ტოჩინოშინი ოძეკი გახდა!
ავტორი: დავით ლომინაძე
2018 წლის 24 მაისს, ქართველმა ლევან გორგაძემ მონღოლი დავააჯარგალ მუნხბატინი დაამარცხა. ვერაფერი გაიგეთ? არაუშავს, მივყვეთ თანმიმდევრობით.
ლევან გორგაძე მცხეთელი გოლიათია, რომელიც იაპონურ ტრადიციულ-კულტურულ საბრძოლო სახეობაში, სუმოში ასპარეზობს და საბრძოლო მეტსახელით – „ტოჩინოშინ“ არის ცნობილი. იგი ამჟამად სუმოს იერარქიის მესამე უმაღლეს საფეხურზე იმყოფება და სეკივაკეს ტიტულს ატარებს. მიმდინარე წლის იანვარში კი სულაც იმპერატორის ტიტული მოიგო და თვითონვე იქცა საკულტო პერსონად სრულიად იაპონიის მასშტაბით.
დავააჯარგალ მუნხბატინი ულან-ბატორელი ნახევრადღმერთია, იაპონელთა სათაყვანებელი სუმოს ყველა დროის ყველაზე გამორჩეული, წარმატებული და სხვებზე აღმატებული მებრძოლი. მისი საბრძოლო მეტსახელია „ჰაკუჰო“ და 2007 წლის მაისიდან სუმოს იერარქიის უპირველესი, იოკოძუნას სიმაღლიდან გადმოჰყურებს სამყაროს. მის ანგარიშზე სარეკორდო – 40 იმპერატორის თასია და ამით სუმოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ყველაზე წინ დგას. მას ეკუთვნის სუმოს სამყაროს კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეკორდი – უმაღლეს დივიზიონში მოგებული ორთაბრძოლების რაოდენობით.
მოკლედ, ჰაკუჰო თავად არის სუმო.
და დღეს, მაისის დიდი ტურნირის მეთორმეტე საბრძოლო დღეს, ჩვენმა მცხეთელმა მებრძოლმა სწორედ ეს დიადი ჩემპიონი დაამარცხა, საბრძოლო მოგებათა რიცხვი თორმეტამდე გაზარდა და ერთპიროვნულად ლიდერობს მაისის ბაშოს. ამ მოგებით ლევანმა უკვე გაინაღდა წინსვლა სუმოს იერარქიაში – მომავალი ტურნირისათვის მას წოდებრივად დააწინაურებენ და ოძეკის რანგს მიანიჭებენ, რომელიც მეორე უმაღლესი საფეხურია სუმოში. ოძეკის ზემოთ მხოლოდ იოკოძუნაა – მიუღწეველი და ზღაპრული პიკი …. თუმცა, ვინ იცის, აქამდე ოძეკის რანგიც მიუღწეველი გვეგონა ქართველი სუმომანების დიდ ნაწილს.
მაისის ბაშოზე სულ სამი საბრძოლო დღეა დარჩენილი და ქართველის მიერ იაპონიის იმპერატორის თასის მეორედ მოგებამდე ერთი ნაბიჯია!
p.s. თუ მაინც ჯერ კიდევ გაბნევთ სუმოს ტერმინები, შეგიძლიათ გაეცნოთ სუმოს ელემენტარულ გზამკვლევს, რომელიც ორიოდე თვის წინ გამოვაქვეყნეთ