fbpx

„ვაკის პარკში“ დახვრეტილი ქართველი მებრძოლები – 1923 წლის 20 მაისი


გააზიარე სტატია

1921 წელს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის მიუხედავად, როგორც ქვეყნის შიგნით დარჩენილი, ისევე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფი პატრიოტები განაგრძობდნენ ბრძოლას საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ოკუპაციის შემდგომ წლებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, შეიარაღებული პარტიზანული რაზმები წინააღმდეგობას უწევდნენ ბოლშევიკურ მთავრობას.  

ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვან ჯგუფს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის კომიტეტის „სამხედრო ცენტრი“, რომელიც ქართველი ოფიცრების მიერ იყო დაკომპლექტებული. 1923 წელს „სამხედრო ცენტრი“ აქტიურად მუშაობდა საქართველოს გათავისუფლების გეგმაზე, მათ შორის განიხილებოდა საერთო სახალხო აჯანყება. ასევე, ცენტრის წევრების მიერ შემუშავდა მთიულეთის აჯანყების გეგმა, რომლის ფარგლებშიც იგეგმებოდა წითელი არმიის ნაწილების მთიულეთში შეტყუება და მათი სრული განადგურება პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილის მებრძოლების მიერ.

1923 წლის დასაწყისში საბჭოთა უშიშროებამ „სამხედრო ცენტრის“ წარმომადგენლები დააპატიმრა და მათ ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა მიესაჯათ.

სხვადასხვა წყაროს თანახმად, განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 1923 წლის 20 მაისს თბილისში, დღევვანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე.

1923 წელს ბოლშევიკების მიერ ვაკის პარკში დახვრეტილი მებრძოლები:

ანდრონიკაშვილი ალექსანდრე სიმონის ძე. 51 წლის. გენერალ-მაიორი.

ბოლო სიტყვა კომუნისტ ჯალათებს: „სახეზე გეტყობათ, რომ გაკვირვებთ ჩვენი სულის სიმტკიცე – იქნებ ქართველი ყველა ამისთანა (ხელს იშვერს კვანტალიანისკენ) გგონიათ? მრავალი ათასი ჩვენზე უკეთესები ზრდიან თავიანთ გულში თქვენდამი სიკვდილს!

 

წულუკიძე ვარდენ გრიგოლის ძე. 57 წლის.გენერალ-მაიორი.

ბოლო სიტყვაში მან ასე მიმართა სასამართლოს: „სიკვდილით ვერ შეგვაშინებთ. ჩვენი სიკვდილი საქართველოს განთავისუფლების თავდებია. იგი დაასალკლდევებს ერის სიმტკიცეს, ერთი ათასად გაამრავლებს მებრძოლთ! გადაეცით ჩვენს ახლობლებს, რომ დავიხოცეთ როგორც ქართველ პატრიოტებს შეჰფერით!“

 

ხიმშიაშვილი გიორგი ნიკოლოზის ძე. 31 წლის. კავალერისტი. პოლკოვნიკი.

მისი ბოლო საჯარო სიტყვები იყო: „თქვენ კარგად იცით, რომ ბანდიტები არა ვართ! მალე დადგება დრო და თეთრი გიორგი მრისხანედ მოგთხოვთ პასუხს. გაუმარჯოს საქართველოს!“

ვაკის პარკისკენ მიმავალ გზაზე ხიმშიაშვილმა მოახერხა ხელების გახსნა, აართვა რევოლვერი კონვოის, გადახტა სატვირთო ავტომობილიდან, მაგრამ ხელიდან გაუვარდა იარაღი, დადევნებისას  კომუნისტებმა აბაზოვმა და ამიროვმა ფეხები დაუცხრილეს, მძიმედ დაჭრილი პოლკოვნიკი პირველი ჩააგდეს ორმოში.

 

მუსხელიშვილი როსტომ ილიას ძე. 35 წლის. პოლკოვნიკი.

მას ეკუთვნოდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყების გეგმა, რომელიც წითელი არმიის მთიულეთში შეტყუებას და იქ სრულ განადგურებას ისახავდა მიზნად. ეს გეგმა ქაქუცა ჩოლოყაშვილის, შალვა ფავლენიშვილის და ლაშქარაშვილის რაზმებს უნდა აესრულებინათ.

 

აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე. 55 წლის. გენერალი. ილიას დისწული.

სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: “მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს”.

კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის რუისელი ლევან კლიმიაშვილი. “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”, – წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე.

 

ზანდუკელი მიხეილ ნიკოლოზის ძე. 29 წლის. უმცროსი ოფიცერი.

მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის მაზრის აჯანყებაში.

 

ბაგრატიონ-მუხრანელი სიმონ ლევანის ძე. 27 წლის. როტმისტრი. კავალერისტი.

1921-1923 წლებში აქტიურად მოქმედებდა დუშეთში, გორსა და გარეკახეთში. 1922 წელს მეთაურობდა ლაშქარაშვილის რაზმის დანაყოფს.

 

ყარალაშვილი ფარნაოზ ლევანის ძე. 24 წლის. როტმისტრი.

1922 წლიდან ეხმარებოდა გორის მაზრაში მოქმედ ქართველ პარტიზანებს.

 

კერესელიძე იასონ მათეს ძე. 32 წლის.

ქართული ლეგიონის მეთაურის და ქართველი ნაციონალისტების ლიდერის, ლეო კერესელიძის ძმა. დახვრეტის წინ ციხის დერეფანში მყოფმა იასონმა სხვების გასამხნევებლად საქართველოს ჰიმნი „დიდება“ იმღერა, რასაც სხვა პატიმრებიც აჰყვნენ.

 

ქუთათელაძე ივანე გრიგოლის ძე. 40 წლის. ოფიცერი.

ადგენდა ოფიცრების საგანგებო რაზმს.

 

ჭიაბრიშვილი სიმონ იაგორის ძე. 42 წლის.

მონაწილეობდა 1922 წლის დუშეთის აჯანყებაში.

 

ჩრდილელი დიმიტრი ნიკოლოზის ძე. 29 წლის.

გადმოცემის თანახმად, დამარხეს ცოცხლად. უკანასკნელი დაკითხვის წინ დერეფანში შესძახა: „უთხარი მათ, რომ მე დამხვრიტეს, ვკვდები როგორც შეშვენის ნამდვილ ქართველს!“

 

გულისაშვილი ელიზბარ ზაქარიას ძე. 32 წლის. პოლკოვნიკი.

 

კლიმიაშვილი ლევან ირაკლის ძე. 26 წლის.

ჩოლოყაშვილის რაზმში აგზავნიდა ოფიცრებს.

 

მაჭავარიანი ალექსანდრე მიხეილის ძე. 51 წლის. პოლკოვნიკი.

პოლკოვნიკის ბოლო მიმართვა სასამართლოს: „ჩვენ არ გიპირებდით შებრალებას და არც თქვენგან მივიღებდით ლმობიერებას, ეს ჩვენი შეურაცხყოფა იქნებოდა!“


წყარო:
დიმიტრი ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
idfi.ge


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.