სწორი კვების ქართული გზამკვლევები ინტერნეტში
ადამიანებს უმეტესობას უნდა რომ იყოს ლამაზი, გამხდარი და „გადასარევი“ს, მაგრამ ცოტამ თუ იცის როგორ მიაღწიოს სასურველ ფორმებს და გარეგნობას ჯანსაღი კვების პრინციპების დაცვით ისე, რომ არაფერი ავნოს მის ჯანმრთელობას და მიღწეული შედეგიც (წონის კლების შემდეგ) ხანგრძლივად შეინარჩუნოს.
თვითნებური დიეტები, შიმშილობები, კალორიების თვლით დაძაბული ნერვული სისტემა და საკუთარი სხეულის უპატივცემულობა ადრე თუ გვიან და უფრო ადრე, ვიდრე გვიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს, ამიტომ ჯობს, ვისწავლოთ ჩვენი სხეულის მოსმენა, გავითავისოთ ჯანსაღი კვების პრინციპები და ცხოვრების ეს წესი ნელ-ნელა ჩვეული გავხადოთ ჩვენთვის.
ჯანსაღი კვება გულისხმობს პროდუქტების მრავალფეროვნებას, ბალანსირებულ რაციონს, გემრიელ, იაფ და სასარგებლო კერძებს. რაციონალური კვება უმნიშვნელოვანესი პირობაა ჯანმრთელობის შენარჩუნების, ადამიანის ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისათვის. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უკანასკნელი მონაცემებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის 15%-ს განსაზღვრავს სამედიცინო მომსახურება, 15%-ს – გენეტიკური თავისებურებები, ხოლო 70%-ს – ცხოვრების წესი და კვება.
სწორი კვება საშუალებას გვაძლევს თავიდან ავიცილოთ ან შევამციროთ ქრონიკული დაავადებების რისკი, შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა და მიმზიდველი გარეგნობა, დავრჩეთ მოხდენილები და გამოვიყურებოდეთ ახალგაზრდულად.
ინტერნეტში მრავალი რესურსია იმისათვის, რომ გაგვიმარტივდეს ორიენტაცია ჯანსაღი კვების პრინციპებში, ვიპოვოთ მსგავსი ინტერესების ადამიანები და გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება. გთავაზობთ რამდენიმე ქართულენოვან რესურსს:
ჯანსაღი ცხოვრების ხელოვნება
კვების და დეტოქსიფიკაციის სპეციალისტის, ირიდოლოგ სოფია გოგიტაშვილის მიერ შექმნილი კომუნაა Facebook-ზე. სოფია 10 წელზე მეტია ნიუ-იორკში ცხოვრობს და სწორედ იქ დაინტერესდა პირადი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ჯანსაღი ცხოვრების წესით და ჰოლისტიკური პრინციპებით, რაც სხეულის, გონებისა და სულიერების ჰარმონიას გულისხმობს.
ამ ჯგუფში ნახავთ როგორც ბევრ მარტივ და გემრიელ რეცეპტს (მაგალითად, ცივი წვნიანების, ნოყიერი საუზმეების და ა.შ), ასევე გაიგებთ ბევრი სხვადასხვა საკვები პროდუქტისა თუ ნივთიერების მავნე და სასარგებლო თვისებების შესახებ და აუცილებლად დაფიქრდებით სხეულის დეტოქსიკაციის კურსის გაკეთებაზე.
უმი კვება
ვეგანებისთვის და უმი კვებით დაინტერესებულებისთვის ეს ჯგუფი შესაძლოა საინტერესო იყოს, რადგან აქ ერთი მხრივ, მოცემულია სხვადასხვა კერძის მომზადების რეცეპტები და მეორე მხრივ, იპოვით რჩევებს – სად შეიძლება შეიძინოთ ესა თუ ის პროდუქტი და რა სასარგებლო თვისებები შეიძლება ჰქონდეთ მათ.
ჯანსაღი კვება
დაბალანსებული კვების, საკვების პირამიდის, სწორად კვების განრიგის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეს ვებსაიტი გამოგადგებათ, სადაც მოცემულია როგორც ზოგადი ინფორმაცია, ასევე კვების მაგალითები დღეების მიხედვით.
ჩემი კულინარი დედიკო
ახალგაზრდა დედების ჯგუფი ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის მიზნით თავიანთ გამოცდილებას და რეცეპტებს უზიარებენ მომხმარებლებს.
სმუსები, ბურღულის ორცხობილები, წვნიანები, ბავშვებისთვის მიმზიდველი და ამავდროულად ჯანსაღი საკვების რეცეპტები აქ შეგიძლიათ ადვილად ნახოთ და შემდეგ თქვენი ბავშვების ყოველდღიურ რაციონში ჩართოთ.
თუ თქვენ იცით სხვა საინტერესო ქართული ინტერნეტ-რესურსები ჯანსაღი კვების შესახებ, შეგვატყობინეთ მათი სახელები, ან მოიწერეთ კომენტარებში.