fbpx

5 აპლიკაცია, რომელიც დროის მენეჯმენტში დაგეხმარებათ


გააზიარე სტატია

ამერიკულ ასდოლარიანზე გამოხატულმა ბენჟამინ ფრანკლინმა თავის ესსეიში “რჩევა ახალგაზრდა მოვაჭრეს” თქვა: “დრო ფულია”.

“თუ კაცს დღეში 10 შილინგის შოვნა შეუძლია და ნახევარ დღეს უქმად ჯდომაში გაატარებს, იგი მთელ 5 შილინგს ფლანგავს”.

ამ შეზღუდული რესურსის სწორად მართვა, ფულის გარდა, ბევრ კარგ რამესაც ნიშნავს – საკმარის ძილს, ოჯახთან სრულფასოვან ურთიერთობას, სოციალური კავშირების დამყარებას, პატიოსანი ადამიანის სახელს, ჯანსაღ ფსიქიკას და უფრო სრულყოფილ ცხოვრებას.

ტექნოლოგიებით აჩქარებულ დღევანდელ სამყაროში კი დროის მენეჯმენტი უფრო და უფრო რთულდება – ჩვენს ყურადღებას უამრავი “ატრაქციონი” იქცევს, ინფორმაციის ნაკადი უწყვეტია, კომუნიკაცია – მყისიერი და ყურადღების გამფანტავი.

ამ ყველაფერს თუ პროკრასტინაცია, ანუ “მერე გავაკეთებ” თვისებაც ემატება, ადამიანის ცხოვრება შეიძლება დედლაინების ჯოჯოხეთად და მუდმივ სტრესად იქცეს.

AT_ წარმოგიდგენთ 5 სპეციალურ აპლიკაციას, რომლებიც დროის უკეთ მართვაში დაგეხმარებათ და რომლებსაც არაერთი მედღეხვალიე ადამიანის ცხოვრება უხსნია.

 

RescueTime

ხანდახან დროის უკეთ მართვისთვის იმის გააზრება და დანახვაც კი კმარა, თუ რაში ვხარჯავთ ამ დროს. დროის უმეტეს ნაწილს კი ონლაინ ვფლანგავთ – ათასი უაზრო ვიდეოს ყურებით, ფეისბუქის სქროლვით და “სიარულისას რომელ ფეხს იყენებ” ქვიზების კეთებით.

RescueTime არის მარტივი აპლიკაცია, რომელსაც დააყენებთ თქვენს კომპიუტერში და რომელიც აკვირდება, თუ სად, რომელ გვერდზე რამდენ დროს ატარებთ.

დღის, კვირის და თვის ბოლოს შეგიძლიათ აპლიკაციის მიერ მოგროვილი ინფორმაცია ნახოთ, გააანალიზოთ და გაარკვიოთ, თქვენი რომელი ქცევა გაკარგვინებთ ყველაზე მეტ დროს და რისი გამოსწორება გააუმჯობესებდა თქვენს ცხოვრებას.

აპლიკაციას აქვს შეხსენებიც ფუნქციაც – თუ პარამეტრებში მიუთითებთ, რომ, მაგალითად, ფეისბუქზე დღის განმავლობაში 2 საათზე მეტი არ გინდათ დახარჯოთ, აპლიკაცია დათვლის თქვენ მიერ სოციალურ ქსელში გატარებულ დროს და მითითებული 2 საათის  გასვლისას შეგახსენებთ, რომ მუშაობას უნდა დაუბრუნდეთ.

 

Workflow

ხშირად დატვირთული სამუშაო დღის მნიშვნელოვანი ნაწილი განმეორებად, მექანიკურ დეტალებს მიაქვს. მაგალითად, შენ მიერ გადაღებული ფაილების სადმე ქლაუდზე ატვირთვას, ან მითინგებს შორის google map-ით მისამართების ძებნას, ან გინდათ, რომ რომელიმე reminder კონკრეტულ მისამართზე მისვლისას ჩაირთოს და ა.შ.
Workflow გახლავთ უნიკალური აპლიკაცია, რომელშიც ნახავთ განმეორებადი დავალებების დიდ სიას – 200 ქმედებას, რომლებისგანაც შეგიძლიათ საკუთარი უნიკალური მიმდევრობები ააწყოთ – ჯერ ეს მოხდეს, მერე ამ დროს ეს, მერე აქ მისვლისას ეს ჩაირთოს, ეს გადაშეარდეს და ა.შ. და ამ აპლიკაციის მეშვეობით თქვენი სამუშაო დროის რუტინული ნაწილი ისევე დააპროგრამოთ, როგორც კომპიუტერული პროგრამა, რომელსაც მხოლოდ ერთხელ უნდა აწყობა, მერე კი წარმატებით იმეორებს დავალებებს 24/7-ზე.

აპლიკაცია თავსებადია უამრავ სხვა აპთან – Uber, Youtube, Dropbox, Facebook და ძმანი მისნი.

 

Google Now

მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული ეს Smart assistant სრულადაა ინტეგრირებული გუგლის ეკოსისტემასთან და თქვენი ყველა გუგლ-აპლიკაციის ჯამს წარმოადგენს. მასთან ურთიერთობა ხმოვანი ბრძანებებითაც შეგიძლიათ. 

Google Now გიზოგავთ დროს იმის ხარჯზე, რომ სწავლობს თქვენს ქცევას და ამაზე დაყრდნობით წინასწარ გაწვდით იმ ინფორმაციას, რაც გჭრიდებათ და რასაც ხშირად იყენებთ.

 

Wunderlist

როდესაც საქმე ჯგუფურ პროექტებსა და საერთო დროის მართვას ეხება, ეს აპლიკაცია ნამდვილად გამოგადგებათ.

Wunderlist სათანამშრომლო აპია, აქ ღილაკზე ერთი დაჭერით შეგიძლიათ გააზიაროთ რაიმე ჩანიშნული დავალება, მიუთითოთ მისი შემსრულებელი და დედლაინი – ეს ინფორმაცია საერთო აუზში განახლდება და ყველა დაინახავს, ვის რა ავალია და რა დამატებითი ინფო მოჰყვება დავალებას.

ეს აპი იმითაცაა კომფორტული, რომ სხვა მსგავსი აპლიკაციებისგან განსხვავებით, მისი დაყენება ნებისმიერ დივაისზე და ნებისმიერ პლატფორმაზეა შესაძლებელი.

 

Flat Tomato

რაც შეეხება უშუალოდ საქმის კეთებისას პროდუქტიულობის ამაღლებას, ამაში ეს მარტივი აპი დაგეხმარებათ. Tomato ერთ მარტივ საქმეს აკეთებს – გაძლევთ საშუალებას დააყენოთ ტაიმერი, რომლის დროსაც საკუთარ თავს აიძულებთ ფორსირებულად კონცენტრირებული იყოთ საქმეზე. ამ დროის გასვლის შემდეგ კი შეგიძლიათ ცოტა ხნით დამსახურებულად დაისვენოთ. უამრავი ტექნიკა არსებობს, თუ რა პროპორციითაა პროდუქტიული მუშაობა და დასვენება. არის 15-15 წუთიანი, 30-10 წუთიანი და 45-15 წუთიანი ტექნიკები. არჩევანი თქვენზეა.


რეკომენდებული სტატიები
აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება

აპლიკაციები ბავშვებისთვის - როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება
როგორ ავიცილოთ თავიდან Youtube-ის დაბალხარისხიანი ვიდეოკლიპების მოხმარება და გავხადოთ ბავშვების ეკრანებთან გატარებული დრო უფრო საინტერესო?
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.