fbpx

ფაბრიკა


გააზიარე სტატია

ავტორი: ნინი დარჩია
ფოტო: სერა ძნელაძე

მზიანი დღეა. ვფიქრობთ, სად წავიდეთ – ფეხით გასეირნება ჯობია, მაღაზიებში გავლა, რომელიმე ღია კაფეში გემრიელად ჭამა თუ ხალხთან კომუნიკაცია, ან სულაც საინტერესო ლექციაზე დასწრება – არჩევანის გაკეთება ნამდვილად რთულია. თუმცა, „ფაბრიკა“ ამ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზაა, რადგან აქ ყველა სივრცეს თავისი განუმეორებელი კონცეფცია და ატმოსფერო აქვს. რეგიონში ყველაზე დიდი ჰოსტელის, „ფაბრიკის“ მულტიფუნქციურ სივრცეში ურბანული კაფეები და ბარები,  არტისტული, სკეიტბორდების თუ კერამიკის სტუდიები და სხვადასხვა მაღაზიები დაგხვდებათ. “ფაბრიკა” ასევე პირველი სივრცეა, სადაც სხვადასხვა სუბკულტურებმა დაიწყო არსებობა: მოპედისტები, სკეიტერები, ქუჩის არტისტები და უბრალოდ ახალგაზრდები ერთ დიდ სივრცეში შეიკრიბნენ . აქ დიდი თავისუფლება და სივრცეა, პირველივე სტუმრობისას მიხვდებით, რომ “ფაბრიკა” განსაკუთრებული ენერგიით გამოირჩევა და მთლიანობაში ერთი დიდი კომუნიკაციის ქსელია, რაც თბილისში ახალგაზრდებისთვის ცხოვრების განსხვავებულ, მეტად თავისუფალ სტილად იქცა, შეიძლება ითქვას სხვადასხვა წრეებში თანამედროვე ცხოვრების რაღაც ნაწილი სრულიად აითვისა.

აქ ნახავთ მცენარეების მაღაზიას – Plant Shop-ს, სადაც მცენარის შეძენის გარდა, ძალიან საჭირო რეკომენდაციებს მიიღებთ მისი მოვლის შესახებ. მაღაზიის მეპატრონეები ასევე დაგეხმარებიან ლანდშაფტის დიზაინის გაკეთებაშიც. „ფაბრიკაში“ თქვენ შეგიძლიათ ესტუმროთ Impact Hub-ს, რომელიც საერთო სამუშაო სივრცეა და ძალიან კომფორტულ გარემოში და მოსაწყენი ოფისისგან განსხვავებულ ინტერიერში შეძლებთ შეასრულოთ თქვენი სამუშაო, თან ჰაბი ყოველდღე, 24 საათი ღიაა. საინტერესოა არტისტული მაღაზიები: Flying Painter, Funduki და Black Dog Shop, სადაც ყველაზე განსხვავებული ტანისამოსი, ულამაზესი ხის ნივთები და სხვადასხვა არტისტების მიერ შესრულებული არტ წიგნები იყიდება.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ ხართ Tsibakha Game Club-ის წევრი, ე. ი. ყველაფერი წინ გაქვთ, რადგან თუ ერთხელ მაინც მოხვდით აქ, ამაზე საინტერესო კლუბის მონახვა ნამდვილად გაგიჭირდებათ. Tsibakha Game Club 100-მდე სამაგიდო თამაშს აერთიანებს კლასიკური ჭადრაკიდან და ნარდიდან დაწყებული, როლური და სტრატეგიული თამაშებით დამთავრებული. თუ გსურთ საღამო გაატაროთ ისე, რომ რეალობას გამოეთიშოთ და  შეიძინოთ ახალი მეგობრები, აუცილებლად ეწვიეთ ამ კლუბს ფაბრიკაში.

CES creative education studio ამტკიცებს, რომ არასოდესაა გვიანი ისწავლო რამე ახალი და ამას მათი 900 სტუდენტიც სიამოვნებით დაგიდასტურებთ. თუ თქვენ აღმოაჩინეთ მისწრაფება  დიზაინის, აუდიო ან ვიდეო მედიის, მუსიკის შექმნის თუ ფოტოგრაფიის მიმართ, CES-ში მიიღებთ ყველაფერს, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოთ.

გაგაცნობთ ადამიანებს ფერადი „ფაბრიკიდან“:

 

ელენე თავაძე, პროდიუსერი  Impuct Hub-დან

ძალიან ხშირად დავდივარ ფაბრიკაში, განსაკუთრებით Impact Hub-ში, რადგან აქ არის საუკეთესო სივრცე, თუ გსურს მშვიდ გარემოში მუშაობა. ამჟამად ვმუშაობ მხატვრულ ფილმზე და სხვადასხვა სამუშაო პროცესს სწორედ ჰაბში გავდივარ.

 

სალომე ჯიქია, მკერავი “მფრინავი მღებავიდან”

ვმუშაობ ფაბრიკაში, მაღაზია “მფრინავ მღებავში”. მკერავი ვარ და  თითქმის ყოველდღე სხვადასხვაგვარ ფერად-ფერად სამოსს ვკერავ, რაც ძალიან კარგ განწყობას მიქმნის.

 

სკეიტერი სანდრო Margot Skate Shop-დან

ფაბრიკა ძალიან კარგი ადგილია ჩემთვის და სხვა სკეიტერებისთვის, ხშირად ვიკრიბებით აქ და ერთმანეთს  გამოცდილებას ვუზიარებთ. ვმუშაობ Margot Skate Shop-ში და ვსწავლობ ხმის დიზაინს.

 

სალომე ჯოხაძე, არტისტი  Black Dog-იდან

მე ვარ სალომე, 20 წლის, VAADS-ის სტუდენტი, ხშირად დავდივარ ფაბრიკაში, რადგან ძალიან კარგი გარემოა სტუდენტებისთვის. არტისტულ მაღაზია Black Dog-ში ჩემ მიერ ილუსტრირებული ბარათების ნახვა შეგიძლიათ.

 

ალექსანდრე Plant Shop-დან

ჯერჯერობით ვსწავლობ, მინდა გავხდე  მუსიკოსი, დაინტერესებული და გატაცებული ვარ მცენარეებით და ზოგადად აგრონომიით. Plant Shop-ში ვსწავლობ მცენარეებთან ურთიერთობას და მათ მოვლას. ასევე, ძალიან მიყვარს ვარჯიში.

 

ტასო და ჯიბუ Ceramic Studio 1300-დან

ჩვენ ვართ ტასო და ჯიბუ, ფაბრიკაში ჩვენი კერამიკის სტუდია გვაქვს, სადაც ასევე მოსწავლეებიც გვყავს კერამიკის კურსებზე. ძალიან დიდ დროს ვატარებთ ფაბრიკაში, ასეთ გარემოში მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.

 

ომარი, CES-ის სტუდენტი

ვარ 22 წლის, ძალიან მინდა გავხდე DJ. დიდი ხანია მაქვს ამ სპეციალობის შესწავლის სურვილი და  მიხარია, რომ ჩემ საყვარელ პროფესიას ჩემს საყვარელ სივრცეში – ფაბრიკაში ვეუფლები.

 

სანდრო, სკეიტერი ფაბრიკიდან

ვარ 21 წლის, მიყვარს სკეიტით კატაობა, გატაცებული ვარ ფოტოგრაფიით. ფაბრიკაში მეგობარი სკეიტერების სანახავად მოვდივარ, ხშირად ვიკრიბებით ხოლმე აქ.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.