fbpx

უცნობი აღმოსავლური ხელოვნების კოლექცია სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში


გააზიარე სტატია

27 აპრილს სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში უცნობი აღმოსავლური კოლექციის გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ინდური, ჩინური და იაპონური კოლექციები. აქ ნახავთ ისეთ ნივთებს, როგორებიცაა: ჭადრაკი, საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, კატანები, სამოსი და დიდი ზომის ლარნაკები, ცალკეული ცერემონიების და გარესამყაროს ამსახველი ნახატები და ა.შ. ნამუშევრების დათარიღება ძვ.წ. I ათასწლეულიდან იწყება და XVII-XVIII საუკუნეებით მთავრდება. ასევე წარმოდგენილია ჩინელი მხატვრის, ჯან მუ-ს ფერწერა აბრეშუმზე და ჩინური ბრინჯაოს ჭურჭელი მსხვერპლშეწირვისთვის.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ქართულ ხელოვნებაში აღმოსავლურ კულტურას დიდი ადგილი უჭირავს. ჩვენში თავისუფალი ხელოვნების გაჩენა იმდენად უკავშირდება დასავლურ ფორმებს და იდეებს, რამდენადაც აღმოსავლური კულტურის საზრისებს. აღმოსავლურ ხელოვნებას განსაკუთრებული ადგილი ეკავა დავით კაკაბაძის სამეცნიერო კონცეფციებშიც, ისევე, როგორც პეტრე ოცხელის თეატრისა და დეკორაციულ მხატვრობაში. თავად კაკაბაძე აღნიშნავდა, რომ ქართული ხელოვნებისთვის აღმოსავლური და დასავლური კულტურა თანაბარ მნიშვნელობებს ატარებდნენ. თუმცა დღეს ბევრი ცოდნა, რომელიც აღმოსავლურ ხელოვნებას უკავშირდება, დაკარგულია.

რა ხდის ამ კოლექციას დღესაც განსაკუთრებულს და გამორჩეულს? ალბათ ის, რაც ისევ განხილვის საგნად რჩება – ხელოვნების სოციალური როლი. ამ გარემოებას ჯერ კიდევ 100 წლის წინ დაესვა კითხვები. დიუშამის ცნობილ პისუართან ერთად, ხელოვნებამ სრულიად უცხო განზომილებაში გადაინაცვლა, რომელშიც ხელახლა უნდა ეპოვა საკუთარი ფუნქცია.

ის, რაც აღმოსავლურ ხელოვნებაში გვაოცებს და მასთან გვაახლოებს კიდეც, ხელოვნების ნამუშევრის ყველა სფეროში მოხმარებაა. აქ განვითარებულია როგორც რელიგიური, ისე საომარი, საყოფაცხოვრებო და რიტუალური დანიშნულების მქონე ფორმები. ყველა ნივთი საკუთარ სიმბოლურ ღირებულებას ატარებს. ისინი ერთად მონაწილეობენ საერთო საყოფაცხოვრებო პროცესებში.

აღმოსავლური ხელოვნება ხშირად რელიგიის დონეზეა აყვანილი. მაგალითად, შუა საუკუნეების იაპონურ ხელოვნებას ძენთან და მედიტაციასთან აიგივებდნენ. ხელოვნების ტრადიცია იაპონიაში იმდენად გამჯდარი იყო ყოფიერებაში, რომ მისი ნიშნები თანამედროვე იაპონურ ხელოვნებასაც შემორჩა. საკმარისია დააკვირდეთ ტაკაში მურაკამის ნამუშევრებს, რომ პოპის და სპირიტუალიზმის უცნაურ სინთეზს დაინახავთ.

დღეს, როდესაც ქართული ხელოვნება დიდი დროის შემდეგ კვლავ ცდილობს ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოსვლას, აღმოსავლურ ცოდნებს მისთვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვთ. ზოგადად კი, გამოფენა კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ხელოვნების ნამუშევრის მოხმარებაზე. ჩვენს ყოველდღირობაში უამრავ ნივთს მოვიხმართ, რომლებიც სხვადასხვა პატერნებით კლასიფიცირდებიან. ეს ნივთები ძირითადად ზედაპირული, სამომხმარებლო იმიჯებით იფარგლებიან. ბევრი რამ, რასაც თანამედროვე დიზაინს ვეძახით, მარტივი და ფუნქციური დანიშნულების მქონე ნივთებია.

აღმოსავლური ხელოვნების უცნობი კოლექცია კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ იმ კულტურულ გარემოებას, რომელშიც ნივთებს საკუთარი უნიკალური ბუნება და თვისებები გააჩნიათ. მაგალითად – კატანების კოლექციას, რომელიც იაპონური საომარი ხმლის განვითარებას ასახავს. აქ ჩანს, თუ როგორ იძენს ესთეტიკას და ახალ მნიშვნელობებს კატანა, რის შედეგადაც ის კულტურულ არტეფაქტად იქცევა.

ან თუნდაც, ინდური ქსოვილები, რომლებშიც ფერების და ფორმების ფრაქტალური გამოსახულებები სრულიად სხვა კოსმოლოგიის შემსწრეებს გვხდიან. კოლექციაში, ასევე წარმოდგენილია ბრინჯის ქაღალდზე შესრულებული ბუნების სურათები.

გარემოს ასახვა ჩინური და იაპონური ხელოვნების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენდა. მისი უმცირესი ნაწილებიც კი როგორებიცაა პეპლები, ან კალიები, დეტალურად უნდა ყოფილიყვნენ გამოსახული. ეს ერთი მხრივ, გარესამყაროს შესახებ ინფორმაციის დიდ წყაროს ქმნიდა, მეორე მხრივ კი, ბუნებაში არსებული ფერების და ფორმების კვლევის საშუალებას იძლეოდა. აღმოსავლური ხელოვნების დამახასიათებელი ძლიერი ნიშანი, სწორედ გარესამყაროსთან მუდმივი ინტერაქციაა. აქ ყველაფერი ორგანულ დონეზე იქმნება. სამყაროს მრავალფეროვნება და მასთან ჰარმონიაში ყოფნა მისი ამომავალი წერტილებია.

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია სხვადასხვა ეპოქის გრაფიკული ნამუშევრები, პორტრეტები, ყოფითი სცენები, ცერემონიები და სხვ. რაც საშუალებას გვაძლევს ამა თუ იმ ეპოქისთვის დამახასიათებელ ტრადიციებს და ესთეტიკას დავაკვირდეთ.

ყურადღებას იქცევს ომის ამსახველი და ცერემონიული სურათები, რომლებიც ასევე თავისებურად აკავშირებენ ამ მოვლენებს გარესამყაროსთან. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნება აბსტრაქტული ფერწერის საშუალებით არის წარმოდგენილი, რაც ხაზს უსვამს მოვლენის მნიშვნელობას, მის კოსმოლოგიურ სარჩულს.

გამოფენა პირველი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, რაც მასზე დაკვირვებისა და კვლევის გრძელვადიან პერსპექტივას იძლევა.

ავტორი: დათო კოროშინაძე


რეკომენდებული სტატიები
თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები

თბილისის უცნობი მუზეუმები
წარმოგიდგენთ თბილისში მდებარე რამდენიმე მცირე, მაგრამ უნიკალურ მუზეუმს, რომლების არსებობაც ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებადაა ცნობილი
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.