fbpx

ეკოკომენტარი თანამედროვე ხელოვნებაში – გამოფენა Oxygen


გააზიარე სტატია

17-დან 20 მაისის ჩათვლით, ”პროპაგანდას” ეგიდით, სასტუმრო “სტამბას” სივრცეში გამოფენა Oxygen_No Fair გაიმართება. მონაწილეთა სია ძალიან მრავალფეროვანია, კარგად ნაცნობი ხელოვანებიდან სტუდენტებამდე. ასევე მრავალფეროვანია ის მედიუმიც, რასაც დამთვალიერებელი Oxygen-ზე ნახავს. გამოფენის იდეა, რომელიც ფაქტობრივად ორ თვეში განხორციელდა, ანა გაბელაიას და ნინო საკანდელიძეს ეკუთვნით, რომლებიც ასევე გამოფენის კურატორები არიან.

ანა გაბელაია: ამ გამოფენის იდეა, თავიდან სხვანაირი იყო, ბევრად მცირემასშტაბიანი. თუმცა იდეა  რაც იყო, არ შეცვლილა. თავიდანვე ვფიქრობდით, რომ ეს გამოფენა გამართულიყო 17-დან 20 მაისის ჩათვლით, Art Fair-ის პარალელურად. შეიცვალა ლოკაცია, თავიდან არჩეული გვქონდა პატარა სივრცე, დღეს გამოფენას წარმოგიდგენთ ბევრად უფრო დიდ სივრცეში, რომელიც ახლა თვითონ არის ტრანზიტულ პერიოდში – ემზადება, რომ აქ მოხდეს ბევრი საინტერესო რამ, განსაკუთრებით კულტურის სფეროში, ეს არის  სასტუმრო “სტამბა”.

ნინო საკანდელიძე: ჩვენი და ზოგადად ამ გამოფენის მიზანია, ერთ სივრცეში წარმოვადგინოთ ხელოვანები, რომლებსაც უკვე დიდი ხანია ვიცნობთ, რომლებიც უცხოეთში მოღვაწეობენ და მხოლოდ ინსტაგრამით შეგვიძლია ვადევნოთ თვალი და ასევე ახალგაზრდა, მომავალი თაობის ხელოვანები. ჩვენი და ამ გამოფენის მიზანია გავარკვიოთ, სად ვართ დღეს ხელოვნების რუკაზე. ჩვენ ყველა ხელოვანს ვაძლევთ თანაბარ უფლებებს, ვთავაზობთ თანაბარი ზომის ოთახებს და სრულ თავისუფლებას, რომ რადაც უნდათ იმათ გადააქციონ თავიანთი სივრცე.

რას ნიშნავს oxygen?

ნინო საკანდელიძე: სახელწოდება Oxygen პირველ რიგში არის ჩვენი ეკოკომენტარი დღევანდელ სიტუაციაზე.

აქვთ თუ არა მონაწილე ხელოვანებს რამე მიმართულება ან გამოხატვის თავისუფლება?

ანა გაბელაია: ვინც გვკითხა, რა თქმა უნდა, მათ ჩვენი აზრი ვუთხარით და ჩვენი ხედვაც გავუზიარეთ, ექსპოზიციის აწყობაც ასევე ჩვენი პრეროგატივაა, მაგრამ რაც შეეხება არტისტებს და მათ თავისუფლებას, ჩვენ ისინი უბრალოდ შევარჩიეთ და სრული თავისუფლება მივეცით – აი, ეს არის შენი ოთახი და მოიფიქრე რისი გაკეთება გსურს.

რა არის გამოფენის შინაარსი, რაც ყველა მონაწილე ხელოვანს აერთიანებს?

ნინო საკანდელიძე: შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ჩვენი, კურატორების და ხელოვანების კოლაბორაცია. ეს არის ორივე მხრიდან იდეების, აზრების და ფანტაზიების გაცვლის პროცესი. მე პირადად, ძალიან დიდი დეფიციტი მქონდა ხარისხიანი გამოფენის.

ანა გაბელაია: თუმცა არ არსებობს არავითარი კონცეფცია, როგორც ჯგუფურ შოუებში ხდება ხოლმე. ჩვენი სათაური არის ჩვენი ეკოკომენტარი, უჰაერობა, რაც ფიზიკურად იგრძნობა, როცა ქალაქის ქუჩებში გადიხარ, ასევე იგრძნობა ხელოვნების სფეროში, თითქოს რაღაც გაკლია იმისათვის,  რომ იარსებო.

თინა ასათიანი: ამ გამოფენაზე მეც წარმოვადგენ ერთ მხატვარს, ანა ტაბატაძეს, რომელიც ამჟამად არის პროპაგანდას სახელოვნებო რეზიდენციაში, მოვიწვიეთ ბერლინიდან, ის ასევე ტატუ არტისტია. Oxygen-ის ფარგლებში, ერთ-ერთ ოთახში მისი სოლო შოუც იქნება წარმოდგენილი – Closer than Poetry.

რა პრინციპით შეარჩიეთ არტისტები?

ნინო საკანდელიძე: სამწუხაროდ, ჩვენი ოთახები შეზღუდულია, ამიტომ არის ესეც ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბევრი ხელოვანი გამოფენაზე ვერ მოხვდა. წინასწარ ამის თქმა რთულია, თუმცა არის შანსი, რომ სხვა დროს სხვა ოთახებში, Oxygen-ის ფარგლებში, სხვა ხელოვანები წარმოგიდგინოთ. ეს არ არის დასრულებული პროცესი, ეს ჯერჯერობით წამოწყებაა.

ანა გაბელაია: არიან არტისტები, რომლებთანაც ამჯერადაც გვსურდა თანამშრომლობა, თუმცა ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ, რადგან ჩვენი ოთახების რაოდენობა შეზღუდულია. შერჩევის პროცესი არ იყო ადვილი, რადგან ბევრი არჩევანი გვქონდა გასაკეთებელი და ამჯერად ეს არჩევანი გავაკეთეთ მედიუმების მრავალფეროვნების მიხედვით. ასევე გვინდოდა ყველა გამოცდილების მქონე ხელოვანი გაგვეერთიანებინა ამ გამოფენაზე, თუნდაც ისეთები, რომლებსაც ჯერ გამოფენა არც ჰქონიათ, ასეთები ძირითადად სტუდენტები, მზარდი არტისტები არიან. თანასწორობა არის ის პრინციპი, რაზეც თავიდანვე ვმუშაობდით, რადგან თანასწორობაც დღეს ჰაერივით გვჭირდება.

ნინო საკანდელიძე: მთელი კოსმოსი, რომელიც ამ გამოფენის ფარგლებში შევქმენით, პირველ რიგში თანასწორ უფლებებზეა აგებული. ხელოვანებს, რომლებსაც სოლო გამოფენა პირველად აქვთ, ჩვენი მიზანი იყო სათქმელის სრულყოფილად თქმის საშუალება მისცემოდათ. ჩვენს გამოფენაზე დამწყები და კარგად ნაცნობი მხატვრები თანაბარ სივრცეში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს და მათ შორის განმასხვავებელი მოცემულობა არ იქნება.

თანამედროვე ხელოვნება იქნება წარმოდგენილი?

ანა გაბელაია: გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ნამუშევარი 80-იანი წლებიდანაც, თემო ჯავახიშვილის ოთახი და ასევე იური ბერიშვილის ოთახი, რომლებიც ძველი თაობის ხელოვანები არიან. ჩვენი სურვილი იყო, რომ მეტი თანამედროვეობა გვეჩვენებინა.  

ნინო საკანდელიძე: რადგან გამოფენას Oxygen ჰქვია, თინა ასათიანმა ცოტა ხნის წინ ჩვენთან მოიყვანა ბიოლოგი, გიორგი ზაალიშვილი, რომელიც ჟანგბადის საკითხებზე მუშაობს და პროპაგანდაში ჩაგვიტარა ლექცია. ტექსტი, რითაც გამოფენის შესავალი იწყება, სწორედ გიორგის ლექციიდან არის ამონარიდი.

თქვენ მიერ შერჩეული ხელოვანები, თავიანთ მუდმივ და ნაცად მედიებში წარმოადგენენ ნამუშევრებს თუ იქნება ექსპერიმენტებიც?

ნინო საკანდელიძე: ვფიქრობ ორივე. გამოფენაზე ნახავთ ხელოვანებს და მათ ჩამოყალიბებულ სტილში შესრულებულ ნამუშევრებს და ასევე ექსპერიმენტებს. მაგალითად, ერთ-ერთ ოთახში სალომე ჯოხაძის მიერ შესრულებული ფრესკა დაგხვდებათ, ასევე ქეთი კაპანაძე, რომელიც სიტყვებს წერს და წვავს კედლებზე, მე როგორც ვიცი ძირითადად დოკუმენტაციებს აჩვენებს შემდეგ, სურათების სახით, ჩვენთან შეგიძლიათ მთლიანი პროცესი ნახოთ. კოკა ვაშაკიძეს წარმოვადგენთ სრულიად განსხვავებული პროექტით.

ანა გაბელაია: არიან არტისტები, რომლებიც რჩებიან ნაცად მედიებში, ასევე არიან არტისტები, რომლებმაც გვითხრეს, რომ რაღაც პროექტების გაკეთება დიდი ხანია სურდათ და სწორედ Oxygen-ის ფარგლებში განახორციელებენ მათ. მაგალითად, თეა გვეტაძე. ლია ბაგრატიონის ინტერვენცია. გიო სუმბაძის ბარი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.