fbpx

რაგბის ტალღაზე: “ეეე… ბონუსი როგორ ვერ ავიღეთ”


გააზიარე სტატია

ავტორი: ალექს ჩიქოვანი


გუშინდელ თამაშზე საუბარი, ჩემი აზრით, სამხრეთ აფრიკასთან თამაშით უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა, უფრო შორიდანაც შეგვიძლია დაწყება: გზა, რომელიც ქართულმა რაგბიმ გაიარა – შრომის, თავდადების და სიყვარულის – მართლაც შთამბეჭდავია, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს.

 

რაგბის უბრალო ქომაგს შეიძლება ვერ შეემჩნია, მაგრამ ჩვენს ბიჭებს აფრიკელებთან თამაშისას “კოჭებში” ეტყობოდათ, რომ მსოფლიო თასზე უბრალოდ ბევრის გასამწარებლად კი არ არიან ჩასულები, ან საომრად და ემოციების გადმოსაფრქვევად, არამედ კონკრეტული გეგმებითა და დღის წესრიგით, აღსრულების სტრატეგიითა და ტაქტიკით.

 

წლევანდელი ფორმაციის საქართველოს ოცწლამდელთა ნაკრები ალბათ ყველაზე  გამართულია, რაც აქამდე გვყოლია. მეტსაც გეტყვით, ალბათ ყველაზე გამართული ნაკრებია, დიდებიან-პატარებიანად რომ ავიღოთ. ვინმემ ისე არ გაიგოს, რომ მე წინა ფორმაციებზე აუგს ვამბობ ან ვინმესთან პრეტენზია მაქვს, არავითარ შემთხვევაში, პირიქით – სწორედ წინა თაობების გამოცდილების ხარჯზე მივიდა გუნდი ამ შედეგამდე. მაგრამ, წლევანდელ გუნდს ყველაზე მეტად ეტყობა ის, რაც აქვთ გრანდებს. შესაშური ორგანიზებულობა, გეგმა, მისი აღსრულების სტრატეგია და ტაქტიკა, დისციპლინა, გეგმის მიყოლა და რაც მთავარია, სიმშვიდე და თავდაჯერებულობა. სისტემა მუშაობს, სისტემა უკეთესად ამუშავდა! ყველა თავის საქმეს აკეთებს, რაგბის კავშირი თავისას, სამწვრთნელო შტაბი თავისას, ბიჭები კი თავისას.

 

ეს აღარ არის მხოლოდ გულიანი და ჯიგრიანი ბიჭების ნაკრები, არამედ, ვიმეორებ, გამართული გუნდია! ანთებული თვალებით, ცრემლებამდე მისული ემოციით, მაგრამ თ ა ვ დ ა ჯ ე რ ე ბ უ ლ ი, მშვიდი და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ – კონკრეტული გეგმის მქონე და ამ გეგმის მიმყოლი გუნდი.

 

ირლანდიასთან თამაშისას ბიჭებმა ზუსტად იცოდნენ, როდის რა უნდა გაეკეთებინათ, წყნარად და მშვიდად, მაგრამ საოცარი თავდადებით! ჩვენთვის ირლანდიის არცერთი სვლა არ ყოფილა სიურპრიზი,  ყველა ირლანდიულ სვლაზე კონკრეტული ქართული სვლა არსებობდა და სრულდებოდა კიდეც.

 

ჩვენი გუნდი საოცარი “შეიარაღებული” გავიდა მოედანზე და შედეგიც დადო. ვინმემ შეიძლება ეს ბიჭების ჯანში უპირატესობას მიაწეროს, მართლაც ჩვენი ბიჭები ორთაბრძოლებში ისეთ დღეში აგდებდნენ ირლანდიელებს, რომ რამდენიმეჯერ თვალებიც დავხუჭე, ისეთი ძვლების ჭახუნი გაისმა მოედანზე. მაგრამ ამ გამარჯვებაში უდიდესი წილი ჭკუასა და გონებას, ინტელექტს ეკუთვნის, იმ ინტელექტს, რომლითაც ეს გუნდი მომზადდა, იმ ინტელექტს, რომლითაც ეს მომზადება დაიგეგმა და აღსრულდა, იმ ინტელექტს, რომლითაც კონკრეტული თამაშები იმართება და ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის კონდიციები კონტროლდება.

ქართულ გუნდს – დაწყებული მენტალური,  დამთავრებული ფიზიკური მომზადებით – აშკარად ეტყობოდა დაბალასებული მზაობა. სხვანაირად გამორიცხული იყო გვეჩვენებინა იმ ხარისხის რაგბი, რაც გუშინ ბიჭებმა ირლანდიასთან ანახვეს. დიახ, უმაღლესი ხარისხის რაგბი, დაცვიან-შეტევიანად, დისციპლინიან-კომუნიკაციანად. ძალიან ბევრი მინდა ვთქვა სამწვრთნელო შტაბზე, ილო მაისურაძის მეთაურობით რომ ირჯება ქართული რაგბის საკეთილდღეოდ, მაგრამ ჩემი სამწერლო ნიჭი ამდენის საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ მოკლედ ვიტყვი – ქედი მომიხრია ძმებო, ბრავო!

 

იმ ხარისხის თამაში,  რაც ჯეელმა ბორჯღალოსნებმა აჩვენეს, ის გზაა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს რაგბის ელიტაში და დაგვეხმარება იქ ადგილის დამკვიდრებაში. არ ვიცი რამდენად მკაფიოდ გადმოვეცი გუშინ მომხდარი დიდი ამბის მნიშვნელობა, ჭკუისა და გონების მნიშვნელობა, მაგრამ ყველამ მინდა გაიგოს, რომ ქართველებსაც შეუძლიათ დაგეგმილად, ორგანიზებულად, გრძელ ვადაში, სტაბილურად იარონ მიზნისაკენ და ყოველი გადადგმული ნაბიჯი იყოს პროგრესი. გუშინ ამ პროგრესის გზაზე მოხდა გარღვევა, ერთი დიდი ნახტომი, რომელიც ტირილამდე სასიხარულოა, მაგრამ ამავდროულად, ძალიან, ძალიან გვირთულებს საქმეს. დღეიდან ქართულ რაგბის ამ შედეგის მიხედვით შეაფასებენ. ეს არის დიდი გამოწვევა, რომელიც ისევ, და უკვე ტრადიციულად, ღირსეულად უნდა მივიღოთ.

ზემოთ სისტემა ვახსენე – დიახ, ეს სისტემა არსებობს და ეს სისტემა მუშაობს, ქართული სისტემა და ამ სისტემაში არიან თავდადებული ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და დიდ გარღვევებს, პატარ-პატარა გარღვევები, პატარ-პატარა პროგრესები უძღვის წინ და ამიტომ არ ჩქარობენ, როგორც იტყვიან, სული არ მისდით და არარეალურ მიზნებს არ სახავენ.

ამ სტატიის დასასრულისკენ სვლას ისევ სამხრეთ აფრიკით დავიწყებ და პრეტენზიულ ქომაგებს ვეტყვი: ჩემო ძვირფასებო,  სამხრეთ აფრიკასთან შესანიშნავად ვითამაშეთ და ბონუს ქულაც ავიღეთ, ეს ირლანდიის თამაშისთვის დაგეგმილი მზადება იყო, ვერ მოვიგეთ, იმიტომ რომ ჯერ ადრეა, ყველაფერს თავის დრო აქვს. საფრანგეთის ნაკრებთანაც მშვენივრად გაისარჯნენ ბიჭები, ფრანგებს ბონუსი არ გაატანეს და უსერიოზულესი წინააღმდეგობაც გაუწიეს.

ესეც ირლანდიის თამაშისთვის მზადება იყო, ირლანდიას მოვუგეთ, სამი ლელო გავიტანეთ, ერთი დაგვაკლდა, ბონუსი რომ აგვეღო, მაგრამ ეს ეეეეეეეე კი არ არის, არამედ უდიდესი შედეგია, რომელიც შორს იყურება. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა, მაგრამ არ გამოვიდა, და ეს ეეეეეეე არ არის.

ეს არის ის, რომ 2018 წლის 7 ივნისს საქართველოს რაგბი  ოცწლამდელთა მსოფლიო თასზე სულ სხვა სახით წარდგა, ეს არის უდიდესი შრომის შედეგი –  აი, ერთ მშვენიერ დღეს ამ ყველაფერმა იხეთქა და წარმოჩინდა ისე, როგორც ეს გუშინ ვნახეთ.

ახლა ამოცანა ამ ელიტურ 12-ეულში დარჩენა და რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა.

მჯერა, რომ ეს აუცილებლად მოხდება და საქართველო ზედიზედ მეოთხედაც ითამაშებს მორიგ მსოფლიო თასზე. აი მერე კი… თუმცა ყველაფერს თავის დრო აქვს, ამიტომ მერესი მერე ვთქვათ. მიაწვააააააააააა!!!


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.