“შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება”
დღეს, ღამის კლუბების, ასევე სხვა გასართობი და სახელოვნებო ბიზნესების წარმომადგენლებმა ბოლო დღეების განმავლობაში მომხდარი სერიული ზედოზირებებისა და ანტი-საკლუბო კამპანიის საპასუხოდ პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელზეც შემდეგი მიმართვა გავრცელდა:
მოგესალმებით,
ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს ელექტრონული მუსიკისა და ზოგადად ხელოვნების ინდუსტრიას, რომელიც აერთიანებს კლუბებს, ფესტივალებს, მუსიკალურ ლეიბლებს, კაფე- ბარებს, ივენთ კომპანიებს, არტისტებსა და პროდიუსერებს.
თბილისის ელექტრონული მუსიკის სცენამ და საკლუბო სფერომ სახელი გაითქვა არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ამას ადასტურებს ის უამრავი სტატია, რომელიც თბილისის შესახებ ყველაზე ცნობილ და გავლენიან დასავლურ გამოცემებში იბეჭდება.
ადგილობრივი სცენა არის დინამიური და მზარდი, მას ყოველ წელს უამრავი ახალი მუსიკოსი, არტისტი და პროდუსერი ემატება. უამრავი ადამიანი შორეული ქვეყნებიდან თბილისს სწორედ კლუბების და ქართული ელექტრონული სცენის გასაცნობად სტუმრობს.
ელექტრონული მუსიკის აღამავლობას მხარი აუბა ხელოვნების მრავალმა სფერომ და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ კულტურული გადატრიალების მომსწრენი ვართ მუსიკალურ სფეროში, კინოხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში, მოდის და კლასიკური ხელოვნების სფეროებში. თანამედროვე ქართული კულტურა უპრეცედენტო საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.
ამ ინდუსტრიის წარმატების შედეგად შეიქმნა უამრავი სამუშაო ადგილი და გაიზარდა ტურისტული პოტენციალი. ამავდროულად ჩვენი ინდუსტრია ქვეყნის ხაზინაში დიდი მოცულობის გადასახადებს იხდის.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკლუბო სცენა დღეს საქართველოში პროგრესული აზროვნების ავანგარდში დგას და საფუძველს უდებს ახალი, თანამედროვე, ღია და გახსნილი საზოგადოების, თავისუფლებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული ახალგაზრდული კულტურის ჩამოყალიბებას.
სამწუხაროდ, ელექტრონული მუსიკისა ინდუსტრიის მიმართ დაუსრულებელი ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, ვრცელდება უამრავი ბინძური ჭორი და ბრალდება. პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები კლუბების დახურვას ითხოვენ. მათი მოქმედების მეთოდები იმდენად გასცდა ყოველგვარ ზღვარს, რომ მზად არიან ცილი დასწამონ კლუბებს ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში.
შეგახსენებთ, რომ ბოლო სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში უცნობ მომწამვლელ სუბსტანციას 5 ახალგაზრდა ადამიანი ემსხვერპლა, რომლის შემცველობა ჯერ კიდევ დაუდგენელელია, მისი მომწოდებელი კი დაუსჯელი. პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამ ტრაგედიის გამო და სამძიმარს ვუცხადებთ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს.
ჩვენ ყველაზე მეტად ვართ დაინტერესებული გამოძების შედეგებით, იმისთვის, რომ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება და ნათელი მოეფინოს სიმართლეს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ყველაფერი მალე დასრულდება.
ინდუსტრიის წარმომადგენლები, მოვითხოვთ:
შეწყდეს რეგრესული ძალების მხრიდან საკლუბო სცენის დემონიზირება და დისკრედიტაცია. ამ პროცესში სახელმწიფო ინსტიტუტებმა მნიშნელოვანი როლი უნდა შეასრულონ და მხარი დაუჭიროს ჩვენს ინდუსტრიას.
შეწყვიტონ მედია საშუალებებმა საკლუბო სცენის სტიგმატიზირება და ტრაგედიების დაკავშირება ჩვენს საქმიანობასთან.
დროულად იქნას დადგენილი თუ რა მავნე ნივთიერების შედეგად გარდაიცვალნენ ახალგაზრდა ადამიანები და სასწრაფოდ მივიღოთ პრევენციული ზომები, ექსპერტიზის პასუხები გახდეს საჯარო.
შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ ყველა ზომა, რომ ვებ-გვერდების საშუალებით მომწამლავი ნივთიერებები ხელმისაწდომი არ იყოს.
ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყოს პრევენციული შინაარსის მქონე საინფორმაციო კამპანია, რომელიც დაფუძნებული იქნება არა სტერეოტიპულ მიდგომებზე, არამედ ადამიანებზე ზრუნვის პრაქტიკებზე.
გადამზადდეს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი, რათა ამა თუ იმ სუბსტანციით ზედოზირების შემთხვევაში, შეძლონ ადამიანების დროული და ეფექტური დაეხმარება.
გადაიდგას ნაბიჯები ლიბერალური ნარკოპოლიტიკისკენ, რომელიც ზრუნვასა და პრევენციულ მიდგომებზე იქნება დაფუძნებული.
ჩვენ უფლებებს ბოლომდე დავიცავთ და პასუხს მოვითხოვთ უსაფუძვლო ცილისწამებისთვის.
ამასთან ერთად მომხმარებლებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისგან.
მივმართავთ საზოგადოებას, ელქტრონული მუსიკისა და საკლუბო სფეროს წარმომადგენლებს, ყველა მედია საშუალებას, საერთაშორისო გამოცემებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აბსოლუტურად ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ უმწვავეს პრობლემასთან გამკლავება და ძვირფასია ჩვენი ქვეყნისა და კულტურის წინსვლა: დაგვიდექით გვერდით, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენი თანადგომა.
ჩვენ ხაზგასმით ვაცხადებთ, ამ სფეროს სოციალური პოლიტიკის გათვალისწინებით, ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის ბრძოლა არამხოლოდ კონკრეტული სივრცეების, არამედ ყველა იმ იდეისა და ღირებულების – თავისუფლებისა და თანასწორობის, ყველა იმ ერთობლივი მონაპოვარის წინააღმდეგ, რომლის გარშემოც ვართ გაერთიანებული ათასობით ადამიანი!
FUND ELECTRONAUTS
4GB
ALTERVISION / OPEN AIR
ART-CAFÉ HOME
BASSIANI
BLOW BAR
CAFÉ GALLERY
DECODER
DRAMA BAR
ELEKTROWERK
EVENTER
KELLER BAR
KHIDI
LISI REST
LTFR
MTKVARZE
MUZAME
MZESUMZIRA
SPACEHALL
SUCCESS BAR
TERMINAL EVENTS
TIVI
TREEBAL
VODKAST
WHITE NOISE MO
🔴 Live: კლუბ BASSIANI-ს ხელმძღვანელობა ბრალდებებს პრესკონფერენციით პასუხობს
Gepostet von Prime Time am Dienstag, 8. Mai 2018