8 სურეალისტი ფოტოგრაფი, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ – დორა მაარიდან მან რეიმდე
1924 წელს ანდრე ბრეტონის მიერ სურეალური მანიფესტოს გამოქვეყნებით, სურეალიზმი დაიბადა. ამ მოძრაობის მიმდევარი ხელოვანები, რომლებზეც ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებმა დიდი გავლენა მოახდინა, თავიანთ ნაწარმოებებში ქვეცნობიერს იკვლევდნენ, რა დროსაც შემთხვევით ელემენტებსა და სიზმრებსაც იყენებდნენ. ისინი სიმბოლიზმისა და ქალის სხეულის ფორმების გამოყენებით ქმნიდნენ ლატენტური სექსუალური წადილების ვიზუალურ ენას. ბევრი მათგანი, ასევე, ფროიდის „შემაძრწუნებელი განცდის“ კონცეფციას იყენებდა, რა დროსაც ნაცნობ სამყაროს მის უცნობ ვერსიად გარდაქმნიდა, რაც მნახველში უცნაურ, უსიამოვნო განცდას ტოვებდა.
პარიზში დაფუძნებულმა ამ ანტიავტორიტარულმა და ანტიფაშისტურმა მოძრაობამ მრავალი ერთმანეთისგან განსხვავებული ხელოვანი მიიზიდა. მათმა მრავალფეროვანმა ნაწარმოებებმა მოგვიანებით დიდი როლი ითამაშეს სხვა, ახალი მოძრაობების ჩამოყალიბებაში – პოპიდან ფემინისტურ ხელოვნებამდე. აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფია, მხატვრობისგან განსხვავებით, ხელოვანისთვის დამატებით შეზღუდვას – და, შესაბამისად, გამოწვევას – აწესებდა: იგი უცნაური გამოსახულებების შექმნისას ხელშესახები, რეალური სამყაროთი იყო შებოჭილი. ქვემოთ მოთხრობილია რვა სურეალისტ ფოტოგრაფზე, რომლებმაც სამყარო ახლებურად ასახეს და კითხვის ნიშნები დასვეს რეალობაზე, ადამიანის ბუნებაზე და ინდივიდუალურ იდენტობაზე.
ლი მილერი
ლი მილერი, რომელიც ცნობილია, როგორც მან რეის მუზა, შეყვარებული და დამხმარე, სინამდვილეში თავადაც ფოტოგრაფი იყო, თანაც საკმაოდ წარმატებული კარიერით. 1920-იანი წლების მიწურულს 22 წლის მილერი ნიუ-იორკიდან პარიზში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი ავანგარდული სახელოვნებო სცენით მოიხიბლა და რეისაც შეხვდა. სავარაუდოდ, სწორედ მან აღმოაჩინა სოლარიზაცია – ფოტოგრაფიული ტექნიკა, რაც გამოსახულების ბნელი და ნათელი ადგილების ნაწილობრივ ურთიერთჩანაცვლებას გულისხმობს – რისი გამოყენებითაც რეია ცნობილი.
მეორე მსოფლიო ომისას, როგორც ჟურნალ „ვოგის“ კორესპონდენტმა, მილერმა ომის თემატიკაზე შთამბეჭდავი ფოტოები გადაიღო. მის ადრინდელ სურეალისტურ ნაწარმოებებში ნაცნობი საგნები უცნაური კუთხითაა წარმოჩენილი: ზედხედით გადაღებული სკამები, რომლებსაც ავის მომასწავებელი ჩრდილი აქვს; დამტვრეული საბეჭდი მანქანა, რომელიც გაჭყლეტილ მწერს ჰგავს; და ქალის მოტივტივე თავი. ფირზე ადამიანების დანაწევრებული სხეულების ასახვა, შესაძლოა, ნაწილობრივ მილერის საკუთარი ტრამვული წარსულით აიხსნებოდეს: იგი შვიდი წლის ასაკში ოჯახის მეგობარმა გააუპატიურა, მამამისი კი წლების განმავლობაში მის შიშველ სხეულს ფოტოებს უღებდა.
დორა მაარი
დორა მაარი ბუენოს-აირესსა და პარიზში იზრდებოდა, 19 წლისა კი საფრანგეთის დედაქალაქში მუდმივად დაფუძნდა, სადაც ანრი კარტიე-ბრესონის კლასელი იყო. მისი სერიოზული ფოტოგრაფიული კარიერაც პარიზში დაიწყო, რამაც მას ლონდონის 1936 წლის სურეალისტურ გამოფენაზე ადგილი მოუპოვა. სანამ ბრესონის და მწერალ ჟორჟ ბატაის წაქეზებით ჯგუფის წევრი ოფიციალურად გახდებოდა, მაარი მოდის ჟურნალებისთვის ფოტომონტაჟებს და სხვადასხვა სახის დამაბნეველ ვიზუალებს ქმნიდა, რაც მის სურეალიზმში გადასვლას მოასწავებდა.
მის შემდგომ ფოტოებსაც უჩვეულო კომპოზიციები და სუპერიმპოზიცია ახასიათებს. მაგალითისთვის, ასეთია საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი პაბლო პიკასოს გამოსახულება, სადაც მას საკუთარი თავის წინ ძროხის თავის ქალა უჭირავს. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც იგი პიკასოს სასიყვარულო პარტნიორი გახდა – და მისი 1937 წელს შექმნილი ცნობილი ნამუშევრის, “გერნიკას” შექმნის პროცესი გადაიღო – დორას კარიერაში დაღმასვლა დაიწყო, რადგან პიკასოს შთაგონებით ფოტოგრაფია – რომელიც ესპანელის თვალში შედარებით დაბალი რანგის მედიუმი იყო – მხატვრობით ჩაანაცვლა.
კლოდ კაუნი
ფრანგმა ხელოვანმა კლოდ კაუნმა უარყო ძალაუფლების სუბიექტები და სტატუს-კვო როგორც პიროვნულად, ისე პოლიტიკურად. მან სურეალისტური ჯგუფი „კონტრშეტევა“ დააარსა, რომელიც ჰიტლერს და ფაშიზმს უპირისპირდებოდა. ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ნორმანდიის კუნძულებზე ცხოვრებისას, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ის და მისი შეყვარებული მარსელ მური, რომელიც, ასევე, მისი ნახევარდა იყო, ანტინაცისტურ ფლაერებს ქმნიდნენ და ავრცელებდნენ, რის გამოც მათ სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს (თუმცა, ეს გადაწყვეტილება არ აღსრულებულა).
კლოდ კაუნი სურეალისტურ მოძრაობას ადრეული პერიოდიდანვე, 1920-იან წლებში შეუერთდა და მის შიგნით არსებულ მიზოგინიას, ჰომოფობიასა და ანტისემიტიზმს აპროტესტებდა, როგორც გენდერულად არაკონფორმული ებრაელი ხელოვანი. იგი საკუთარ თავს „საშუალო სქესის“ წარმომადგენლად მიიჩნევდა და ქმნიდა პროტო-ფემინისტურ ფოტოებს – საიდანაც ბევრი ავტოპორტრეტი იყო – რომლებიც ეხებოდა იდენტობას, აერთიანებდა ტრადიციულად მასკულინურ და ფემინურ მახასიათებლებს და ახდენდა „საკუთარი მეს“ იდეის დეკონსტრუქციას.
ფლორანს ანრი
ფლორანს ანრის ოდნავ უსწორმასწორო კომპოზიციებში მოხვედრილი საგნები – ჩრდილში მყოფი კარუსელიდან დაწყებული, კეპიანი, კბილებდაკრეჭილი მანეკენით დამთავრებული – მნახველს ერთგვარ დისკომფორტს უქმნის. ფლორანსი თავდაპირველად მხატვრობას სწავლობდა, თუმცა, 20-იანი წლების ბოლოს, ბაუჰაუსში სწავლისას, ფოტოგრაფიაში გადაინაცვლა. „ყველაზე მეტად რაც მინდა, ის არის, რომ ფოტო კომპოზიცია იმგვარადვე შევქმნა, როგორც ამას ხატვისას ვაკეთებ,“ – განაცხადა მან მოგვიანებით.
ვიზუალური კომპოზიციის შექმნისადმი განსაკუთრებული ყურადღების გამო იგი ცნობილია არა მხოლოდ როგორც სურეალისტი, არამედ, ასევე, როგორც 20-იან წლებში აღმოცენებული ფოტოგრაფიული მოძრაობის, „ნიუ ვიჟენის“ ინოვატორი. ეს მოძრაობა ფოტოს ავტორისეული ხედვით შექმნილ სამყაროს ილუმინირებულ ანარეკლად აღიქვამდა. ფლორანს ანრის ადრეულ ასაკში შეხება ჰქონდა კუბისტურ და კონსტრუქტივისტულ მხატვრობასთან, რისი გავლენითაც მის ბევრ ფოტოში სარკეს ვხვდებით, რომელსაც ფოტოგრაფი პერსპექტივის შეცვლისათვის და, ასევე, ორმაგი გამოსახულების მისაღებად იყენებს, რაც სურეალიზმში საკმაოდ გავრცელებული ფორმაა.
მან რეი
მან რეი პარიზში 1921 წელს გადავიდა საცხოვრებლად და ქალაქის დადაისტურ და სურეალისტურ წრეებში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა გახდა. ამერიკელი ხელოვანი გაიცნეს როგორც მისი ფოტოებით, ისე უკამერო ფოტოგრამებით, რომლებსაც იგი ეპონიმიურად „რეიოგრაფებს“ ეძახდა. მის მიერ შექმნილ პორტრეტებზე შევხვდებით, მათ შორის, მილერს, მერეტ ოპენჰეიმს და საკუთარი ქალი ალტერ ეგოსავით, როზ სელავივით ჩაცმულ მარსელ დიუშანს.
რაც შეეხება ფოტოგრამებს – რენტგენის სურათის მსგავს მედიუმს – მათზე რთულად გასარჩევი ყოველდღიური ნივთებია გამოსახული. როგორც მამაკაცების მიერ შექმნილი ბევრი სხვა სურეალისტური ნაწარმოები, რეის ფოტოები ქალის სხეულს აფეტიშებენ. მაგალითად, მის მიერ 1929 წელს გადაღებულ პორტრეტზე, სახელად ქალის შიშველი ფიგურა, გამოსახულია ანონიმი მენატურე ქალი კისრიდან ფეხებამდე, ხოლო მოგვიანებით შექმნილი ფოტო ქალურ სიშიშვლეს სკულპტურად წარმოადგენს, რომელსაც გარშემო ეროტიკულად თოკი აქვს შემოხვეული.
მაურის ტაბარი
სანამ ერთ-ერთი მოწინავე სურეალისტი ფოტოგრაფი გახდებოდა, მაურის ტაბარი 20-იან წლებში ფოტოებს მოდის სამყაროში იღებდა, მათ შორის „ჰარპერს ბაზაარისთვის“ და „ვოგისთვის“. დეკადის ბოლოსკენ და 30-იანი წლების დასაწყისში, როდესაც რეის ეხმარებოდა, იგი სოლარიზაციით, ინფრარედული ფოტოგრაფიითა და ორმაგი ფოტოებით დაინტერესდა. ტაბარი უცნაურ, ხშირად რამდენიმეშრიან ნამუშევრებს ქმნიდა, რომლებიც ფანტაზიის, რეალობის, სილამაზისა და უსწორმასწორობის ნაზავი იყო.
მაგალითად, კომპოზიცია (1929) რამდენიმე ნეგატივს აერთებს შიშველი ქალის, გაშლილი ხელებისა და გაურკვეველი არქიტექტურული სივრცის პალიმფსესტის მისაღებად. ეს გამოსახულება სიზმრისმაგვარი, თითქმის სპირიტუალური მეტამორფოზის განცდას ტოვებს. 1930-იან წლებში გადაღებული სოლარიზებული პორტრეტიც იგივენაირად დამაბნეველია. მასზე, ერთი შეხედვით, თვალი ნაცრისფერის სხვადასხვა ელფერის მქონე მრუდე ხაზებს ხედავს, თუმცა, ახლოდან დაკვირვების შემდეგ ჩანს, რომ ისინი სინამდვილეში სუბიექტის სახის შემადგენელი ნაწილებია.
ჰანს ბელმერი
ჰანს ბელმერს დადაისტ არტისტებთან, მაგალითად, ბერლინში მოღვაწე გეორგ გროსთან ახლო კავშირი ჰქონდა. იგი სურეალისტების რიგებს 1938 წელს შეუერთდა, როდესაც გერმანიაში არსებულ ნაცისტურ ცენზურას პარიზში გაექცა. სავარაუდოდ, ნაწილობრივ სწორედ ანტიავტორიტარული უპატივცემულობის გამოვლინება იყო ის, რომ იგი ახალგაზრდა ქალის სხეულის ფორმების მიმართ თავისი ინტერესის ერთგული დარჩა. მან აღნიშნულს პატივი გროტესკულად მიაგო, როდესაც შექმნა – და შემდეგ ფოტო გადაუღო – თაბაშირით დაფარული დიდი ზომის თოჯინები მისამაგრებელი კიდურებით, რომელთა კომბინირებაც სხვადასხვანაირადაა შესაძლებელი.
ერთ-ერთ შთამბეჭდავ ფოტოზე ორი წყვილი ფეხი, რომლებსაც წვივებამდე წინდები და მერი ჯეინსები აცვია, მათი საზარდულების ზემოთ დამაგრებული ბურთის ფორმის სახსარითაა გაერთიანებული, რითაც ისინი ერთიან, მწერისმაგვარ არსებას ემსგავსებიან. ასეთი სექსუალიზებული ფოტოებით ბელმერმა ფიტულის ან მანეკენის სურეალისტური მოტივი ახალ სიმაღლეებზე აიყვანა, რა დროსაც ტაბუირებული სექსუალური წადილი ეროტიკული, მაგრამ დისკომფორტის მომგვრელი, ძლიერ დრამატული კომპოზიციებით მიმოიხილა. მოგვიანებით, თითქმის 1975 წელს მის გარდაცვალებამდე, ბელმერმა მხატვრობას მიჰყო ხელი, რათა ამოზნექილი ფორმების სექსუალური აქტები გამოესახა. მან ერთხელ განმარტა, რომ მისი მიზანი „ახალი წადილის შექმნა“ იყო.
რენე მაგრიტი
ბელგიელი ხელოვანი რენე მაგრიტი ძირითადად დამაფიქრებელი ნახატებითაა ცნობილი, მაგრამ, როგორც ნიუ-იორკის ბრიუს სილვერსთინის გალერიაში ახლახან გამართული გამოფენითაც გამოჩნდა, ის, ასევე, მნიშვნელოვანი ფოტოგრაფი იყო. მაგრიტის ფოტონამუშევრები მის სიცოცხლეში არასოდეს გამოფენილა. ისინი მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან (1967 წელი) ათი წლის შემდეგ აღმოაჩინეს. მათ შორის იყო საოჯახო ფოტოები, ბრიუსელში მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი კადრები და ნამუშევრები, რომლებზედაც იგი თავის სურეალისტ მეგობრებთან ერთად პოზიორობდა.
ამ უკანასკნელ კატეგორიაში არსებულ ფოტოებზე მაგრიტი კომპოზიციურ ექსპერიმენტებს ატარებდა, რაც მოგვიანებით მის ახლა უკვე კარგად ცნობილ ნახატებში გადაითარგმნა. ამის კარგი მაგალითია სუბიექტები, რომლებიც სახის წინ სხვადასხვა ნივთებს იფარებენ, ან მაყურებელს ზურგს აქცევენ. როგორც რენე მაგრიტმა ერთხელ ხილვადი სამყაროს აღქმასთან დაკავშირებით განაცხადა, „ყველაფერი, რასაც ჩვენ ვხედავთ, მის უკან რაღაც სხვას მალავს“.
ავტორი: რეიჩელ ლებოვიცი
წყარო: artsy.net