველა დეტალი უცნობია, თუმცა ვიცით, რომ მისი რეჟისორები კვლავ პიტერ ლორდი და ნიკ პერკი იქნებიან. Chicken Run-ის პირველი ნაწილი 2000 წელს გამოვიდა და გაქირავებაში $225 მილიონზე მეტი დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ანიმაციის გაგრძელებაზე მუშაობა მისმა შემქმნელებმა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გასულ წელს ინტერნეტსივრცეში ფილმის მეორე ნაწილის გადაღების მოთხოვნით პეტიცია გამოჩნდა.
წყარო: https://www.hollywoodreporter.com
დიდი წარამტების გამო A Quiet Place-ის სიქუელს გადაიღებენ
A Quiet Place – ასე ჰქვია Paramount-ის ახალ ჰორორს, სადაც მთავარ როლებს ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი და მილისენტ საიმონდსი ასრულებენ. გარდა ამისა, კიუსაკი ფილმის რეჟისორიც არის. ფილმი ეკრანზე 6 აპრილს გამოვიდა და მალევე გახდა კრიტიკოსებისა და ჟურნალისტების ფავორიტი, გარდა ამისა ფილმმა გაქირავებაში $200 მილიონზე მეტი შემოსავალი დააგროვა.
სწორედ ამიტომ, კინოსტუდიამ გადაწყვიტა ფილმის მეორე ნაწილიც გადაიღოს. ფილმის სიუჟეტი ოჯახის გარშემო ვითარდება, რომელიც საზოგადოებისგან იზოლირებულად ცხოვრობს და ერთი მთავარი წესი აქვთ – ისინი მუდმივად ჩუმად უნდა იყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ თავს დიდი უბედურება დაატყდება. სწორედ ამის გამო ისინი ერთმანეთთან ჟესტების ენით კონტაქტობენ და სამაგიდო თამაშებსაც კი ნაქსოვი ბარათებით თამაშობენ.
წყარო: http://variety.com/
იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმს, რომელიც გურჯაანის სოფელ კარდენახში მდებარეობს, რეაბილიტაცია ჩაუტარდება
მუზეუმის დირექტორის, თამარ დურგლიშვილის თქმით, მუზეუმის ძველი მარნის აღდგენა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. 2017 წელს ნონეშვილის სახლ-მუზეუმს 1500 ვიზიტორი ესტუმრა.
ფოტო: http://betravel.ge/
ცნობილი ამერიკელი კომიკოსი ბილ კოსბი სექსუალური ძალადობის სამ შემთხვევაში დამნაშავედ ცნეს
ეს იყო მეორე შემთხვევა 2017 წლის შემდეგ, როცა სასამართლომ მსახიობის მიმართ ბრალდება განიხილა. ამჯერად სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და ბილ კოსბის სექსუალური ძალადობის თითოეულ შემთხვევაზე 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
წყარო: http://www.bbc.com/
შვედი მუსიკოსის, Avicii-ის გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობა გახდა
ტიმ ბერგლინგი, იგივე ავიჩი ომანის დედაქალაქ მასკატში, 20 აპრილს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახის წევრებზე დაყრდნობით კი დღეს ცნობილი გახდა, რომ მუსიკოსმა თავი მოიკლა.
წყარო: https://www.theguardian.com/