fbpx

Cumbo Pops – ხილის ფერადი პოპსები ყველასთვის


გააზიარე სტატია

23 წლის მარი ჭუმბურიძეს, როგორც თვითონ ამბობს, ყოველთვის სურდა პოპსების დამზადება, 2017 წლის 26 აპრილს კი, როცა გაიგო, რომ Flea Market იმართებოდა, გადაწყვიტა  პოპსები დაემზადებინა. მოსამზადებლად სულ 4 დღე ჰქონდა – ასე დამზადდა პირველი ქართული handmade პოპსები.

მარი ჭუმბურიძე: იმდენად დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რომ მეტწილად ამან მომცა სტიმული, გამეგრძელებინა ეს საქმიანობა და შემდეგი ბაზრობისთვის უფრო კარგად მოვემზადე. მერე იყო უფრო დიდი ფესტივალები და იმავე წელს მიტანის სერვისი დავამატე.

როგორია მიტანის სერვისი? არ დნება პოპსები? 🙂

არ დნება, არ ვიცი რატომ, თუმცა ნამდვილად არ დნება, რა თქმა უნდა, თუ დიდ მანძილზე მივდივარ, ყუთში მშრალ ყინულსაც ვდებ. ასევე ხშირად არის გამოძახებები სხვადასხვა ღონისძიებებზე, დაბადების დღეებზე, ქორწილებში. შეიძლება ითქვას, ქეითერინგის მომსახურებასაც ვთავაზობთ მომხმარებელს – დაახლოებით ერთი კვირით ადრე გვაძლევენ შეკვეთას და ჩვენ მივდივართ ფერადი პოპსებით. ნებისმიერი პოპსის ღირებულება სამი ლარია, შეკვეთის ღირებულება მინიმუმ უნდა შეადგენდეს 15 ლარს, მიტანის სერვისი კი უფასოა.

 

რა რეცეპტით და როგორ ამზადებ პოპსებს?

რეცეპტებსაც მე თვითონ ვქმნი, ხილით და მცენარეული დანამატებით, ფაქტობრივად ინტუიციურად ვამზადებ. თუმცა ინტერნეტში საკმაოდ დიდი ინფორმაციაა ზოგადად პოპსების შესახებ, ასევე არსებობს წიგნები, რა თქმა უნდა, მე ამ ინფორმაციასაც ვეცნობი. თუმცა, რასაც დღეს ვაკეთებ – ეს უფრო ჩემი ექსპერიმენტებია. რაც შეეხება დამზადების ტექნოლოგიას, მაქვს პროფესიონალური სამზარეულო და  დანადგარები, სადაც ორ ქალბატონთან ერთად ვმუშაობ. ჩვენთან ყველანაირი პირობაა, რომ პოპსებმა სიჯანსაღე შეინარჩუნოს.

 

რამდენად ჯანსაღი პროდუქტია cumbo – pops?

პოპსები 100% ნატურალურია, რადგან არ ვიყენებ შაქარს, რძეს, ან რაიმე სპეციალურ თუ ქიმიურ დანამატს. ეს არის სუფთა ხილისგან დამზადებული პროდუქტი, მცენარეული მინარევებით, რომელიც არის როგორც ვეგანური, ასევე დიაბეტური. ხილსაც ძალიან დიდი ყურადღებით ვარჩევ, ვთანამშრომლობ ბიომეურნეობის ასოციაცია “ელკანასთან” და მათი დახმარებით პროდუქტს ადგილობრივი ფერმერებისგან ვყიდულობ. სამომავლოდ, ვოცნებობ, მე თვითონ მქონდეს ჩემი მეურნეობა და საკუთარი ბაღის ხილისგან ვაკეთო პოპსები.

 

როგორი არჩევანია ასორტიმენტის მხრივ?

ასორტიმენტი სეზონურია და ზაფხული ჩვენი პოპსებისთვის საუკეთესოა, რადგან ყველაზე გემრიელი ხილის სეზონია, არჩევანი კი მრავალფეროვანი. ზამთრის მენიუ  ძირითადად ციტრუსებისგან შედგება. ვერიდები მხოლოდ ტროპიკულ ხილს, მაგალითად, ბანანს, რადგან ჯერჯერობით სანდო იმპორტიორს ვერ მივაგენი.

ჩვენი რედაქცია გირჩევთ, რომ აუცილებლად გასინჯოთ ცუმბოს პოპსები, რადგან ზაფხულის ცხელ დღეებში არაფერია უფრო ცივი და ჯანსაღი. და რაც მთავარია, არ დნება 🙂

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი, მარი ჭუმბურიძე

 


რეკომენდებული სტატიები
სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები

სტარტაპ საქართველოს ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო გამარჯვებულები
წარმოგიდგენთ ამ სტარტაპებიდან AT.ge-ს აზრით ყველაზე საინტერესო და ყველაზე სათუო იდეების წყვილს
მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.